ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ევროპის დღის ღონისძიებაზე პირადი მოსაწვევი არავისთვის გაუგზავნიათ, რადგან ეს საჯარო ღონისძიებაა.
“ეს საჯარო ღონისძიებაა და ყველა დავპატიჟეთ. ალბათ, თქვენ ნახეთ კამპანია მედიაში, სოციალურ მედიაში ჩვენი პოსტერები, ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ბევრი ადამიანი მოვა, რომ აღნიშნოს ევროპის დღე ჩვენთან ერთად.
არ გაგვიგზავნია პირადი მოწვევა არც ამჟამინდელი და არც წინა ხელისუფლებისთვის.
ვწუხვარ, მაგრამ სამწუხაროდ დღევანდელი რეალობა ასეთია – სულ უფრო მეტი მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებითაც, სადაც საქართველო არ არის წარმოდგენილი და ეს განპირობებულია ხელისუფლების მიერ ბოლო 1 წლის განმავლობაში განხორციელებული ქმედებებით.
ეს უკიდურესად სამწუხაროა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არის დღევანდელი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების რეალობა”, – ამბობს ელჩი.
ცნობისთვის, ქართული ოცნების პრემიერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თბილისში დაგეგმილ ევროკავშირის ღონისძიებაზე მოსაწვევი არ გაუგზავნეს და ამიტომ არ მივიდა:
“გამომდინარე იქიდან, რომ აქ პროტოკოლი არ არის დაცული, ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, მივიღოთ მონაწილეობა. რომ დაეცვათ პროტოკოლი, რა თქმა უნდა, მივიღებდით აუცილებლად მონაწილეობას
პროტოკოლის სტანდარტების არის დარღვეული, შესაბამისად… პროტოკოლი არის, როდესაც კონკრეტული საელჩო გეგმავს ღონისძიებას, ამ შემთხვევაში მათ უნდა გამოგზავნონ მოსაწვევი მთავრობის მისამართზე. რადგან ეს პროტოკოლი დაარღვიეს და გააგრძელეს ის საბჭოური მიდგომა, რომელსაც ავლენენ კონკრეტული ევროპული ჩინოვნიკები, დაირღვა პროტოკოლი, შესაბამისად, ჩვენ არ ვიქნებით იქ, ეს არის მათი გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა საბჭოური მეთოდებით”, – თქვა კობახიძემ.
ევროპის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება ექსპო ჯორჯიაში დაიგეგმა.