6
პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:
ეს დაჭერები და დაკავებები არა მხოლოდ სხვების დაშინების მიზნით ხორციელდება. ცხადია, ესეც არის, მაგრამ უფრო მეტად აქ სხვა მიზანია: დაკითხონ რაც შეიძლება ბევრი, რათა ბოლოს და ბოლოს გავიდნენ ამ აქციების ორგანიზატორებზე.
საქმე ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილს არ სჯერა, რომ ეს აქციები ტარდება თვითდინებით, თვითორგანიზებით და ამის უკან არ დგას ერთი გამოკვეთილი ლიდერი, პარტია თუ ორგანიზაცია. კაცს იმის სჯერა ალალად, რომ შვეიცარიის ბანკი მისი დაშანტაჟების მიზნით გააკოტრა აშშ მთავრობამ და იმას დაიჯერებს, რომ ამდენი ხალხი კობახიძის განცხადებაზეა აღშფოთებული და ევროინტეგრაცია აღელვებთ? გამორიცხულია მას ეს სჯეროდეს. ის დარწმუნებულია, რომ ამ აქციებსაც გლობალური ომის პარტია, ანუ ლიბერალი ფაშისტების მსოფლიო მაფია უწყობს პირადად მას და ადგილზე მენეჯმენტსაც მათი აგენტურა ახორციელებს. ოღონდ პრობლემა ისაა, რომ მან დღემდე ვერ მიაგნო ამ მენეჯერ აგენტებს.
ხან ვის იჭერს, ხან ვის, აანალიზებს დაჭერილთა ჩვენებებს, ცდილობს გავიდეს ხელმძღვანელებზე, მაგრამ ამაოდ. არადა პროტესტი არ წყდება.
შეგვიძლია ძალიან მაღალი ალბათობით ვივარაუდოთ, რომ დაჭერები, ანუ შავი კატის ძებნა ბნელ ოთახში კვლავ გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ იგი იქ საერთოდ არ იმყოფება. რაც უფრო დიდხანს გასტანს აქციები. მით უფრო მეტად შეშფოთდება და აიჭრება ბიძინა, რადგან ბევრი ხალხი რუსთაველზე მისთვის იმის ნიშანია, რომ კვლავ ვერ მიაგნო ორგანიზატორებს. შესაბამისად, მისი გადაწყვეტილებებიც იქნება უფრო მეტად იმპულსური და არაადეკვატური, რაც მხოლოდ გაზრდის პროტესტის მუხტს. გაზრდილი მუხტი კი პირდაპირპროპორციულად გაზრდის ბიძინას არაადეკვატურობას და ა. შ და ა. შ.
ახლაც, სუსი რომ ავრცელებს რაღაც ბოდვებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე, ეგეც ამ არაადეკვატურობის გამოხატულებაა.,
იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ეს სტატუსიც კი აღქმული იქნება როგორც კვალის აბნევის მცდელობა, რადგან მეც ხომ გლობალური ომის პარტიის აგენტი ვარ? ჰოდა ჩათვლიან, რომ დამავალეს და გააგრძელებენ კატის ძებნას.
რა უნდა დავუპირისპიროთ ამ სიგიჟეს? ალბათ პირველ რიგში მშვიდი გონება, ერთიანობა და სიმტკიცე. აქციები უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ არ დაინიშნება არჩევნები. არცერთი ნაბიჯი უკან! ხელისუფლებამ გადალახა არა მხოლოდ დემოკრატიულობის, არამედ ნორმალურობის ზღვარიც. ამიტომ ხელისუფლების გამარჯვება ყველა უბედურებასთან ერთად იქნება სიგიჟის და ბოდვის გამარჯვება ელემენტარულ საღ აზრზე და გამარჯვებული გიჟების ხელი მერე ვის სად მოხვდება, არავინ იცის.