2
საკონსტიტუციო სასამართლოს იმ პარტიის აკრძალვა შეეძლება, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებული მიზნის, საქმიანობის არსისა და პერსონალური შემადგენლობის იდენტური იქნება.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონებში მომზადებული ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.
“წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება შესაძლებლობა განახორციელოს ეფექტიანი საკონსტიტუციო კონტროლი პოლიტიკური პარტიებზე, რომელთა მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. შესაბამისად, იმ პირებს, რომლებსაც აქვთ სურვილი კვლავ ზემოაღნიშნული პარტიების არსებითად მსგავსი ახალი პარტიები დააფუძნონ და კვლავ განაგრძონ არაკონსტიტუციური საქმიანობა, სასამართლო წესით აეკრძალებათ ასეთი ფიქციური პარტიების მეშვეობით მოქმედება.” – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
არსებული კანონით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია, პარტია აკრძალოს, რომლის მიზანია კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.
ასევე, პარტიის საქმიანობა შეიძლება რეორგანიზაციის ან თვითლიკვიდაციის საფუძველზე შეწყდეს, თუმცა პარტიის აკრძალვის ან თვითლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება სახელმწიფო ხაზინას გადაეცემა.(ბიემჯი)