რაც ამ ღამეს მოხდა გახარიას მიმართ სრულიად წარმოუდგენელია – ზურაბიშვილი

4 hours ago 1

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ახალი წლის შემდეგ დაწყებულია რეპრესიების, დაჭერების, დაშინების ახალი ტალღა, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს – გააჩეროს პროტესტი, რომელიც არ გაჩერდება.

ზურაბიშვილი გამოეხმაურა ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ამჟამად პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმასაც და მას „სრულიად წარმოუდგენელი“ უწოდა.

„ჩვენ გადავედით რუსული რეჟიმის ახალ ეტაპზე, რომელიც აშკარად ყველა იმ საშუალებას იყენებს, რაც ახასიათებდა და ახასიათებს რუსულ, პუტინის რეჟიმს. ამის ერთი მაგალითია ის, რაც მოხდა აბუ-დაბიში მოქალაქის მიმართ დეპუტატების მხრიდან, რომელთაც სხვა თუ არაფერი, მოთმინების ვალდებულება უნდა გააჩნდეთ, მაგრამ აქ არსად ჩანს მოთმინება, პირიქით, როგორც ჩანს დეპუტატები, არ ვიცი ინსტრუქცია აქვთ მიღებული თუ მათი ნებით ხდება, გამოყენებულები არიან ძალადობაში, რაც სრულიად გაუგებარია ჩვეულებრივი ქვეყნისთვის და მხოლოდ ავტორიტარულ, დიქტატორულ, ტოტალიტარულ რეჟიმებს ახასიათებს.

ასევე, ის, რაც ამ ღამეს მოხდა ერთ-ერთი პოლიტიკოსის, გიორგი გახარიას მიმართ სრულიად წარმოუდგენელია. მე არ მინდა გამოვარჩიო პოლიტიკოსები და სხვები, ყველა მოქალაქეს ეხება. არავის მიმართ არ შეიძლება ძალადობა, მცდელობა, რომ დააშინო მოქალაქეები. ეს არის მიუღებელი. ამის შესახებ საერთაშორისო პარტნიორებსაც შევატყობინებთ და იქნება თანადგომაც, რადგან არ შეიძლება, რომ ეს დავუშვათ.

ისე დაემთხვა, რომ დღეს საზოგადოების დიდი ნაწილის გაფიცვა. სწორედ ეს გაფიცვა უნდა იყოს იმის მაჩვენებელი, რომ საზოგადოება არ დაშინდება, საზოგადოება არის შემართებით, იცის რა უნდა და რა არ უნდა. არ დათანხმება საქართველო იმას, რომ გადაიქცეს რუსულ რეჟიმად ბოლომდე. ამისთვის საქართველო იბრძვის და იბრძვის მშვიდობიანად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილს მიმართა, რომ მისი მცდელობა ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირება მოახდინოს, წარმოუდგენელია.

„იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ, არ არსებობს ორი მხარე საქართველოში. არსებობს საზოგადოება და არსებობს ისინი, ვინც არიან ძალადობის მატარებლები, იქნებიან ესენი დეპუტატები თუ ის კერძო ადამიანები, რომლებიც თავის თავს ნებას აძლევენ, სოციალურ ქსელში გააჟღერონ ძალადობის გზავნილები. ესენიც არიან მონაწილე იმ ძალადობრივი რეჟიმის. ასე რომ, ერთ მხარეს არის რეჟიმი, საზოგადოება მეორე მხარეს. ამ შემთხვევაში ბატონო ივანიშვილო, საზოგადოება ყოველთვის იმარჯვებს,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


გასულ ღამით ბათუმში, სასტუმრო „შერატონში” ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას სცემეს.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი კი წერს, რომ იკვეთება მტკიცებულებების განადგურება.

მომხდარზე ინფორმაცია თავდაპირველად მთის ამბები/საქართველოს ამბების რედაქტორმა, გელა მთივლიშვილმა გაავრცელა.

„რუსული რეჟიმის პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები (დაზუსტებით — დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე) და სხვები (სავარაუდოდ ვარლამ ლიპარტელიანი) ჯგუფურად თავს დაესხნენ გიორგი გახარიას — ყოფილ პრემიერს, მანამდე ჩვენს მეგობარს, რომელიც ამავე სასტუმროში იყო დაბინავებული. გახარია კლინიკაშია გადაყვანილი“, — წერს მთივლიშვილი სოციალურ ქსელში.

გიორგი მანველიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრია, დღეს ის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებს.

კლინიკის მორიგე ექიმის განმარტებით, გახარიას აქვს ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა. მისი მდგომარეობა სტაბილურია და გახარიამ თავისი სურვილით დატოვა კლინიკა.

„ოცნების“ ეს წევრები, გახარიამდე გარკვეული პერიოდით ადრე, ამავე სასტუმროს ლობიში თავს დაესხნენ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს, პოლიცია კი გამოძახებაზე დაგვიანებით მივიდა.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, გიორგი გახარიას თავს 10-მდე პირი დაესხა.

მისი თქმით, თავდასხმის მომენტში გახარია მარტო იმყოფებოდა.

სრულად წაკითხვა