შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილის უფროსის, ირაკლი შაიშმელაშვილის განცხადებით, შესაძლოა, ზვიად ხარაზიშვილი იგივე „ხარება“ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილისგან იღებდეს დავალებებს.
ამის შესახებ ის ნოდარ მელაძესთან ინტერვიუში აცხადებს. სრული ინტერვიუ „ტვ პირველის“ ეთერში ხვალ, 28 დეკემბერს, გავა.
ზვიად ხარაზიშვილი იგივე „ხარება“ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორია, რომლის სახელიც არაერთი აქციის დარბევას უკავშირდება.
„მანამდეც ვიცოდი ივანიშვილის და „ხარებას“ [მჭიდრო კავშირების შესახებ]. შეიძლება, პირდაპირ მისგანაც [ივანიშვილისგანაც] მოდიოდეს ბრძანებები“. – აცხადებს ირაკლი შაიშმელაშვილი.
ირაკლი შაიშმელაშვილმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსის თანამდებობა 3 დეკემბერს, იმ დროს დატოვა, როცა თბილისში პროევროპული საპროტესტო აქციების განსაკუთრებული სისასტიკით დარბევა მიმდინარეობდა. 26 დეკემბერს კი ირაკლი შაიშმელაშვილმა ოჯახთან ერთად ქვეყნის დატოვების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
მან ნოდარ მელაძეს ინტერვიუ საქართველოდან დატოვებამდე მისცა. მელაძემ ინტერვიუს ანონსი დღეს, 27 დეკემბერს, შაიშმელაშვილის ქვეყნიდან წასვლის შემდეგ გამოაქვეყნა.
ინტერვიუში შაიშმელაშვილი იმ საფრთხეებსა და მუქარებზე საუბრობს, რომელიც მას და მის ოჯახს დაემუქრა.
„ეს ინტერვიუ რომ გავიდეს და მე აქ დავრჩე, შეიძლება, ჩემს სახლში კილოგრამ ნახევარი კოკაინი ამოიღონ. მჯეროდა და მწამდა, რომ სხვისი უსაფრთხოება უნდა დამეცვა და ცხოვრებაში პირველად გავაანალიზე, რომ საკუთარი შვილები მყავს დასაცავი. განსაკუთრებით შვილებს [მემუქრებოდნენ, რომ მოკლავდნენ], ფიზიკური ანგარიშსწორების, ლიკვიდაციის… ვიცი ესენი რაზე არიან წამსვლელები და რა შეიძლება იკადრონ“, – აცხადებს ირაკლი შაიშმელაშვილი.
როგორც შაიშმელაშვილი ამბობს, სპეცრაზმელების მორბენალთა რაზმი გდდ-ს თანამშრომლები არ არიან. მისივე თქმით, ის პირები, ვინც საპოლიციო ძალებიდან განსაკუთრებული სისასტიკეს იჩენენ, არც ქალაქის პოლიციის და არც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები არ არიან.
მისივე თქმით, ეს ადამიანები მხოლოდ „ხარებას“ ემორჩილებიან.
„დღეს ეგ მოცემულობა დგას [ძალოვნების ჯგუფი ჰყავს „ხარებას“, რომელსაც ვერავინ ვერ ეხება და ვერ აკონტროლებს]“, – აცხადებს ირაკლი შაიშმელაშვილი.
მისივე თქმით, აქციებზე საპოლიციო ძალების მიერ დემონსტრანტების განსაკუთრებული სისასტიკით ცემა არა გადაცდომა, არამედ დანაშაულია.
„ეს ცემა არის მიზანმიმართული. ეს, რასაც ჩვენ ვუყურებთ, გადაცდომა არ არის, ეს დანაშაულები არის. ბრძანების გარეშე პოლიციელი არ გაინძრევა ადგილიდან.
ამასთან ირაკლი შაიშმელაშვილი ამბობს, რომ სისტემას აქციის გასაშავებლად ადამიანები ჰყავს დაქირავებული, რომლებიც დემონსტრაციულად სროლას და გინებას იწყებენ აქციებზე.
„საზოგადოებამ რომ იცოდეს, ესენი არ არიან აქციის მონაწილეები. [ესენი არიან] 500 და 1000 ლარად შეგზავნილი პროვოკატორები, რომლებიც სპეციალურად და მიზანმიმართულად იგინებიან და ისვრიან, რომ მერე მთლიანი აქცია მახინჯად და დემონიზებულად აქციონ“, – აცხადებს ირაკლი შაიშმელაშვილი.