ipn-ის თანახმად, საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა, კითხვის პასუხად, თუ რატომ არ იყო მიწვეული საქართველო ვარშავაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე, რომელზედაც მიწვეულები იყვნენ ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნები, თქვა:
“იმიტომ, რომ გასული წლის ივნისში ევროკავშირმა გადაწყვიტა, რომ შეეჩერებინა საქართველოს მთავრობასთან მაღალი დონის კონტაქტები, სანამ ის არსებულ კრიზისს არ მოაგვარებს”
ელჩმა საქართველოს მოქალაქეებს ევროპის დღე მიულოცა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო შეუერთდება ევროკავშირს.
“იმედი მაქვს, საქართველო, როგორც ქვეყანა, ყველა თავის მოქალაქით, დაუბრუნდება სწორ გზას. იმედი გვაქვს, თუმცა ეს საქართველოზეა დამოკიდებული. და რა არის საქართველო? საქართველო არის ქართველი ხალხი და ევროკავშირში გაწევრიანებისას არა მხოლოდ მთავრობა წევრიანდება, არა მხოლოდ პარლამენტი წევრიანდება, არა მხოლოდ ბიზნეს სექტორი, არამედ ყველა. ასე რომ, გასაწევრიანებლად საჭიროა დიდი ეროვნული ძალისხმევა. ჩვენ შემოგთავაზეთ კანდიდატობა, საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგვიძლია.
ევროპა არის მეგობრობა და სოლიდარობა და ჩვენ გვსურს, დღეს ეს ვიზეიმოთ. ყველა იცის, რა უნდა გაკეთდეს გასაწევრიანებლად და იმედი მაქვს მომავალში გაკეთდება და ჩვენ ერთად ვიქნებით ერთ კავშირში. მინდა ყველა ქართველ მეგობარს ბედნიერი ევროპის დღე ვუსურვო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო ევროპის ნაწილია. საქართველო უნდა შემოუერთდეს ევროკავშირს,” – აღნიშნა პეტერ ფიშერმა.