„რეაგირება უნდა გვქონდეს“ — ლიეტუვის პრეზიდენტი „რუსულ კანონზე“

1 week ago 11

ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას განცხადებით, საქართველო არათუ უახლოვდება, არამედ შორდება ევროპულ იდეალებს.

„ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ „რუსულ კანონს“ ლიეტუვის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ, პოლონელ კოლეგასთან შეხვედრაზე გამოეხმაურა. გიტანას ნაუსედა და ანდჟეი დუდა დირმიშკესში სამხედრო წვრთნებს დაესწრნენ.

„ბოლო დღეებში სატელეფონო საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტთან, ქალბატონ ზურაბიშვილთან. სამწუხაროდ, ის მოვლენები, კანონში ცვლილებები, რაც იქ იგეგმება, ნათლად მეტყველებს, რომ ჩვენი ახლო ქვეყანა — საქართველო — არ უახლოვდება, არამედ შორდება ევროპულ იდეალებს. ეს ნამდვილად ქმნის დაბრკოლებებს, რომ ევროინტეგრაციის გზის შეუფერხებლად გაგრძელებაში. ამიტომ, ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ“, — განაცხადა ნაუსედამ 26 აპრილს.

გუშინ, 25 აპრილს, სატელეფონო საუბარი შედგა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ლიეტუვის პრეზიდენტს შორის. ლიეტუვის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოხატა „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით და იმაზე, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე.


მესამე კვირაა მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს აწყობენ. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.

დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.

მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.

საზოგადოებისთვის „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, პირველი მოსმენით, უკვე მიიღო 17 აპრილს. თუმცა საბოლოოდ ძალაში შესასვლელად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენით მიღება, შემდეგ პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება.

ამავე თემაზე:

სრულად წაკითხვა