რადიო თავისუფლების პროდიუსერი ორდღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს

2 weeks ago 13

ორდღიანი პატიმრობის შემდეგ, რადიო თავისუფლების პროდიუსერი ბექა ბერაძე, რომელიც პრო-ევროპულ საპროტესტო დემონსტრაციაზე დააკავეს და სცემეს, სამ დეკემბერს, დილის ოთხ საათზე გამოუშვეს საპატიმროდან.

იგი პირველი დეკემბერს, გამთენიისას, თბილისიდან საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

თავდაპირველად მას ედავებოდნენ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას, თუმცა საბოლოოდ მისი საქმე სასამართლოში არ გადაიგზავნა და 48 საათის გასვლის შემდეგ, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე გამოუშვეს იზოლატორიდან.

იზოლატორის დატოვების შემდეგ ბექა ბერაძე რადიო თავისუფლებასთან იხსენებს, როგორ დააკავეს ის და მისი ძმა, თორნიკე ბერაძე, და პოლიციის ძალადობას აღწერს. მას მარცხენა თვალთან დალურჯება აქვს, ეტყობა დაზიანებები სახესა და შუბლზე.

ამბობს იმასაც, სამართალდარღვევის ოქმში ჩაუწერეს, თითქოს რუსთაველზე იგინებოდა და პატრულის თანამშრომელმა დააკავა. „სამივე გარემოება ტყუილია“ - ამბობს ის.

მისი მონათხრობის თანახმად, პირველ დეკემბერს, ღამის პირველის ნახევრისთვის, ის ძმასთან და ორ მეგობართან ერთად იყო, როდესაც ინგოროყვას ქუჩაზე, მთავრობის კანცელარიასთან პოლიციელები შეხვდნენ, რის შემდეგაც გვერდითაც პატარა ჩიხიდან სცადეს დემონსტრაციისკენ ჩასვლა.

„როგორც კი შევუხვიეთ, ბევრი პოლიციელი შემოგვეხვია, დაგვაშორეს ერთმანეთს. თავიდან მე გამწიეს. დავინახე, ჩემი ძმა ჰყავდათ შიგნით. რომ ვეკითხებოდი, რატომ გყავთ და გამოუშვით-მეთქი. მიპასუხეს, რესპირატორი ვუპოვეთო. რესპირატორი რა კრიმინალური ნივთია, არ ვიცი“.

მისი თქმით, პოლიციასთან საუბარი დაახლოებით ერთი წუთი გაგრძელდა, მაგრამ „არც შევწინააღმდეგებივარ, არც შეურაცხყოფა მიმიყენებია, არც არაფერი“.

„რაღაც მომენტში მოსწყინდათ ჩემთან ლაპარაკი და მოთხოვნა, ჩემს ძმასთან მიმიშვით-მეთქი და [თქვეს], ესეც დააკავეთო. ჩემი ძმაკაცი არ მინახავს იმ წუთას. იქვე დამაკავეს, შემბოჭეს და წამიყვანეს კანცელარიასთან“.

მისი თქმით, სწორედ აქ დაიწყო ძალადობა: „უკვე იქიდან იყო ეს „დერეფანი“ - დაცინვა, რტყმა. „შენი ჟურნალისტი დედაო“, - მანამდე ვუთხარი, ჟურნალისტი ვარ-მეთქი. კარგად მცემეს“.

ბექა ბერაძეს შუბლზე, სახესა და თვალთან დაზიანებები აღენისნება

ბექა ბერაძეს შუბლზე, სახესა და თვალთან დაზიანებები აღენისნება

შემდეგ ის კანცელარიასთან მდგარ მიკროავტობუსში ჩასვეს: „შავ მიკროავტობუსში შემაგდეს. იქ ექვსი ნაცემი [ადამიანი] იყო ჩემ გარდა და იქაც მაგრად გვირტყეს. 40 წუთი გრძელდებოდა ტერორი და რტყმა“.

ასე აღწერს იგი, რა ხდებოდა მიკროავტობუსში: „გეძახიან, გარედან გიკაკუნებენ, შემოვარდებიან. მერე ვიღაცას გაიყვანენ, ვიღაცას შემოიყვანენ. გეუბნებიან, „ჩვენ გვიწყობ რევოლუციას“? „თქვენ ელგებეტეები ხართ“. რაღაცებს გეუბნებიან. უცებ აბრახუნებენ, როცა მარტო ხარ. „შენ იცინი“? და სახეში განათებენ რაღაცას. ვხვდებოდი, რომ რაც ხდებოდა, უნდოდათ, დავეშინებინე. სულ ამბობდნენ, „კიდევ მოხვალ“? „კიდევ მოხვალ“?

ბექა ბერაძე ამბობს, რომ მოგვიანებით ერთ-ერთი მეგობარი, რომელიც მასთან ერთად იყო, ამვე მიკროავტობუსში შემოიყვანეს: „ისეთი ნაცემი იყო, ძლივს ვიცანი. სამჯერ რომ ვკითხე ერთი და იგივე შეკითხვა, მივხვდი, რომ ტვინის შერყევა შეიძლება ჰქონდა მიღებული. ჩემი ძმის ამბავი არც ვიცოდი“.

მისი თქმით, მეგობარი სასწრაფო დახმარების მანქანაში გადაიყვანეს. ძმა, თორნიკე ბერაძე კი ღუდუშაურის კლინიკაში მოხვდა ტვინის შერყევის დიაგნოზით.

„ამ 40 წუთის შემდეგ, ერთი მიკროავტობუსიდან მეორეში გადაგვიყვანეს. იქ დაგვხდნენ უკვე პატრულის თანამშრომლები და მათთან ერთად წავედით ვარკეთილში. ჩემი ძმაკაცი, ცუდად რომ იყო, სასწრაფოში გადაიყვანეს“.

იხსენებს იმასაც, რომ სამართალდარღვევის ოქმში ჩაწერეს გარემოებები, რაც რეალურად არ არსებულა:

„პატრულის თანამშრომლები ვითომ კეთილად გესაუბრებიან, აწი არაფერი გიჭირს, მე დამიჯერეო, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, 2 საათის შემდეგ ოქმი რომ წავიკითხე, ეწერა, თითქოს მე რუსთაველზე ვიყავი, ვიღაცას ვაგინებდი და ამ პოლიციელმა დამაკავა. სამივე ტყუილი. ვიყავი ინგოროყვას ქუჩასთან, არავისთვის არ მიგინებია და ამ პოლიციელს „ჩააბარეს“ ჩემი თავი, ნაცემი მიკროავტობუსში. მას შემდეგ გადმომიყვანეს აქ, [საგარეჯოში]. აქ არანაირი პრობლემა არ ყოფილა“.

ბექა ბერაძეს რადიო თავისუფლება ღამის 03.00 საათიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდა.

რადიო თავისუფლებას აქვს ვიდეომასალა, რომელშიც ბექა ბერაძე დაკავებამდე პოლიციელებს ეკითხება - რაზე არ დაემორჩილა მათ.

სრულად წაკითხვა