რა ხდება ჩინეთში: რას წარმოადგენს HMPV და რამდენად საშიში ვირუსია?

1 day ago 1

ჩინეთის რამდენიმე რეგიონში ადამიანის მეტაპნევმოვირუსის (HMPV) გავრცელების შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იმატა. ეს ინფორმაცია შეშფოთებას იწვევს საზოგადოებაში, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ზუსტად ხუთი წლის წინ სწორედ ამ რეგიონიდან გავრცელდა ახალი კორონავირუსი. თუმცა, რამდენად საფრთხისშემცველია რეალურად ეს ვირუსი და მიმდინარე ეპიდაფეთქება?


ზურაბ ალხანიშვილი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტი, საქართველოს გაეროს ასოციაცია


რას წარმოადგენს HMPV?

ადამიანის მეტაპნევმოვირუსი, იგივე HMPV არის რესპირატორული (სასუნთქი სისტემის) ვირუსი, რომელიც იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა: ხველა, ცხელება, სურდო, სუნთქვის გაძნელება.

უმეტეს ადამიანში ინფექცია იწვევს მსუბუქ სიმპტომებს და ჰგავს ჩვეულებრივ გაციებას. თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, განსაკუთრებით პატარა ბავშვებში, ხანდაზმულებსა და იმუნოკომპრომეტირებულ (დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე) პირებში, HMPV-ს შეუძლია გამოიწვიოს მძიმე ბრონქიოლიტი და პნევმონია (ფილტვების ანთება).

HMPV ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი გზით და უშუალო კონტაქტით ინფიცირებულ ადამიანებთან. ვირუსის საწინააღმდეგო სპეციფიკური სამკურნალო საშუალება არ არსებობს, არც მისი წინააღმდეგო ვაქცინა გვაქვს, თუმცა რამდენიმე კვლევითი ჯგუფი მუშაობს მის შემუშავებაზე. ზოგი მათგანი ამზადებს ერთობლივ ვაქცინას HMPV-ისა და მისი მსგავსი რესპირატორული სინციტიური ვირუსის (RSV) წინააღმდეგაც.

ვირუსის გავრცელებისას მედიასაშუალებები ხშირად იყენებენ ტერმინებს: ახალი ვირუსი, უცნობი ვირუსი და სხვ. რაც, მარტივად რომ ვთქვათ, ტყუილია. HMPV პირველად აღმოაჩინეს 2001 წელს ნიდერლანდებში, როცა ვირუსი გამოავლინეს 28 ბავშვში, რომლებიც ინფიცირებული იყვნენ სასუნთქი გზების დაავადებებით. შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, რომ ნიდერლანდებში ბავშვების უდიდესი ნაწილი 5 წლის ასაკამდე ავადდებოდა HMPV ინფექციით, რაც ნიშნავს, რომ ვირუსი ათწლეულებია ცირკულირებს ადამიანებში.

კვლევებით დადგინდა, რომ HMPV ადამიანს მინიმუმ 50 წელია აინფიცირებს. ის არ არის არც ახალი და არც უცნობი ვირუსი.

2025 წლის 6 იანვარს საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა: “ცირკულირებს გრიპის სხვა ტიპისა და პარაგრიპის, რინო, ადენო, რესპირაციულ სინციტიური ვირუსი და სხვა გამომწვევები (მ.შ. იშვიათად – ადამიანის მეტაპნევმოვირუსიც, რომლის შემთხვევები ყოველწლიურად აღირიცხება) და მათი გავრცელება ტიპურია მიმდინარე სეზონისთვის.”

ამ განცხადებითაც ნათელია, რომ HMPV წელსაც ცირკულირებს საქართველოში, გასული წლების მსგავსად. მაგალითად, 2022-2023 წლის რესპირატორული ინფექციების სტატისტიკურ ცნობარში, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზეა განთავსებული, აღრიცხულია HMPV-ის გავრცელების მაჩვენებელიც, რომელიც 1%-ს შეადგენდა.

რატომ გახდა HMPV საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი?

ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, ბოლო პერიოდში HMPV შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იმატა, განსაკუთრებით ბავშვებში. შემთხვევების ზრდა 14 წლამდე ასაკის ბავშვებში დაფიქსირდა, გაიზარდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც. Newsweek იუწყება, ვირუსი გახდა ბავშვებში რესპირატორული ინფექციების მეორე ყველაზე ხშირი მიზეზი, გრიპის შემდეგ, თუმცა უფრო ხშირია, ვიდრე COVID-19, რინოვირუსი და ადენოვირუსი (რინოვირუსი და ადენოვირუსი ე.წ. გაციების გამომწვევი ვირუსებია).

“ჩინეთში ამჟამად აღინიშნება HMPV-ის დიდი აფეთქება. თუმცა, ეს არ უნდა გახდეს ახალი პანდემიის შიშის საფუძველი,” — აცხადებს სანჯაია სენანაიაკე, ინფექციურ დაავადებებში სპეციალისტი და ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის მედიცინის ასოცირებული პროფესორი. სენანაიაკეს თქმით: “როგორც მრავალი რესპირატორული ვირუსი, HMPV-საც აქვს სეზონური პიკი, რაც ძირითადად გვიან ზამთარში და ადრე გაზაფხულზე ხდება.”

პროფესორი ხაზს უსვამს, რომ ჩინეთში ახლა HMPV-ის რთული სეზონი მიმდინარეობს, რაც შეიძლება განპირობებული იყოს ვირუსის ცირკულაციითა და მოსახლეობის ქცევითი ფაქტორებით, მაგალითად, ზოგჯერ გრიპის რომელიმე სეზონი გაცილებით მძიმეა ხოლმე, HMPV-ის შემთხვევებიც შესაძლოა მსგავს სცენარს მიჰყვებოდეს.

ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ჩინეთში HMPV-ის შემთხვევების ზრდა შესაძლოა ნაწილობრივ უკავშირდებოდეს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებულ ზედამხედველობას. COVID-19-ის პანდემიის შემდეგ, ჩინეთმა გააძლიერა ახალი რესპირატორული დაავადებების მონიტორინგი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბევრი შემთხვევა, რომელიც ადრე შეუმჩნეველი რჩებოდა, ახლა უფრო მარტივად იკვეთება, სტატისტიკური მონაცემების შეგროვება კი გაუმჯობესდა.

არის თუ არა HMPV COVID-19-ის მსგავსი?

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ HMPV COVID-19-ის მსგავსად სახიფათო არ არის. საზოგადოებას უკვე აქვს ვირუსის წინააღმდეგ ნაწილობრივი იმუნიტეტი. ამჟამინდელი სიტუაცია ხასიათდება სეზონური რესპირატორული დაავადებების მატებით. შედარებისთვის, HMPV გაცილებით ნაკლებად ხდება პნევმონიის (ფილტვების ანთების) მიზეზი გრიპთან და Covid-19-თან შედარებით.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ HMPV-ის შემთხვევა  განსხვავდება COVID-19-ის შემთხვევისგან, რომელიც სრულებით ახალი პათოგენი იყო ადამიანებისთვის და პირველად 2019 წელს გავრცელდა. ახალი პათოგენები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემისთვის საშიშია, რადგან როგორც წესი, ისინი იწვევენ ახალ პანდემიებს. HMPV კი დიდი ხანია გავრცელებულია ბავშვებში და ერთ-ერთი ხშირი მიზეზია ჩვეულებრივი გაციების მსგავსი დაავადებების. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ვირუსი ზოგჯერ ქვედა სასუნთქი გზებში “რთულდება” და ჰოსპიტალიზაციის მიზეზი ხდება, რაც განასხვავებს მას გაციების გამომწვევი სხვა პათოგენებისგან.

რა უნდა ვიცოდეთ პრევენციისთვის?

ადამიანის მეტაპნევმოვირუსის პრევენციის ბაზისური რეკომენდაციები არ განსხვავდება სხვა რესპირატორული ინფექციებისგან თავის დაცვის საშუალებებისგან, როგორცაა მაგ. ხელების ხშირი დაბანა, ინფიცირებულ პირებთან კონტაქტის თავიდან აცილება, ნიღბის გამოყენება ხალხმრავალ ადგილებში და სხვ.

ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები

მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი სიტუაცია საგანგაშო არ არის, ეპიდემიოლოგები მოუწოდებენ ჩინეთს და სხვა ქვეყნებს, იყვნენ მაქსიმალურად გამჭვირვალეები და დროულად გააზიარონ ინფორმაცია. რატომაა ეს მნიშვნელოვანი? ისევ პროფესორ სენანაიაკეს რომ მივუბრუნდეთ, მან განცხადა:

“აუცილებელია, რომ ჩინეთმა დროულად გაასაჯაროვოს ინფორმაცია ამ აფეთქების შესახებ. ამაში შედის: ეპიდემიოლოგიური მონაცემები ინფიცირებულთა ასაკობრივი და გეოგრაფიული განაწილების შესახებ, ასევე გენომური მონაცემები, რათა დავრწმუნდეთ, რომ HMPV ნამდვილად არის ინფექციის გამომწვევი და ვირუსში არ შეინიშნება მნიშვნელოვანი მუტაციები.”

გენომური მონაცემები, რომელიც პროფესორმა ახსენა, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, ვინაიდან HMPV არის ერთჯაჭვიანი რნმ ვირუსი, რომელიც ეკუთვნის Pneumoviridae ოჯახის ვირუსებს. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც რნმ ვირუსებს, მათ შორის HMPV-ს, აქვთ მუტაციის ტენდენცია, რაც იწვევს გენეტიკურ ცვალებადობას (წარმოქმნიან ახალ შტამებს, უფრო ადვილად აინფიცირებენ ადამიანებს განმეორებით).

ამ ეტაპზე მთავარ კითხვას ის წარმოადგენს, განიცადა თუ არა ვირუსმა ისეთი ტიპის მუტაცია, რომელიც მას ახალ ხასიათს შესძენდა — მაგალითად, უფრო ადვილად გადამდებს გახდიდა ან უფრო მძიმე მიმდინარეობით გამოირჩეოდა. ასეთი მუტაციის ალბათობა დაბალია, ვინაიდან HMPV-ს მკვეთრად გამოხატული მუტაციის მაჩვენებელი არა აქვს სხვა რნმ ვირუსებთან შედარებით. კვლევებმა აჩვენა, რომ HMPV-ს (F) ცილა ათწლეულების განმავლობაში მეტ-ნაკლებად სტაბილურად რჩება, ნაკლებად განიცდის ცვლილებებს.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, არსებული მონაცემები საფრთხეზე არ მიუთითებს. არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია განიხილავს HMPV-ს, როგორც გლობალურ საფრთხეს.

სრულად წაკითხვა