რატომ ვიტანჯებით – არქიმანდრიტი გიორგი (კაფსანისი)

5 days ago 6

როგორც ხორციელი, ასევე სულიერი ტკივილები, ადამიანის ცხოვრებაში უფლის დაშვებით არის მოვლენილი. მაგრამ, მათ მხოლოდ ტანჯვა როდი მოაქვთ. ძალზედ ხშირად, ისინი დადებით ზეგავლენას ახდენენ ჩვენს ცხოვრებაზე და ჩვენს ქმედებებსაც ცვლიან.

ტანჯვის შესახებ ფილოსოფიური საუბრები და ღმრთისმეტყველება, რა თქმა უნდა მარტივია. მისი ყოველდღიურად განცდა, სწორად დათმენა და ღირსეულად გადატანა კი, შეუდარებლად მძიმე. ამიტომაც, ადამიანისათვის, რომელსაც ტკივილი თავად არ შეუცნია, დიდი კადნიერებაა ტკივილზე საუბარი. მაგრამ, მე ახლა დედამიწის ყველა კუთხეში მყოფ ჩვენს ძმაზე ვფიქრობ, რომლებიც ხორციელად და სულიერად იტანჯებიან.

როგორც წესი, ხორციელად ადამიანი სხვადასხვა ავადმყოფობის, შიმშილისა თუ ტყვეობის დროს იტანჯება. სულიერად კი, დევნის, ცილისწამების, სიყვარულის დეფიციტის და საყვარელი ადამიანების მხრიდან უპასუხო სიყვარულისას. აგრეთვე, აუსრულებელი სურვილების, სნეულების, საყვარელ ადამიანთა და ახლობელთა დაღუპვისა და კიდევ უამრავი სხვა მიზეზით. სულიერად იტანჯებიან ქრისტიანები, რომლებსაც უყვართ ღმერთი და ადამიანი. ისინი სიბრალულით შეჰყურებენ ადამიანებს, რომლებიც თავიანთი ცოდვებით “ამწუხრებენ” უფალს და ამცირებენ მის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანს.

რატომ გაჩნდა ადამიანის ცხოვრებაში ტკივილი და ტანჯვა?

რა თქმა უნდა, არა უფლის კეთილი ნებით! არამედ, მისი დაშვებით, როდესაც საკუთარი ეგოისტური ურჩობის გამო, ადამიანი სიცოცხლის წყაროსგან და თავის შემოქმედისგან აღმოჩნდა განშორებული. სასუფეველში ყოფნის სიხარულისა და უმტკივნეულო არსებობის დაკარგვის შემდგომ, ადამიანი სხვა მდგომარეობაში აღმოჩნდა: ჭეშმარიტი სიცოცხლე, სიკვდილის, ცოდვისა და ვნებების სქელი ღრუბლებით დაფარულმა, ხრწნას დაქვემდებარებულმა სიცოცხლემ შეცვალა, სადაც სინათლის სხივებიც კი ვეღარ აღწევენ.

მაგრამ, ისმის კითხვა: სასარგებლოა კი ტანჯვა ადამიანისათვის?

ადამიანისათვის ამ ახალ მდგომარებაში, ვგონებ, სიკვდილი და ტკივილი, რაღაც მხრივ სასარგებლო ფაქტორად იქცა, ისევე როგორც, მაგალითად ტყავის ქიტონი, რომლითაც უფალმა სამოთხიდან გაძევებული პირველქმნილნი შემოსა. ეს ქიტონები, გარკვეულ სანუგეშოს წარმოადგენდა განდევნილ პირველქმნილთათვის. სიკვდილმა კი, ბოროტებას დაუდო ზღვარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოროტება უკვდავი იქნებოდა დედამიწაზე.

ფიზიკური ტკივილი მიგვანიშნებს, რომ ადამიანი რაღაც დაავადების მიერ არის ძლეული და რომ შესაბამისი მკურნალობის დაწყებაა საჭირო. ექიმებმა იციან, თუ რაოდენ სასარგებლო შეიძლება იყოს ტკივილის მოქმედება. ამასთანავე, ნებისმიერი წარმომავლობის ტკივილი, საკუთარი ხრწნადობის შეგრძნებასა და შეზღუდულობის გაცნობიერებაში გვეხმარება, რითაც ყოველგვარი სახის თვითგანღმრთობისაგან განგვაშორებს. ტკივილი გვიბიძგებს ვიფიქროთ, თუ როგორ მიედინება ჩვენი ცხოვრება და მას სწორი მიმართულებით, ჩვენი უფლის – ყოვლადწმინდა სამებისაკენ წარმართავს. უფალი, ჩვენს მისდამი სიყვარულს, ყოველგვარი “ბიწისაგან” განსწმენდს და გვეხმარება, რომ უანგაროდ გვიყვარდეს იგი, არა მისგან მიღებული რაიმე სიკეთე (მაგალითად, ჯანმრთელობა, ოჯახური ბედნიერება და ა.შ.), არამედ თავად ის. გაიხსენეთ იობი: მრავალტანჯული, მაგრამ მოთმინებით აღჭურვილი, ალმასივით მყარი, რომელიც უდრტვინველად იტანდა სნეულებასა თუ სხვა მძიმე სატანჯველებს და დაამტკიცა, რომ უყვარდა უფალი, როგორც პიროვნება და არა მისგან მიღებული ჯილდოები და სიკეთე. მას ისევე გულმხურვალედ უყვარდა უფალი მაშინ, როდესაც სიკეთეს იღებდა მისგან და მაშინაც, როდესაც წყლულებით იყო დაფარული და როდესაც მისი ათივე შვილი მოკლულ იქნა.

ტკივილი არაერთხელ გვასწავლის, თუ როგორ უნდა მოვექცეთ ჩვენს მოყვასს, რომელსაც ხშირად ვმტრობთ და გულს ვტკენთ, ვაიძულებთ მათ, რომ ჩვენი ეგოისტური საქციელების გამო იტანჯონ. ხშირად, როდესაც ცოდვისმიერ სიამოვნებებში უგუნურად ჩაძირულნი, უკვე კატასტროფის პირას ვდგავართ და ეს მტანჯველი ხდება ჩვენი მოყვასისათვის, მხოლოდ მაშინ ვაცნობიერებთ ხოლმე ცოდვის ბოროტმოქმედებას.

ძალზედ ხშირად, მძიმე დაავადების მქონე ადამიანები, იწმინდებიან მისით, როგორც ოქრო ქურაში და ყველა ცრუ ნიღბის ჩამოშორებით, თავის ნამდვილ სახეს იძენენ. ტკივილისათვის მაკურნებელი ძალის მინიჭებისათვის, ისინი უფალს ადიდებენ, მაშინაც კი, როდესაც მათი სენი უკურნებელია. სულიერად ზრდასრულ ადამიანებს, ტანჯვა მაღალი სულიერი მდგომარეობის მიღწევაში ეხმარება და ამ სიმაღლეზე მყოფებს, უამრავი ტანჯული სულის ნუგეშისცემა და თანაგრძნობა შეუძლიათ. მაგალითად მოვიყვან მამა პაისს, რომელმაც სიხარულით მიიღო უმძიმესი სნეულება, სიმსივნე, იმაზე ფიქრით, რომ ერისკაცნი დიდ ნუგეშს იღებენ, როდესაც ხედავენ, რომ ბერებიც ავადმყოფობენო. და ეს საშინელი სენი, ბერისთვის კურთხევად იქცა.

და რას წარმოადგენს საღმრთისმეტყველო თვალსაზრისით სნეულება?

მძიმედ ტანჯული ადამიანის ბაგეთაგან, ხშირად გაჟღერებს შეძახილი, რომელიც მისი სულის სიღრმეშია ნაშობი: “რატომ, რატომ ღმერთო ჩემო?!” მგონია, მგონია რომ ამსოფლიური, ადამიანური პასუხი შეკითხვაზე “რატომ?!” არ არის და არც შეიძლება იყოს. რადგან პასუხი მხოლოდ ასეთია: უფალი ჩვენი ტკივილებისა და ტანჯვის თანამონაწილეა. ქრისტეს ჯვარი! ჩვენ გვწამს ჯვარცმული, დამცირებული და თავისი მტანჯველების წინაშე დამდაბლებული ღმერთის. ომარის მეჩეთში, იერუსალიმში, არის წარწერა: “ნურავინ იტყვის გმობას, რომ უფალს ჰყავს ძე!”ამ დროს კი, მეჩეთიდან სულ მცირე მანძილზე, არის გოლგოთა, სადაც ყველა ჩვენგანისათვის ეწამა ქრისტე. ჩვენ, ქრისტიანებს, არამც და არამც, არ გვრცხვენია გვწამდეს “განკაცებული, ჩვენთვის ჯვარცმული და მკვდრეთით აღმდგარი” ღმერთი. ღმერთი, რომელიც ჩვენდამი უსაზღვრო სიყვარულის გამო, ჩვენი უძლურებების თანაზიარი გახდა, შეიმოსა ხრწნადი და ვნებებით მოცული სხეული, რათა უკვდავი გაეხადა იგი. ხოლო მიუწვდომელი, საკუთარ თავში ჩაკეტილი, ურთიერთობის არმოსურნე ღმერთის, ჩვენ არა გვწამს, ჩვენ მას არ ვგრძნობთ და არც ვიღებთ. ერთხელ, ერთ-ერთი გიმნაზიის სტუდენტმა გოგონამ მითხრა: “მე მაოცებს სოკრატე, რომელმაც ფილოსოფიური უვნებობით მიიღო სიკვდილი, მაგრამ მიყვარს ღმერთი, რომელმაც ადამიანური ბუნებით მიიღო სიკვდილი!” მოდით, ნუ დავივიწყებთ სიტყვებს: “ ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?”

ღმრთის ადამიანები,  ღმრთაებრივ სიფაქიზეს იძენენ ნებისმიერი ტკივილის მიმართ, რომლითაც ყოველი

ცოცხალი არსება იტანჯება. ისინი, მის ყოველგვარ გამოვლინებას თანაუგრძნობენ. აბბა ისააკ სირიელი წერს: “ადამიანის გული ყოველ ქმნილებას თანაუგრძნობს, ადამიანს, ჩიტებს, ცხოველებს, დემონებსა და ყველა სხვა არსებებს. მათი გახსენებისა და თვალების მათკენ მიპყრობისთანავე, ყოვლისმომცველი სიბრალულის დიდი და ძლიერი განცდისაგან, ადამიანი ცრემლად იღვრება. დიდი მოთმინებით მდაბლდება მისი სული და არ ძალუძს არც გაგონება და არც დანახვა, თუნდაც მცირე ტკივილისა თუ მწუხარების, რომელსაც ცოცხალი არსებანი განიცდიან. ამიტომაც, უტყვთათვის და ჭეშმარიტების მტერთათვისაც, ამავდროულად კი, მისთვის ყოველგვარი ზიანის მომტანთათვის, იგი ყოველწამიერად ცრემლებით ლოცულობს, რათა გადარჩნენ და განიწმინდონ ისინი; უდიდესი სიბრალულით განმსჭვალული ლოცვა კი, განუზომლად ძლიერ ცოცხლდება ადამიანის გულში, მისი უფალთან მსგავსების გამო.

თუმცაღა, საგულისხმოა, რომ მთელი ქმნილებისადმი თანაგრძნობა წმინდანთა მხრიდან, არ გახლავთ ბუდისტური ინერტული სიმპათიის მსგავსი, არამედ, ეს არის ქმედითი თანაგანცდა მოყვასის ტანჯვისა. ამგვარად, აბბა აგათონს, სურვილი ჰქონდა ვინმე კეთროვანი ეპოვა და მისთვის თავისი ჯანმრთელი სხეული მიეცა, თავად კი, მისი დასნებოვნებული სხეული შეემოსა.

მაგრამ, საბოლოოდ, ტკივილი და ტანჯვა, მაინც რაღაც საიდუმლოდ რჩება ჩვენთვის, რომელიც ადამიანის თავისუფლების განუზომელ სიღრმეშია “ჩაძირული”. ამ ცხოვრებაში, ეს საიდუმლო მხოლოდ “ნაწილობრივ” მჟღავნდება ჩვენთვის. როდესაც ჩვენი თვალები განიწმინდება, მაშინ კი, ყველაფერს ნათლად “ვიხილავთ”. მანამდე კი, პატივისცემით, ყურადღებით, თანაგრძნობითა და მოყვასის სიყვარულით შევიდეთ თითოეული ტანჯული ადამიანის მდგომარეობაში და ჩვენს ჯვარცმულ უფალს ვევედროთ, რომ მოიღოს ჩვენზედ თავისი მადლი, ძალა და გვასწავლოს სწორად და ღირსებით გადატანა ყველა იმ ტანჯვისა და სნეულებისა, რომლებსაც უფალი სიყვარულით უშვებს ჩვენს ამ დროებით სამყოფელში – ზეცისაკენ მიმავალ გზაზე.


წყარო: pemptousia.com 

სრულად წაკითხვა