ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში, რესტორან „უბანთან“ ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს საპროტესტო აქციით დახვდნენ.
აქცია ნიუ-იორკშინეტგაზეთი აქციის მონაწილეებიდან რამდენიმეს ესაუბრა და მოისმინა მათი მოტივაციების შესახებ.
“მე სამაჩაბლოდან დევნილი ვარ. რუსეთის ოკუპაცია ჩემთვის ისტორიის წიგნში წაკითხული ამბავი არ არის. ამიტომ, ამ ხელისუფლების პრორუსულობას განსაკუთრებით მტკივნეულად აღვიქვამ”, – ამბობს ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, რესტორატორი ქეთი გოჩაშვილი, რომელიც რესტორან “ჩიზბოუთს” ფლობს.
მისი თქმით, აქცია სპონტანურად შეიკრიბა. ბევრი ადამიანი, ვინც იქ მივიდა, ერთმანეთს საერთოდ არ იცნობდა. ქეთი ამბობს, რომ იმ დღეს ერთმა რამემ გაგვაერთიანაო — “საქართველოს სიყვარულმა და ჩვენი მომავლის მიმართ პასუხისმგებლობამ”.
ქეთი გოჩაშვილი © ფოტო ია მერკვილაძე/ნეტგაზეთი“მანამდე გავიგეთ, რომ ირაკლი კობახიძე შესაძლოა რესტორან „უბანში“ მისულიყო. როგორც თავადაც რესტორატორმა ვიცოდი, თუ რა უნდა გამეკეთებინა – რესტორანში დილიდანვე დღის სამი საათისთვის მაგიდა დავჯავშნე, რადგან ვიცოდი, რომ ქართული დელეგაცია იქ 5 – დან 8 საათამდე იქნებოდა. ჯავშანი დამიდასტურეს დილის 10 საათზევე, მაგრამ როდესაც ხმაური ატყდა და სოცმედიაში განვაცხადეთ, რომ კობახიძეს და სხვებს “სირცხვილის კორიდორს” მოვუწყობდით, 12:30 -ზე რესტორნის მენეჯერმა დამირეკა და მითხრა, რომ საღამოს დიდი ღონისძიების გამო ჩემი ჯავშნი მოიხსნა. მე სხვა დრო, ხან 2, ხან 12 საათი შევთავაზე. ყველაფერზე უარი მითხრეს, ვერ ვასწრებთ რესტორნის გადალაგებასო და საერთოდ სხვა ლოკაციაზე წასვლა მირჩიეს.
მათ პირდაპირ ვუთხარი: ვიცი, ვინ მოდის თქვენთან. და მაინც მოვალ! მივედით, მაგრამ კობახიძე არ მოვიდა, თუმცა ქართული ოცნების სხვა ჩინოვნიკები გამოჩნდნენ. “უბანთან” მოვიდა სამი ქართული ტელევიზია “პოსტივი”, “რუსთავი2” და “იმედი”. მე მათ შევთავაზე, რომ ინტერვიუს მივცემდი, მაგრამ თავჩახრილები გაიქცნენ”, – ამბობს ქეთი.
მისი თქმით, ეს არ იყო მხოლოდ ერთი პოლიტიკოსის წინააღმდეგ მიმართული აქცია, არამედ ეს იყო ემიგრანტების პასუხი ხელისუფლებას, რომელიც დიდი ხანია აღარ უსმენს საკუთარ მოქალაქეებს — მათ შორის მათ, ვინც საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობს.
“ეს ხელისუფლება უგულებელყოფს ემიგრანტების უფლებებსა და პრობლემებს და ქვეყანას კორუფციული ჭაობით რუსეთის ინტერესებს სულ უფრო აახლოებს კი არა, პირდაპირ პუტინის ინტერესების გამხმოვანებელ – განმხორციელებელი გახდა. მე ირაკლი კობახიძეს საქართველოს, როგორც ქვეყნის, ქართული საზოგადოების წარმომადგენლად არ და ვერ აღვიქვამ.
ჩვენ ვართ ემიგრანტები, რომლებმაც საკუთარი დრო, ენერგია და ჯანმრთელობა არა მარტო ოჯახის, არამედ ქვეყნის გადარჩენას მივუძღვენით და ასე შორს ყოფნისას მაინც არ დაგვიკარგავს სურვილი და იმედი საქართველო იყოს ისეთი, რისი ღირსიცაა ჩვენი ისტორიით, 9 აპრილსა და აგვისტოს ომში დაღუპულთა სისხლით. მე თუ მკითხავთ, საქართველოში ემიგრანტის ძეგლი დიდი ხანია უნდა არსებობდეს…
და კიდევ მნიშვნელოვანი თემები: მზია ამაღლობელი, ქართველი პოლიტპატიმრები და უკრაინა. ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის პირადი ტყვე. იგი იმისთვის ისჯება, რომ ქვეყანა რუს ფაშისტს არ ჩააბარა. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოში უკანონოდ დატყვევებულ პატიმრებს და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას – სრული მხარდაჭერა მათ, ვინც რუსეთს ებრძვის უკრაინაში და ცხადია, განსაკუთრებით – ქართველ მებრძოლებსა და ქართულ ლეგიონს. ისინი საქართველოსთვის იბრძვიან”, – აცხადებს ქეთი გოჩაშვილი.
აქციის კიდევ ერთი მონაწილე, ტიმოთი ჯიქია გვეუბნება, რომ ის იქ საქართველოში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის არსებობის გაპროტესტების მიზნით მივიდა.
“დიდი ხანია ცხადია, რომ “ქართული ოცნების” ამოცანაა ევროატლანტიკური სივრციდან საქართველოს ჩამოშორება და ჩვენი სამშობლოს ბნელ წარსულში დაბრუნება. მე მინდოდა, რომ, როგორც მინიმუმი, მათთვის დისკომფორტი შემექმნა. შეუძლებელია, რომ არ ვიყო სოლიდარული ჩემი მეგობრების, ნაცნობების, თანამემამულეების მიმართ, რომლებიც საქართველოში ყოველდღიურად აპროტესტებდნენ რეჟიმს, არ გამოვეხატო ჩემი პოზიცია აქ, ოკეანის გადაღმა”, – გვეუბნება ჯიქია.
მაკა კივილაძემაკა კივილაძის თქმით, მას მთავრობის წარმომადგენლებისა და ირაკლი კობახიძესთან საკუთარი გულისტკივილის დაფიქსირება უნდოდა.
“როცა გავიგე, რომ, სავარაუდოდ ირაკლი კობახიძე რესტორან ‘უბანში” მისვლას აპირებდა, გადავწყვიტე მივსულიყავი და ჩემი, როგორც საქართველოს მოქალაქის გულისტკივილი გამომეხატა: რატომ წაართვა “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს ევროპული მომავალი, ქართველ ემიგრანტებს საარჩევნო ხმის უფლება და კიდევ – როცა მმართველი პარტია “დიდ ეკონომიკურ ზრდაზე” საუბრობს, რატომაა ქვეყნიდან მოსახლეობის ასეთი მასობრივი მიგრაცია?!”, – ამბობს მაკა.
ემიგრანტის თქმით, იქ იქ მისულებს ადგილზე დახვდა რესტორნის წარმომადგენლის უკმაყოფილება.
“ასევე ჩვენს მიმართ საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის, კახა სიხარულიძის დაუსრულებლად დამცინავი, აბუჩად ამგდები რეპლიკები და იმავე სამინისტროს თანამშრომლის არჩილ ყარაულაშვილის მტკიცება, რომ მან შესაბამისი განათლება მიიღო, თავისით მიაღწია ყველაფერს და რომ საქართველოში ეკონომიკა ყვავის. თუმცა ისმის ლოგიკური კითხვა – რატომ არ აისახება ეს მზარდი ეკონომიკური მაჩვენებლები საქართველოს მოსახლეობაზე; რატომ გარბის ლამის უკვე ყოველი მეორე მოქალაქე საზღვარგარეთ და საკუთარ სახლში აღარ დაედგომება. პასუხი ასეთია – ადამიანები შიმშილს, უსამართლობასა და ავტორიტარიზმს გაურბიან”, – აცხადებს მაკა კივილაძე.
მზია ღლონტი კი აცხადებს, რომ მან უარი თქვა მაკა ბოჭორიშვილისთვის ხელის ჩამორთმევაზე.
„მე ხელს არ ჩამოგართმევთ, რადგან თქვენ გამყიდველი მთავრობის წარმომადგენელი ხართ!” – ვუთხარი მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს, რომელმაც ხელი გამომიწოდა. ნიუ იორკში რესტორანში მიმავალი მთავრობის წევრებისთვის მინდოდა მეთქვა ის, რაც ყველა ემიგრანტს აწუხებს – ემიგრაციაში გატარებული წლები და საქართველოში დაბრუნების შეუძლებლობა. მე და ჩემმა მეგობრებმა, ახლობლებმა წლების განმავლობაში იმისთვის ვიშრომეთ, რომ სამშობლოში დაბრუნებულიყავით… “ქართული ოცნებაც” ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებას გვპირდებოდა. მაგრამ რა გააკეთეს ხელისუფლების 14 წლის განმავლობაში? ქართველებს საკუთარი სახლიდან გასაქცევად გვაქვს საქმე და კიდეც გვერეკებიან, წადით ქვეყნიდანო…. ჩვენ გვინდა დაბრუნება, მაგრამ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური პირობების გამო ამის გაკეთებას ვერ ვახერხებთ! არიან ჩვენს გარშემო ისეთებიც, ვინც დაბრუნდა სამშობლოში, მაგრამ სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა და ისევ ამერიკაში წამოვიდა. საქართველოში დასაქმება ღირსეული ანაზღაურებით დიდი პრობლემაა. ამიტომ ვაპროტესტებთ ამ ხელისუფლებას, რადგან ეს ხალხის ხელისუფლება არ არის! მათი ზრუნვის საგანი მხოლოდ საკუთარი ჯიბეა”, – აცხადებს მზია.
მზია ღლონტიავტორი: ია მერკვილაძე, ნიუ-იორკი
netgazeti