დღეს ჩვენი ეკლესია მოწამის ხსენებას დღესასწაულობს. დღეს სახსენებელი წმინდანის ქებას რომ შევუდგეთ, უფრო დავამცრობთ, ვიდრე განვადიდებთ. ეს წმინდანი არის მოწამეთა დიდება, წმინდანთა სიამაყე, ზეცისა და მოზეიმე ეკლესიის პატივი. ეს არის ყოვლადდიდი გიორგი. ჩვილობის ასაკიდან გულის უკანასკნელ, სიკვდილისწინა ფეთქვამდე არ არსებობს ქრისტიანის ბაგე, რომელსაც მისი უტკბესი სახელი არ წარმოეთქვას. არ არსებობს ქრისტიანული ქვეყანა, სადაც მის სახელზე აგებული ტაძრის ნანგრევები მაინც არ იყოს შემორჩენილი.
ეს მნათობი დიდ საიდუმლოს ინახავს, რომელიც ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შესწავლილი. რით არის გამოწვეული ხალხის ასეთი დიდი სიყვარული მის მიმართ? თუმცა, მისი სიყვარულიც ხალხისადმი იმდენად დიდია, რომ არ გვაძლევს საშუალებას, დავივიწყოთ იგი, პირიქით — მუდმივად მოვუხმობთ მას. სამ ან ოთხ ქრისტიანულ ოჯახში აუცილებლად შეგვხვდება სახელი გიორგი, რადგან არ არსებობს ოჯახი, რომლის ცხოვრებაშიც ამ წმინდანის სიყვარული დასახმარებლად არ ჩარეულიყოს. ამ გმირმა შეძლო, სრულყოფილებამდე მიეყვანა თავისი ქრისტიანული მოწოდება არა მხოლოდ რწმენის აღსარებით, არამედ მოწამეობითაც. და იგი ამას მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგაც აგრძელებს. მან გულში ჩაიკრა ეკლესია და ყველა საუკუნის მორწმუნენი დედამიწის ოთხივე კუთხეში. იქაც კი, სადაც ჯერ კიდევ არ არის მართლმადიდებლობა და კერპთაყვანისმცემლობის ნისლი დგას, დაუპატიჟებლად მიდის და თავისი სიყვარულის მყოფობას აგრძნობინებს ადამიანებს. ეკლესიამ მას სამართლიანად უწოდა „ღვაწლით შემოსილი“, „ძლევაშემოსილი“ და „დიდმოწამე“. ყველა მოწამე დიდია, რადგან თითოეულმა მათგანმა სიცოცხლე გაიღო და ჩვენი ქრისტეს მიმართ სრულყოფილი სიყვარული გამოავლინა. მაგრამ სახელწოდებები „ძლევაშემოსილი“ და „დიდმოწამე“, ჩემი აზრით, იმდენად წამებისას გამოჩენილ სიმამაცეს არ უკავშირდება, რამდენადაც მისი სიყვარულის სისავსეს, რომელიც მან გამოავლინა არა მხოლოდ სიცოცხლეში, არამედ შემდგომაც, ვიდრე საუკუნეთა აღსასრულამდე — რათა წინასწარ მიუსწროს ყოველ ტკივილს და გაამხნევოს ყველა, ვინც მის სახელს მოუხმობს.

ბერი იოსებ ვატოპედელი (1921–2009)
ჩვენთვის, ბერებისთვის, წმინდა გიორგი არის აღმზრდელი და მფარველი. წმინდანის კანონის მე-9 გალობაში ნათქვამია: „და შენც განსაკუთრებით იხარე, მთაო წმინდაო, იროკე აწ და ილხინე ბრწყინვალედ, რამეთუ ჰპოვე უძლიერესი დიდი გიორგი საზღვართა მცველად“. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შემდეგ სწორედ ის არის წმინდა მთისა და ბერების მფარველი. მის წმინდა სახელს ოთხი მონასტერი და მრავალი კელია თუ კალივა ეძღვნება.
მის ცხოვრებაში მოთხრობილია, რომ მამამისი, გერონტი, ქრისტიანი იყო და მოწამეობრივად აღესრულა. გიორგიც ბავშვობიდანვე ქრისტიანი იყო. 22 წლის ასაკში მან კომიტის (მთავარსარდლის) წოდება მოიპოვა. როდესაც წოდების მისაღებად მივიდა, დაინახა, რომ მისი მეთაურები ქრისტიანთა დევნის ბრძანებას ადგენდნენ. გაოცდა, თუ რატომ ბრძანებდნენ ასე ურცხვად უდანაშაულო ქრისტიანების განადგურებას. შემოიხსნა სარტყელი, მეთაურებს წინ დაუგდო და შესძახა: „ქრისტიანი ვარ! არ დავემორჩილები თქვენს ბრძანებას!“ სწორედ ამ წუთიდან იწყება მისი წამება. ამ დიდმოწამემ, მიუხედავად თავისი ახალგაზრდული ასაკისა, უდრტვინველად დაითმინა ყოველგვარი ლანძღვა და შეურაცხყოფა ისე, რომ წონასწორობა არ დაუკარგავს. მამობრივი უბოროტობითა და სიყვარულით გაუძლო იმ საშინელ სატანჯველებს და სასწაულებს ახდენდა, თუმცა იცოდა, რომ მაინც არ ირწმუნებდნენ. ახდენდა იმისთვის, რომ ღვთის მადლის ძალა არ დაეკნინებინა. აღასრულებდა სასწაულს და ეუბნებოდა: „მე ამას გავაკეთებ, მაგრამ თქვენ მაინც არ ირწმუნებთ“. და მან გააცოცხლა მიცვალებული, რომელიც სამასი წლის წინ იყო გარდაცვლილი.
ის, რაც ჩვენზე განსაკუთრებით მოქმედებს, მისი უბოროტობა და მიმტევებლობაა: მაშინ, როცა შეეძლო გაეკიცხა ისინი და მკაცრად მოპყრობოდა, იგი დიდი თანაგრძნობით ესაუბრებოდა მათ.
ჩვენ, როგორც ბერები, ვბაძავთ მის სულგრძელობასა და თავგანწირვას, რადგან ეს გვაძლიერებს ჩვენს უსისხლო, სინდისისმიერ მოწამეობაში. მოწამეებს ეუბნებოდნენ: „ან უარყავით, ან აღიარეთ“. მათ არ უარყვეს და მოკვდნენ. დღეს ჩვენ წინაშე ასეთი არჩევანი არ დგას, მაგრამ არსებობს უხილავი მტრის (ეშმაკის) იდუმალი ბრძოლა, რომელიც გამუდმებით გვცდის. თითქოს გვეუბნება: „ან თაყვანს სცემ ცოდვის მრავალსახოვან კერპს, ან მოგივლენ განსაცდელს, სნეულებას ან შფოთს“. ჩვენ კი ხმამაღლა ვპასუხობთ: „უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანის-ვსცე და მას მხოლოსა ვმსახურო. არც შენს ღმერთებს ვემსახურები და არც შენს კერპს ვცემ თაყვანს“. ჩვენ მართლაც დიდ სიმამაცეს ვიღებთ ამ ბუმბერაზი წმინდანისგან; ჩვენ თანამოაზრეები ვართ. ქრისტეს სიყვარულისთვის მან არ დაინანა არა მხოლოდ ქონება, წოდებები, ტიტულები და ფუფუნება, რაც მის წინაშე იშლებოდა, არამედ საკუთარი სიცოცხლეც კი, რომელიც მსხვერპლად გაიღო.
ჩვენც, ამ მძიმე დღეებში, რომლებსაც გავდივართ, გვწამს, რომ იგივე ღმერთი, რომელიც მაშინ იყო, დღესაც ჩვენთანაა იმავე მამობრივი მზრუნველობითა და თანაგრძნობით და აძლიერებს ჩვენს უძლურებას. ჩვენც იმავე განზრახვით ვამჯობინებთ ჩვენი ქრისტეს სიყვარულს, მისდამი რწმენასა და მორჩილებას ყველაფერ დანარჩენს. ამის გამო, ჩვენი მწირი ძალებით გადავლახეთ ამქვეყნიური შფოთისა და ამაოების მძვინვარე მდინარე. უარვყავით ახლობლები და თვით საკუთარი ბუნებაც კი, და ნებაყოფლობით გადასახლებულნი ვიმყოფებით ამ ადგილას იმავე მოლოდინით: გავურბივართ ცოდვის მიზეზებსა და საბაბებს, ვშორდებით საცდურებს, რათა იმ თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ქრისტეს მადლით მოგვენიჭა, საქმით დავამტკიცოთ, რომ წრფელად გვიყვარს ჩვენი ქრისტე, ხოლო ეშმაკი და ცოდვა გვძულს ისე, როგორც ამას იმსახურებენ.
ზოგჯერ გამოუცდელობის, უცოდინარობის ან სისუსტის გამო ვერ ვაღწევთ მიზანს, მაგრამ არასოდეს ვღალატობთ ჩვენს განზრახვას. ჩვენც გამუდმებით ვაღიარებთ, რომ „უფალსა ღმერთსა ჩვენსა თაყვანის-ვსცემთ და მას მხოლოსა ვმსახურებთ“, და მისი სიყვარულის გამო „ყველაფერს ნაგვად მივიჩნევთ“, რისთვისაც სიმხნევეს ვიღებთ მოწამეთა იმ ღრუბლისგან, რომელმაც გაიარა ეს გზა და მემკვიდრეობად დაგვიტოვა. მტკიცედ გვწამს, რომ საღვთო მადლი აუცილებლად დარჩება ჩვენთან და ჩვენც მივაღწევთ მიზანს. ამგვარად, ორ დიდ სიკეთეს მოვიპოვებთ: პირველი — საკუთარ სულს ვიხსნით, და მეორე — საყრდენად ვუდგავართ ქრისტესმიერ ჩვენს ძმებს, რომლებიც ერში რჩებიან, ეწევიან საზოგადოებრივი ცხოვრების მძიმე და სასტიკ უღელს და ებრძვიან უამრავ წინააღმდეგობას, განსაცდელსა და გაჭირვებას, რათა მათაც შეძლონ, არ უარყონ, არამედ თავიანთი ძალისამებრ აღიარონ ქრისტე. ჩვენთვის სინათლე ანგელოზები არიან, ერში მცხოვრები ქრისტიანებისთვის კი სინათლე ბერები არიან, რადგან დღეს მათ აღარ შეუძლიათ იპოვონ წმინდა ანტონი დიდი, პაისი ან პახუმი — ისინი წავიდნენ ამ ქვეყნიდან. დღეს მათ ადგილას ჩვენ, თავმდაბალნი ვდგავართ, გვიპყრია იგივე დროშები, ვიცავთ იმავე წესებს, იმავე გადმოცემას და ვაგრძელებთ იმავე გზას.
მოდით, ყველამ სწორი განზრახვით მივმართოთ წმინდა გიორგის სიყვარულს, რადგან ის სწორედ ასეთ მიზეზებს ეძებს, რათა თავისი ყოვლისშემძლე მეოხება გამოავლინოს და გააძლიეროს ჩვენი ღვაწლი. „ნეტარ არს, ვისაც ჰყავს ნაცნობნი სიონში და ახლობელნი იერუსალიმში“. აი, ჩვენც გვყავს ნაცნობი და ახლობელი — წმინდა გიორგი, რომელიც მცირედი სიტყვებით შევაქეთ, რათა მიგვეცა მიზეზი და საბაბი, სრულყოს თავისი ღვთივსათნო სიყვარული და გვიბოძოს ცათა სასუფეველი. ამინ.
წყარო: ბერი იოსებ ვატოპედელი, „Διδαχές από τον Άθωνα“, ვატოპედის მონასტრის გამოცემა, 1999.
ფოტო: წმ. გიორგი, ტიხრული მინანქარი, XV ს., საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
evqaristia.ge რელიგიური სიახლეები