ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე “კვირის პალიტრას“მომღერალი,ზურა ხაჩიძე ესაუბრა. ხაჩიძე გამოცემასთან ამბობს, რომ “ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებამდე არ უნდა მივიყვანოთ და ამ ქვეყანაში სისხლი არ უნდა დაიღვაროს, რადგან ისედაც დემოგრაფიული პრობლემის წინაშე ვდგავართ“:
“ძალიან არ მომწონს ცნობილი ადამიანების ორმხრივი სტანდარტი. ძალადობას თუ გმობ, არ შეიძლება, დაგმო ცალმხრივად. გმობენ ჟურნალისტზე ძალადობას, მაგრამ არ გმობენ “იმედის” ან “პოსტივის” ჟურნალისტზე ძალადობას. ეს არ არის ორმხრივი სტანდარტი? ეს ამ ქვეყანას კარგს არაფერს უქადის“, – აღნიშნა ხაჩიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, “ბულინგი, დაპირისპირება, რომელიც დღეს საზოგადოებაშია, რაზე მიანიშნებს“, ხაჩიძემ უპასუხა:
“დღეს რაღაც ტექსტებზე მთაგავენ, მაბულინგებენ, წერენ, – დაგაგვიანდა, წამოსვლის განცხადებას რატომ არ აკეთებო? ქვეყნის კურსი არ შეცვლილა, ძალიან ბევრ ინფორმაციას ვეცნობი ნეიტრალური პოლიტიკური ექსპერტებისგან, დასავლელი ანალიტიკოსებისგან. ბულინგი დატრენინგებული ახალგაზრდების ხელწერაა, აკერმანის სწავლებები რომ გაიარეს.
გაიხსენეთ, რამდენი ხელოვანი ესწრებოდა ამ ტრენინგებს და როგორ ლაპარაკობდნენ, ჩვენ ხელოვნებაზე ვისმენდით ლექციებსო. ეს ადამიანები შეცვივდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელში. ნახეთ, როგორ ელაპარაკებიან ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას“ – თქვა ხაჩიძემ.
ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა, რას ფიქრობს მომღერალი საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის შესახებ და როგორ მოიპოვა მისი ნდობა და მხარდაჭერა:
“დიპლომზე აპელირებენ. დიპლომიანი ბევრი პოლიტიკოსი ვიცით, რომელიც დღეს ერეკლე მეფეს, ისტორიას გვილანძღავს. სალომე ზურაბიშვილი ბავშვებს რომ მოუწოდებდა სკოლებიდან გამოსვლაზე, რა დიპლომზეა ლაპარაკი? ეს ადამიანი რამდენ არაკონსტიტუციურ ქმედებაშია მხილებული. მიხეილ ყაველაშვილს წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებ! დარწმუნებული ვარ, წინა ორი პრეზიდენტისგან განსხვავებით, ის ქართველ ხალხს იმედს არ გაუცრუებს. სწორედ ამ დამოკიდებულებით შეირჩა ამ თანამდებობაზე. ძალიან ბევრი სამუშაო აქვს, რომ ნდობა აღიდგინოს პრეზიდენტის ინსტიტუტმა ამ ქვეყანაში“ – უპასუხა ხაჩიძემ “კვირის პალიტრას“.