რადიო თავისუფლება: ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში მიგრანტების უკანონო შეყვანის სავარაუდო ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

1 week ago 26

ბოსნიასა და ჰერცეგოვინას სასაზღვრო პოლიციამ 15 ივლისს, ქვეყნის დასავლეთით, ხორვატიასთან, კამენსკოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან ახლოს, უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქის უკანონოდ შეყვანის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა, იტყობინება რადიო თავისუფლების ბალკანური სამსახური 16 ივლისს.

ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით, გამოცემა იტყობინება, რომ ავტომობილში მყოფ ოთხ უცხოელს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ ჰქონდა, თუმცა განაცხადეს, რომ ისინი ბანგლადეშიდან და პაკისტანიდან იყვნენ, ხოლო მეხუთე თურქეთის მოქალაქე იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი საქართველოს ორ მოქალაქესთან ერთად იპოვეს, რომლებმაც, სავარაუდოდ, ისინი ქვეყანაში არალეგალურად შეიყვანეს, გერმანული სანომრე ნიშნებიანი ავტომობილით.

ბოსნიასა და ჰერცეგოვინას სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, მიგრანტების კონტრაბანდა 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. რადიო თავისუფლების ბალკანურმა სამსახურმა აღნიშნა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები სულ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქვეყნის გავლით მიგრანტების უკანონოდ შემოყვანაში. ხელისუფლებამ ადრე მსგავსი ბრალდებით თურქეთის, ეგვიპტის, მოლდოვას, უკრაინის, ბულგარეთის და ავღანეთის მოქალაქეები დააკავა.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა