რას ამბობს HRW-ის წარმომადგენელი მზია ამაღლობელის პატიმრობაზე

12 hours ago 2

Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ასოცირებულ დირექტორი გიორგი გოგია განმარტავს, რატომ არღვევს „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დირექტორის, მზია ამაღლობელისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებს.

„პროკურორმა უბრალოდ ჩამოთვალა საქართველოს კანონმდებლობაში გირაოს უარყოფის მიზეზები. წინასწარი პატიმრობის ასეთი უნივერსალური გამოყენება არასწორია. ხელისუფლებამ უნდა გადახედოს ამაღლობელის წინასწარი პატიმრობის მოთხოვნას და გაათავისუფლოს იგი სანდო გამოძიების მოლოდინში!

პროკურორი ამტკიცებდა, რომ ამაღლობელი სავარაუდოდ ჩაერეოდა გამოძიებაში ან ხელახლა ჩაიდენდა დანაშაულს, მაგრამ ამის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები არ წარმოადგინა. ევროპულმა სასამართლომ ძალიან ნათლად განაცხადა, რომ წინასწარი პატიმრობა უნდა იყოს უკიდურესი ზომა, რომელიც გამართლებულია პირადი გარემოებებით.

საქართველოს სასამართლომ დამოუკიდებელ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პოლიციელზე თავდასხმისთვის მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ეს ეწინააღმდეგება ევროსასამართლოს სტანდარტებს. ის უნდა გათავისუფლდეს სანდო გამოძიების დასრულებამდე“, — წერს გოგია.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. მან დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე. დაცვის მხარე მზად იყო გადაეხადა გირაო 100 000 ლარის ფარგლებში.

„ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად ის დააკავეს საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნაზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

სასამართლომ მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

სრულად წაკითხვა