რასა იუკნევიჩიენე ევროკავშირისგან ვახო სანაიას დაპატიმრებაზე რეაგირებას ითხოვს

2 hours ago 2

ლიეტუველი ევროპარლამენტარი ევროპის სახალხო პატიიდან (EPP), საქართველოს საკითხებზე მომხსენებელი რასა იუკნევიჩიენე ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავების ფაქტზე ევროკავშირისგან რეაგირებას ითხოვს.

„ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის Facebook-პოსტის გამო 14-დღიანი პატიმრობის მისჯა აჩვენებს, თუ რა სისწრაფით ეშვება საქართველო კრემლის სტილის რეპრესიების მორევში. ამ ტემპით, ბიძინა ივანიშვილი მალე მოსკოვში მყოფ თავის პატრონებსაც კი გადაუსწრებს. ევროკავშირმა ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს“, — წერს იუკნევიჩიენე X-ზე და სოლიდარობა უცხადებს დაკავებულ ჟურნალისტს.

სანაიას დაკავებას EPP-ის კიდევ ერთი წევრი, გერმანელი მიხაილ გალერიც გამოეხმაურა.

„ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი ვახო სანაია Facebook-ზე პოსტის გამო 14 დღით დააპატიმრეს. რამდენადაც დამამშვიდებელი არაა ის ფაქტი, რომ რუსეთში მას გაცილებით მეტს მიუსჯიდნენ, ეს ნათლად აჩვენებს, თუ რომელ მხარეს დგას დღევანდელი საქართველო — ევროპის ავტორიტარულ ნაწილში. საბჭოთა საქართველო რეალობა ხდება“, — თქვა მან.

ფეისბუკზე გამოქვეყნებული პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.

ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს ფეისბუკზე დაწერილი პოსტის გამო

სრულად წაკითხვა