„რაიმონდ პაულსს დედაჩემი უყვარდა და ცოლობაც შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო” ეთერ ჭელიძემ თავისი გარდაცვალების დღე იწინასწარმეტყველა

10 hours ago 2

„რაიმონდ პაულსს დედაჩემი უყვარდა და ცოლობაც შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო"„სარკე“, თეონა კენჭიაშვილი

კომპოზიტორი და მომღერალი ეთერ ჭელიძე 86 წლის წინ, 21 მარტს დაიბადა, ამქვეყნად მხოლოდ საუკუნის ნახევარი გაატარა, მისი სიმღერები კი, საბედნიეროდ, უფრო დღეგრძელნი აღმოჩნდნენ. სითბო და სიყვარული, რომელიც თავის ნაწარმოებებში ჩადო, თაობიდან თაობაში გრძელდება. ბერლინში ოქროს ფონდში მისი სიმღერის, ,,თევზების”, ნოტებია დაცული.
თავის დროზე მაყურებელმა 9 წლის გოგონა ბაფთიანი გიტარით გაიცნო, როდესაც ერთ-ერთი მომღერლის აკომპანემენტი შეასრულა. შემდეგ კი, როცა გაიზარდა, ესპანეთში გასტროლის დროს მას ,,გიტარის ჯადოქარი” უწოდეს. ამ ინსტრუმენტის გარეშე არ უცხოვრია. სიკვდილის წინაც დაიბარა – საფლავზე მისი ძეგლი დაედგათ გიტარით ხელში…
შორიდან ბევრი მამაკაცი ეტრფოდა და მათში ის ერთადერთი ამოარჩია, რომელთან ერთადაც სიცოცხლის ბოლომდე სიყვარულით იცხოვრა. ერთადერთი ქალიშვილი შეეძინათ – ნინო ელბაქიძე. ეთერ ჭელიძის შვილიშვილს, ანი სირაძეს, ბებია არასოდეს უნახავს, სამაგიეროდ მისი მუსიკალური გზა გააგრძელა და საზოგადოებამ ნიჭიერ მომღერლად გაიცნო.
დედა-შვილი – ნინო და ანი – “სარკეს” მენიერ ქალბატონზე უყვებიან.
ბაფთიანი გოგონა ბაფთიანი გიტარით
ნინო ელბაქიძე:
– ეთერი შეძლებულ ოჯახში გაიზარდა. დედამისი, მარიკა, ექიმი იყო, მამა ტარასი კი – შინაგან საქმეთა მინისტრი. ორივე კარგად მღეროდა. ბაბუა ფორტეპიანოზე უკრავდა, ბებო კი – გიტარაზე. დედაჩემი ყოფილი კამოს (ახლანდელი უზნაძის) ქუჩაზე დაიბადა და გაიზარდა. ჰყავდა უფროსი და, ნათელა. მასაც არაჩვეულებრივი ხმა და სმენა ჰქონდა.
დედაჩემი ჯერ კიდევ პატარა ყოფილა, როცა ბაფთიანი გიტარით დადიოდა. სხვათა შორის, გიტარასა და ფორტეპიანოზე დაკვრა თავისით ისწავლა. თურმე დედა ეჩხუბებოდა, ამ გიტარას ხელი გაუშვი და იმეცადინეო. ის კი ზურგს უკან იდებდა და ისე უკრავდა.
ეთერის სასცენო დებიუტი 5 წლის ასაკში შედგა. მაშინ გამოდიოდა ჟურნალი “საბჭოთა ხელოვნება”, სადაც ნიაზ დიასამიძემ სტატია დაბეჭდა დიდბაფთიან პატარა გოგონაზე, რომელიც ბაფთიანი გიტარით ხელში ნახა.
ერთხელ რუსთაველის თეატრში მსახიობ ნატო ვაჩნაძისადმი მიძღვნილი საღამო ჩატარდა. მომღერალმა ანა ვარდიაშვილმა რუსული სიმღერა “ჭიშკარი” შეასრულა. მისთვის აკომპანემენტი ვისაც უნდა გაეკეთებინა, ვერ მივიდა და დედაჩემი გაიყვანეს სცენაზე. ნიაზი წერდა, ისეთი საოცარი აკომპანემენტი იყო, არ მავიწყდებაო.
9 წლისამ თავისი პირველი სიმღერა შექმნა. 11 წლის იყო, როცა მასთან ქალბატონი ანა ვარდიაშვილი მივიდა და მისი სიმღერის “სიყვარულო, სიყვარულო, რა ხარო” შესრულება სთხოვა. მასაც უარი არ უთქვამს და ეს სიმღერა ხალხში საკმაოდ პოპულარული გახდა.
12-13 წლის რომ იყო, დედისთვის სიმღერა დაწერა: “ვენაცვალე მაგ შენს თვალებს”. 16 წლისას დედა გარდაეცვალა და უფროსმა დამ, ნათელამ, გაუწია დედობა.
ეთერი სკოლის მოსწავლე იყო, როცა სხვადასხვა გოგონათა ვოკალურ ანსამბლებს ხელმძღვანელობდა. 16 წლიდან კი ანსამბლ “რეროში” მღეროდა, რომელიც იმ დროისთვის ერთადერთი საესტრადო ორკესტრი გახლდათ. შემდეგ იყო ,,გეპეის” ჯაზბენდი.
პატარა ბედნიერი ოჯახი
ნინო ელბაქიძე:
– “რეროში” ყოფნის დროს გაიცნო მომავალი მეუღლე, ნოდარ ელბაქიძე. ნოდარმა დაინახა თუ არა, თქვა, ეს ჩემი ცოლი უნდა გახდესო. კონცერტის დასასრულს გარეთ ელოდებოდა. დედა იხსენებდა: “გამოვედი და ვხედავ, დგას კაცი ახალი თეთრი “ვოლგით”, თეთრი მაისურით და ძალიან ჰგავს გრეგორი პეკს. ის კი თურმე მელოდება… ერთი ნახვით მოგვეწონა ერთმანეთი”. გაცნობიდან მალევე იქორწინეს.
1965 წლის 23 დეკემბერს გავჩნდი ოჯახის ერთადერთი შვილი. ფაქტობრივად, მათი საახალწლო საჩუქარი ვიყავი. დედა იხსენებდა, ახალი წლის ღამეს არაფრით დაიძინე, თვალები დაჭყეტილი გქონდა და 12 საათს ასე შეხვდიო.
მშობლებთან მეგობრული დამოკიდებულება მქონდა, განსაკუთრებით დედასთან. არ მახსოვს, რაიმე დამეშავებინოს და იმის თქმის შემშინებოდეს. ძალიან კარგი კულინარი იყო, საოცარ ხაჭაპურს აცხობდა. რადგანაც ხაჭაპური ძალიან მიყვარდა, ყოველ დილას მახვედრებდა სკოლაში წასვლის წინ.
ლაღი ბავშვობა მქონდა. დედას გასტროლებიდან ისეთი ტანსაცმელი ჩამოჰქონდა, თბი-ლისში მხოლოდ რამდენიმეს რომ ეცვა. მამაჩემი ავტოინჟინერი იყო – სამოქალაქო ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე. ჩემი მშობლები თავმდაბალი ადამიანები იყვნენ. მამას უყვარდა უბრალო ხალხი, მათთან საათობით საუბარი. ამის გამო ხალხსაც დიდი სითბო ჰქონდა მის მიმართ.
მე და დედა ხშირად ტაქსით ვმგზავრობდით. მთელმა თბილისმა იცოდა, რომ ეთერ ჭელიძე და ნოდარ ელბაქიძე ცოლ-ქმარი იყვნენ. მძღოლები რომ დაგვინახავდნენ, მაშინვე მამაჩემის ქებას იწყებდნენ. დედას ეს ძალიან სიამოვნებდა. ე.წ. ლეჩკომბინატის საავადმყოფოში როცა მივდიოდით, დედა დამლაგებლებს თუ ექიმებს, ყველას გულთბილად ესალმებოდა. ერთხელ გაკვირვებულმა ვკითხე, დედა, ყველას რატომ ესალმები-მეთქი. მიპასუხა, ამ ხალხს ვუყვარვარ და მეც მიყვარსო.
არ მახსოვს სახლში აყალმაყალი, ყვირილი, დაძაბულობა. პრობლემები და კამათი ყველა ოჯახში ხდება და გამონაკლისები არც ჩვენ ვიყავით, მაგრამ ჩემი მშობლები ყველაფერს აგვარებდნენ. მისაბაძი ცოლქმრობა ჰქონდათ და მრავალი წელი ტკბილად იცხოვრეს.
მიუხედავად იმისა, რომ დედას ზოგჯერ გვიანობამდე მუშაობა უწევდა, მამა ამაზე არასოდეს ეჭვიანობდა. მაგალითად, თუკი ტელევიზიაში ჩაწერა ან გადაღება ჰქონდა, მე და მამა იქვე, პარკში ვისხედით და მის გამოსვლას მშვიდად ველოდებოდით.
ლეგრანი და პაულსი
– დედას საფრანგეთის ქალაქ ნანტში გასტროლი ჰქონდა, სადაც ცნობილ კომპოზიტორ მიშელ ლეგრანს შეხვდა. მათი შეხვედრის ჩანაწერი ბაბინაზეც მაქვს. ლეგრანი აღტაცებული დარჩა დედაჩემის ნიჭიერებით. გასტროლი ერთად ჰქონდათ და მან რამდენჯერმე შესთავაზა საფრანგეთში დარჩენა.
ასევე არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა ლატვიელ კომპოზიტორ რაიმონდ პაულსთან. მას დედაჩემი უყვარდა და ცოლობაც შესთავაზა. რომ დათანხმებოდა, შეიძლებოდა, მისი ცხოვრება სულ სხვანაირად წარმართულიყო და საზღვარგარეთ კარიერაც სხვანაირად აეწყო, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. წლების შემდეგ პაულსს რიგაში შევხვდი და ხუმრობით მითხრა, დედაშენმა ცოლობაზე უარი იმის გამო მითხრა, რომ ძალიან ბევრს ვსვამო.
ყველა სიმღერას თავისი ისტორია აქვს
– ერთ დღეს სუფრასთან შემთხვევით შეხვდა მსახიობ ამირან ბუაძეს. მისი ხმა ძალიან მოეწონა და სპეციალურად მისთვის დაწერა “სულ მაღლა, მაღლა”. ქალბატონ ეთერ კაკულიასაც პირველი სოლო კონცერტი დედაჩემმა ჩაატარებინა. სამედიცინო სფეროს ხალხთანაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა. პირველად სწორედ დედაჩემს მოუვიდა აზრად, რომ მედიკოსების საღამოები ჩაეტარებინა. ჟურნალისტების საღამოც პირველად დედამ ჩაატარა. ბევრ რამეში ნოვატორი გახლდათ.
გასტროლებზე წასვლა ძალიან უყვარდა, თუნდაც იმიტომ, რომ უნიჭიერეს კომპოზიტორებსა და მუსიკოსებს ხვდებოდა. საზღვარგარეთ სხვადასხვა კონკურსებზე გადიოდა და უკან გამარჯვებული ბრუნდებოდა. განსაკუთრებით გამოვყოფ პოლონეთში “სოპოტის” ფესტივალს, რომელზეც პირველი ადგილი აიღო – “სულიკო” შეასრულა დოლების თანხლებით.
ბერლინში, ოქროს ფონდში, დედაჩემის სიმღერის “თევზები” ნოტები ინახება. ამ კომპოზიციის ისტორია ასეთია: იყო ასეთი ფილმი – “მზიური ველის სერენადა”, რომელშიც გლენ მილერის ორკესტრი უკრავდა. როდესაც ეს ორკესტრი გასტროლზე მიფრინავდა, ავიაკატასტროფის შედეგად ყველა დაიღუპა, ერთი ადამიანის გარდა. სწორედ იმ ერთმა შექმნა ორკესტრი. დედამ მათთან ერთად თავისი ნაწარმოები “თევზები” შეასრულა. შემდეგ ამ მუსიკაზე ტექსტი ქალბატონმა ნანა ცინცაძემ დაწერა და ჩემმა ქალიშვილმა შეასრულა.
“ჭაღარა თბილისო” რევაზ ლაღიძეს მიუძღვნა, რომელიც ძალიან უყვარდა. მისი გარდაცვალების გამო ძალიან დასევდიანდა და ამ დიდმა ემოციებმა ეს სიმღერა დააწერინა.
“გთხოვ, დამიჯერო” მე მომიძღვნა, რომელსაც სახალისო ისტორია აქვს: ერთხელ ექსკურსიაზე მივდიოდი და ძალიან მინდოდა ახალი ჯინსები. მოგეხსენებათ, მაშინ ჯინსს ადვილად ვერ შეიძენდი, თანაც იმ პერიოდში ისე მოხდა, რომ მშობლებს ფული არ ჰქონდათ. ამოვიჩემე, რომ ექსკურსიაზე ახალი ჯინსები უნდა ჩამეცვა, რადგან ყველა ჩემს კლასელს ეცმებოდა. რომ აღარ მოვეშვი, დედა დაჯდა და ახალი სიმღერა ჩაწერა. წავიდა, ჩააბარა ეს კომპოზიცია. ჰონორარი აიღო და ებრაელი ვაჭრებისგან ჯინსი მიყიდა.
უკანასკნელი წუთები
– დედა ძალიან ადრე, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ თემაზე საუბარი არ მიყვარს, მაგრამ მაინც გეტყვით: უმნიშვნელო ავადმყოფობამ ისხვერპლა – სარძევე ჯირკვალზე მასტოპათია ჰქონდა. ვიღაცამ ექიმბაშთან სიარული ურჩია. არ ვიცი, მან რა წამალი დაალევინა ან რა გაუკეთა და სეფსისი დაეწყო. არასწორმა მკურნალობამ მისი მდგომარეობა დაამძიმა და ვეღარაფერი ვუშველეთ. ალბათ ეს იყო მისი ბედისწერა…
ბოლო 8 თვე იავადმყოფა, შემდეგ ტკივილებიც მოემატა. ბოლო წუთამდე საღ გონებაზე იყო. სანამ ხელს ამოძრავებდა, მანამდე ფორტეპიანოსთან იჯდა და უკრავდა. შემდეგ ესეც აღარ შეეძლო.
გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ასეთი რაღაც მითხრა: “დედაჩემი 12 ნოემბერს გარდაიცვალა, მე კი ალბათ ერთი დღის დაგვიანებით წავალ ამქვეყნიდან”. ეს რომ მითხრა, დიდი სტრესი მივიღე. 13 ნოემბერს აფორიაქებული ვიყავი. საღამოს ექიმი უნდა მოსულიყო და გადასხმა გაეკეთებინა. მანამდე მისი გამხიარულება გადავწყვიტე და ამიტომ რაღაც ახალი რუსული სიმღერა მოვასმენინე, რომელიც იმ დროს ძალიან პოპულარული იყო. ვკითხე, მოეწონა თუ არა. მითხრა, თავი მტკივაო და წნევის გასინჯვა მთხოვა. გავუსინჯე წნევა და წამებში თვალები დახუჭა… ეს იყო ძალიან დიდი შოკი – დედა ჩემს ხელებში გარდაიცვალა ისე, რომ ვერაფერი ვუშველე!
საბურთალოს პანთეონში დასაფლავება შემოგვთავაზეს, მაგრამ მე ვაკის სასაფლაო ვარჩიე. ერთხელ მითხრა: “ძალიან მინდა, ჩემს საფლავზე ძეგლი დამიდგათ გიტარით ხელში”. ეს სურვილი ავუსრულეთ.
ორი მუსიკალური ნაწარმოები დარჩა, რომლებსაც ლექსები ვეღარ მოუძებნა. ერთ-ერთ მათგანს ლექსი დავუწერე და მედიკოსების სახლში დედაჩემის ხსოვნის საღამოზე ანსამბლ “ფორტესთან” ერთად შევასრულე.

„რაიმონდ პაულსს დედაჩემი უყვარდა და ცოლობაც შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო"
უცნობი ნაცნობი ბებია
ანი სირაძე:
– ბებიას არ მოვსწრებივარ, მაგრამ მის შესახებ პატარაობიდან მესმოდა, მის შემოქმედებაზე გავიზარდე. ჩემი დებიუტი ფილარმონიის სცენაზე შედგა, როცა 2 წლის ვიყავი. ეთერის “ოქროს საქანელა” შევასრულე. ამის მერე სცენიდან არ ჩამოვსულვარ. ჩემი შემოქმედებაც, თუკი ამას შეიძლება შემოქმედება ეწოდოს, ბებოს შემოქმედებაზე აღმოცენდა.
ეთერის შესახებ ყველაფერი ოჯახისგან და ხალხისგან ვიცი. სადაც წავალ, ყველა მასზე მესაუბრება და მის ქებას იწყებს. მხოლოდ ნიჭიერება არაა საკმარისი ხალხის სიყვარულის დასამსახურებლად, დიდი პიროვნება უნდა იყო, რომ ეს სიყვარული დაიმსახურო.
გარშემომყოფები აღნიშნავენ, რომ ჩემსა და ბებოს შორის დიდი გარეგნული მსგავსებაა. დედა არ ჰგავს ეთერს, როგორც მე დავემსგავსე სიმაღლით, აღნაგობით, თვალების ფერით, ნაკვთებით.
მინდა, სულ იგრძნობოდეს გავლენა, რომ მე არა მხოლოდ მომღერალი, არამედ ეთერ ჭელიძის შვილიშვილი ვარ. ვცდილობ, მის მივიწყებულ სიმღერებს სული ჩავბერო და ამით ხალხს ეთერი გავახსენო.
ბაბუა მეორედ დაოჯახდა, მაგრამ ბებიაჩემი მისი ერთადერთი სიყვარული იყო. ამაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობდა, მაგრამ ჩემთვის ეს ნათქვამი აქვს. მეორე ცოლს დიდ პატივს სცემდა, მაგრამ ბოლომდე ეთერი უყვარდა.

სრულად წაკითხვა