15
ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე:
,,მოდით ლოგიკურად, ნაბიჯ-ნაბიჯ გავერკვიოთ იმაში, თუ რა ხდება.
ივანიშვილის რეჟიმი ყოველდღიურ რეჟიმში ამტკიცებს, რომ სწორედ ივანიშვილის დამსახურებაა ქვეყანაში მშვიდობის არსებობა.
კარგი. დავიჯერეთ. თუმცა შეკითხვების დასმა მაინც შეგვიძლია. მაინც ადამიანები ვართ.
მშვიდობა იმიტომ არის, რომ ივანიშვილს ასე უნდა? მხოლოდ მისი ნება წყვეტს? სხვა ქვეყნებს უბრალოდ არ უნდათ მშვიდობა? მხოლოდ მშვიდობა მიიღწევა შიშველი ნებით, თუ სხვა რამესაც შეიძლება ასე ხელი გამოვკრათ? მაგალითად, კეთილდღეობა? ტერიტორიების დაბრუნება? ჯანმრთელობა?
აჰ, ანუ ამ ყველაფრისთვის რაღაც ძალისხმევაა საჭირო და მხოლოდ მშვიდობისთვის არა? ეს ხომ აბსურდია?
ამიტომ დასკვნა: ქვეყანაში “მშვიდობა” იმიტომ კი არ არის, რომ უბრალოდ ივანიშვილს ასე უნდა, არამედ იმიტომ, რომ ის მის მისაღწევად რაღაც ძალისხმევას წევს.
ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური დასკვნა და მასში ეჭვის შეტანა არ შეიძლება.
ახლა ეს შეკითხვა დავსვათ: რა ძალისხმევას წევს ივანიშვილი, ქვეყანაში “მშვიდობის” შესანარჩუნებლად?
ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემას მშვიდობის არსი უნდა ვიცოდეთ. კერძოდ, როგორ არის მშვიდობის მიღწევა საერთოდ შესაძლებელი. ამის სამი გზა არსებობს: 1. დიდი ძალის ფლობა; 2. დიდი ძალის მქონე მოკავშირის ყოლა; 3. ვინმეს დაქვემდებარებაში/მორჩილებაში/შემადგენლობაში ყოფნა;
სხვა ვარიანტი უბრალოდ არ არსებობს. (შვეიცარია ძალიან სპეციფიური შემთხვევაა და მისი აქ მოტანა უაზრობაა. მით უფრო საქართველოზე მსჯელობისას)
ცალსახაა, რომ ივანიშვილის პირობებში ქართული ჯარი არ გაძლიერებულა და არც ძლიერი მოკავშირეები გაგვიჩენია. პირიქით: ჯარის ხსენებაც არ არის ქვეყანაში, ვინც კი იბრძოლა ყველა უაზროდ შეწირულად არის გამოცხადებული, გმირები გაუფასურებულია, ხოლო მოკავშირეები არა თუ შევიძინეთ, არამედ პირიქით – ვინც გვყავდა ყველა დავკარგეთ.
ლოგიკურად დარჩა ბოლო ვარიანტი: ივანიშვილი “მშვიდობას” ინარჩუნებს იმის მორჩილებით, ვისგანაც საფრთხე შეიძლება მოდიოდეს. ჩვენს შემთხვევაში ასეთია რუსეთი, რომელიც დღევანდელი საქართველოს მტერია, რამდენადაც მისი ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და ირანი, რომლის პოლიტიკური მოწყობა და იდეოლოგია უპირისპირდება ქართველების მიერ არჩეულ ცივილიზაციურ გეზს – ლიბერალურ დემოკრატიასა და რესპუბლიკურ მმართველობას.
რაში ჩანს ეს მორჩილება?
ყველაფერში.
დავუპირისპირდით ყველას, ვინც რუსეთზე ცუდს ამბობს რამეს; ქართული ეკონომიკა მთლიანად რუსულ ბაზარზე გადმოვაწყვეთ; რუსი ტურისტი საკრალურ არსებად ვაქციეთ; განათლების სისტემა ჩავხსენით დასავლური სივრცისგან და შუა აზიას, ახლო აღმოსავლეთს და ჩინეთს ჩამოვკიდეთ; სანაცვლოდ, ქართველ მოსწავლეებსა და სტუდენტებს რუსულ გაცვლით პროგრამებში ვამონაწილევებთ… კიდევ ათასი წვრილი თუ მსხვილი მსგავსი ბოროტება აქვს გაკეთებული რეჟიმს, თუმცა ერთ-ერთი ცენტრალური მაინც ისტორიის გადაწერაა.
ერეკლე რუსოფილად გამოიყვანეს; რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსია ღვთის მადლად; 9 აპრილის გმირები შეცდომაში შეყვანილ ადამიანებად; აფხაზეთისა და სამაშაბლოს ომები დასავლეთის მიერ დაგეგმილ პროვოკაციად; აგვისტოს ომის გმირები, რეჟიმის დამცველებად და ა.შ.
ამოცანა მარტივია: თუ დღეს მტერთან გინდა საქმის დაჭერა, ის მტრად არ უნდა იყოს წარმოჩენილი, არც ახლა და არც წარსულში. ასე ბევრად უფრო მარტივად მოახერხებ ახალი პოლიტიკის შენი “მხარდამჭერებისთვის”(დამორჩილებული ხალხისთვის, იგივე მონებისთვის) თავს მოხვევას.
ოღონდ… ძალიან ბევრი ოღონდ. და ამის შესახებ აი უკრაინაში პირველი გასროლის შემდეგ ვლაპარაკობთ და რეჟიმი მაინც თავისას მიერეკება: გინოდეს რომ საქართველოში ყველაზე ერთგულ, კეთილისმსურველ, მზრუნველ პარტნიორებად გამოიყვანო ერთდროულად რუსეთი და და ირანი, არის სრული სიგიჟე. სრული. ყველა ქართველს შეიძლება გულთან ახლოს არ მიაქვს რუსეთის მიერ წარსულში და აწმყოში ჩადენილი დანაშაულები(ვაი მაგათ პატრონს) და ყველა ქართველს გულთან ახლოს არ მიაქვს სპარსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულები, მაგრამ მონახო ადამიანი, რომელსაც ერთდროულად არცერთი არ მიაქვს გულთან ახლოს და არც მეორე, ძალიან გაგიჭირდება.
მაინც დაიწყეს ივანიშვილის წარმომადგენლებმა ეს თამაში. და რა მიიღეს?
შეხედა ირანმა რა პოლიტიკა აქვს რუსეთს, როგორ ავერბოვკებს ხალხს, როგორ დაათრევენ რეჟიმის პროპაგანდისტები ნაგვის ყუთიდან ამოღებულ რუსეთის იმპერატორის პორტრეტს გადაცემებში და როგორ კიდებენ მუზეუმებში… ხოდა თქვეს, ისინი თუ წერენ ახალ ისტორიას, ჩვენც რომ გადავწეროთ რა მოხდებაო. ხოდა ქეთევან წამებულის შესახებ ალტერნატიული ისტორიის შემოთავაზება დაგვიანონსეს.
შედეგი ხომ ნახეთ? საპატრიარქოდან დაწყებული, რიგითი ქოცით დამთავრებული ყველას ტვინში სისხლი ჩაექცა. ერთადერთი ვინც თქვა, მერე რა, ხომ შეიძლება ახლებურად შევხედოთ ისტორიასო, ანუ ვინც ქოცების სურვილი გააჟღერა, ქოცების ერთი ტროლია, რომლის მიღმაც ისეთი სამარცხვინო ადამიანი დგას, რომლის ხალხში გამოჩენა ქოცებსაც კი რცხვენიათ.
ხოდა ახლა რას აპირებს რეჟიმი? როგორ არ მისცემს ირანს იმის უფლებას, რისი უფლებაც რუსეთს მისცა? როგორ გადაიმტერებს ახლადშეძენილ პარტნიორს? რა ლოგიკით არ გადაიხდის “მშვიდობის” ფასს ირანთან, თუკი რუსეთთან უკვე გადაიხადა? რა, ირანი ნაკლები საფრთხე შეიძლება იყოს? დრონები არ აქვს? არ გაბრაზდა ყველაზე ვინც ამერიკულ სანქციებს შეუერთდა? არ განაცხადა, ყველას მოგხედავთ, ვისაც ამერიკის საელჩო გაქვთ რეგიონშიო? არ თქვა, თუ ჩვენ არ ვიფრენთ, სხვაც ვერავინ იფრენსო?
ესეც შენი “სუვერენიტეტი”, “მშვიდობა” და ყველასთან “ორ ფეხზე” დგომა. სინამდვილეში მხოლოდ იმასთან ბაქიბუქობენ, ვისგანაც არანაირი საფრთხე არ მოდის, ხოლო ვისგანაც თავს უნდა ვიცავდეთ, მასთან ფეხებში არიან ჩავარდნილები და ყველა სიბინძურეს აიტანენ, ოღონდ კი ძალაუფლების ბერკეტები შეინარჩინონ.
ეეჰ. ესენი ძალაუფლებას მაინც ინარჩუნებენ და შესაბამისად ყოველდღიურად მილიონობით შენს/ჩვენს ფულს იპარავენ… აი შენ რა ხეირი გაქვს მთელი ამ ორომტრიალიდან, ისევ ჯიუტად რომ უჭერ მხარს ყველაზე მხდალ, ყველაზე გაიძვერა, ყველაზე მოღალატე და ყველაზე ხარბ ხალხს, ვინც კი ოდესმე ქვეყნის სათავეში ყოფილა? რას იგებ?“
საერთაშიროსო alia.ge