პოლიტოლოგი, ზურაბ ბატიაშვილი:
რა ხდება ისრაელ-ირანის დაპირისპირებაში ამ მომენტისთვის მოკლედ?
– რეალურად ეს არის სერიოზული ომი (მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ომი ჯერ არ გამოცხადებულა) ჩვენ რეგიონში, რომელიც ადვილად და მალე ვერ დასრულდება (საბრძოლო მოქმედებები ამ მომენტისთვისაც გრძელდება);
– ისრაელს მიაჩნია, რომ დღევადელი ირანი ახლოსაა ბირთვული ბომბის შექმნასთან, რაც მისთვის ეგზისტენციურ საფრთხეს წარმოადგენს. ამიტომ ისრაელი წავიდა კიდეც ბოლომდე გამწვავებაზე;
– ისრაელმა დღეს დილით მიზანმიმართულად დაიწყო ირანის სამხედრო (მათ შორის, ბირთვული, სარაკეტო და სამეთაურო რგოლის) პოტენციალის განადგურება საჰაერო შეტევების გზით. თუმცა, მიწაში ღრმად დამალული ბირთული ობიექტების განადგურება ადვილი საქმე არ იქნება ისრაელისთვის;
– ცხადია, რომ დაზვერვისა და სამხედრო-საჰაერო ძალების (F-35-ები და მოდერნიზებული F-16-ები) თვალსაზრისით, ისრაელს უპირატესობა გააჩნია. თუმცა, ირანი ტერიტორიულად ძალიან დიდი ქვეყანაა და ათასობით რაკეტა აქვს გადამალული სხვადასხვა დაცულ ადგილებში, რაც პირველი შოკიდან გამოსვლის შემდეგ შეიძლება გაუშვას ისრაელის მიმართულებით (დრონები გაუშვა, მაგრამ ისინი ჰაერში გააუვნებელყვეს);
– ისრაელმა ამ და წინა დაბომბვებისას გაანადგურა ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემების (რომელიც ძირითადად რუსული იყო) დიდი უმრავლესობა, რითაც მას ხელ-ფეხი გაეხსნა ირანის საჰაერო სივრცეში შემდგომ დღეებში ოპერაციების ჩასატარებლად;
– ამიტომ ის მაქსიმალურად შეეცდება ამ უპირატესობის გამოყენებას საკუთარი მიზნების მიღწევის მიზნით. ხოლო ირანის წინააღმდეგობის შემთხვევაში გამორიცხული არაა, ისეთი ობიექტებიც დაბომბოს, რაც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ირანის ეკონომიკის ფუნქციონირებას (მაგალითად დაბომბოს ირანის ბუნებრივი აირისა და ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნები და ინფრასტრუქტურა, რაზეც დგას კიდეც ამ ქვეყნის ეკონომიკა);
– ცხადია, რომ დიდი სახმელეთო ოპერაცია არ იქნება. ამის თავი არც ისრაელს აქვს და არც აშშ-ს. სრული სიგიჟე იქნებოდა ამაზე ფიქრიც კი;
– ამიტომ იგივე ისრაელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორი იქნება ირანის მოსახლეობის რეაქცია ამ ყველაფერზე. გამოვლენ ისინი ხელისუფლების წინააღმდეგ თუ პირიქით, მოხდება მათი კონსოლიდაცია ხელისუფლების გარშემო “გარე მტრის” წინააღმდეგ. დღეს ამაზე ზუსტი პასუხი არავის აქვს. ამიტომ ეს საკითხი (ისევე როგორც ბევრი სხვა რამ ამ კონფლიქტში) ჯერ კიდევ გაურკვეველია;
– ამ ეტაპისთვის ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე გაიზარდა და მისი შემდეგომი ბედიც დიდწილად იქნება დამოკიდებული ისრაელ-ირანის კონფლიქტის მიმდინარეობაზე;
– ეს კონფლიქტი ჩვენ ჯერჯერობით პირდაპირ არ გვეხება. მაგრამ ამ შემთხვევაშიც ბევრი გაურკვევლობაა. მაგალითად, თუ კონფლიქტი (ომი) დიდხანს გაგრძელდა და ირანის ეკონომიკა ჩამოიშალა (სადაც ისედაც უამრავი პრობლემაა ომის გარეშეც), ამან შეიძლება გამოიწვიოს მიგრაციების სერიოზული ტალღების წარმოქმნა სხვადასხვა მიმართულებით (ირანის მოსახლეობა კი 92 მილიონია);
– საერთო ჯამში, ყველაფერი ახლა იწყება, რასაც თავისი გაგრძელება ექნება.