საქართველოში ვიზიტით ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსე იმყოფება, რომელიც უკვე შეხვდა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს.
ალენ ბერსეს ვიზიტი და ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა „ქართულ ოცნებაში“ მათ „ლეგიტიმაციაზე სპეკულაციების დასრულებად“ შეაფასეს. ევროპის საბჭო არ არის ევროკავშირის შემადგენელი ნაწილი. ევროპის საბჭო ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით შექმნილი გაერთიანებაა, რომლის წევრიც საქართველო უკვე არის.
ალენ ბერსესთან ირაკლი კობახიძის შემდეგ „ქართული ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს ნაყოფიერ თანამშრომლობას, ასევე – ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.
„ჩვენ გვქონდა ძალიან მეგობრული, პროდუქტიული შეხვედრა. ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობაზე. შევთანხმდით, რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყანასა და ევროსაბჭოს შორის. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენი ინტერესია, რომ ეს თანამშრომლობა მაქსიმალურად აქტიურად გაგრძელდეს. პირადად გენერალური მდივნის როლი ამაში განსაკუთრებულია და დარწმუნებულები ვართ, ჩვენს ქვეყანას ექნება პირადად ბატონი ალენ ბერსეს მხარდაჭერა ყველა მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
კობახიძის თქმითვე, შეხვედრაზე ისაუბრეს „ოცნების“ გადაწყვეტილებაზე, რომ ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე შეჩერდა.
„განვუმარტეთ გადაწყვეტილების მიზეზები. რაც შეეხება რეაქციას, ამაზე მან თავად უნდა ისაუბროს თუ ექნება ამის სურვილი“, – განაცხადა კობახიძემ.
თავად ალენ ბერსეს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა ვიზიტის დაწყებამდე განცხადება გაავრცელა ევროპის საბჭომ, სადაც აღნიშნულია, რომ ვიზიტი იმართება პოლიტიკური და სოციალური დაძაბულობის პირობებში, რომელსაც თან ახლავს პოლიტიკური დისკურსის უკიდურესი პოლარიზაცია და ბოლო კვირებში მომხდარი ძალადობის ფაქტები.
მათივე განცხადებით, ვიზიტის მიზანია, უზრუნველყოს ევროპის საბჭოსა და საქართველოს შორის “თანამშრომლობის გაგრძელებისთვის აუცილებელი პირობები, ორგანიზაციის ღირებულებებისა და პრინციპების სრული დაცვით”.
„საქართველო, რომელიც 1999 წლიდან ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოა, ვალდებულია, პატივი სცეს ორგანიზაციის ფუნდამენტურ პრინციპებს: დემოკრატიას, ადამიანის უფლებების დაცვასა და სამართლის უზენაესობას. ეს პრინციპები, რომლებიც ევროპის საბჭოს წესდებასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაშია (ECHR) ჩამოყალიბებული, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ევროპაში სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად. გენერალურმა მდივანმა ისარგებლა შესაძლებლობით, ეს გზავნილი მკაფიოდ გაემეორებინა საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან გამართულ სატელეფონო საუბრებისას.
ამ დაძაბულ და შემაშფოთებელ კონტექსტში, ევროპის საბჭო ყველა მხარეს მოუწოდებს, თავი შეიკავონ დაძაბულობის შემდგომი ესკალაციისგან. ასევე, უხმობს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ძალის არაპროპორციულ გამოყენებისგან და პატივი სცეს ძირითად თავისუფლებებს, განსაკუთრებით გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. ეს პრინციპები აუცილებელია ქვეყნის სტაბილურობისთვის და საქართველოს ხალხის მოლოდინების დასაკმაყოფილებლად.
ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის, რომელიც ეროვნულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით მომზადდა და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2023 წლის 18 ოქტომბერს დაამტკიცა, მიზნად ისახავს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ადამიანის უფლებების ხელშეწყობას და სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას. ევროპის საბჭო მზად არის, ეს მხარდაჭერა ადგილზე არსებულ რეალობას მოარგოს და ამავე დროს აქტიურად ითანამშრომლოს სამოქალაქო საზოგადოებასთან. მისი პრიორიტეტები აუცილებელია ეროვნული დონეზე რეფორმების პროგრამაში აისახოს.
გენერალური მდივანი მიესალმება ნიკა გვარამიასა და ალეკო ელისაშვილის გათავისუფლებას. იგი მათ ვიზიტის ფარგლებში შეხვდება, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად. გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ გამოხატავს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერას“, – ნათქვამია ევროპის საბჭოს განცხადებაში.