რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ - გახარია "გავრილოვის ღამეზე"

1 day ago 4

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიასთან საუბრის დროს განმარტა, რომ 2019 წლის 20 ივნისის ე.წ. გავრილოვის ღამეს რეზინის ტყვიები მისი ბრძანებით არ გამოუყენებიათ, თუმცა მისთვის უცნობია, ვისი გადაწყვეტილებით მოხდა ეს.

თეა წულუკიანი: როგორც წესი, გამოიცემა ხოლმე მინისტრის მიერ ბრძანება, როდესაც საჭიროა საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენა ან დაცვა, თქვენ ასეთი ბრძანება გამოეცით, როდის გამოეცით? რას ითვალისწინებდა ეს ბრძანება და როგორ განვითარდა მოვლენები?

გიორგი გახარია: მე ამ ყველაფერზე მაქვს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიცემული ჩვენება, რა თქმა უნდა მესმის კომისიის ფორმალური მანდატი , მაგრამ ასევე მესმის რომ კომისია გამოძიებას ვერ ჩაანაცვლებს.... წამოღებული მაქვს ჩემი დაკითხვის ოქმები, შემიძლია დაგირიგოთ, არც იმას ვიკადრებ რომ ავიღო და ამის კითხვა დავიწყო,, რა თქმა უნდა ბრძანება იყო გამოცემული , ეს იყო სპეციალური გეგმა, რა თქმა უნდა ამ გეგმას ხელს ვაწერდი მე და ჩემი მოადგილეები. ამ გეგმასთან მიმართებაში შემიძლია გითხრათ, რომ გეგმის შესაბამისად წავიდა იმ ღამეს ოპერატიული ქმედებების ბევრი ნაწილი , ნაწილი გამოვიდა გეგმის ფარგებიდან, შემდგომ გეგმის ფარგლებში დაბრუნდა, საბოლოო ჯამში ეს იყო შტურმი პირველად ხელისუფლების ფუნქციონირების მერვე თუ მეცხრე წელი იყო, არ იყო მარტივი. არ არსებობს სპეციალური ოპერაცია, რომელიც იდეალურად და გეგმის შესაბამისად ჩატარდება, ჩვენ ვაღიარებდით, რომ იყო ცალკეული გადაცდომები, ამ გადაცდომებზე მიმდინარეობდა ცალკეული გამოძიებები, ეს ყველაფერი ყველასთვის კარგად ცნობილია.

თეა წულუკიანი: ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით ვინ გასცა?

გიორგი გახარია: ბრძანება სპეციალური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით, შესაბამისი გეგმის და პოლიციის შესახებ კანონის შესაბამისად, იმ შემთხვევაში როდესაც ეს ეხებოდა ცრემლსადენ გაზს გავეცი მე, იმ შემთხვევაში, როდესაც ეხებოდა წყლის ჭავლს - გავეცი მე, სხვა შემთხვევებში სპეციალური საშუალებების გამოყენების ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ. ზუსტად იგივე პასუხი არის დაკითხვის ოქმშიც.

თეა წულუკიანი: შესაბამისად, თქვენ ამბობთ, რომ ადგილზე მყოფმა კონკრეტულმა შეიარაღებულმა დანაყოფებმა, წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება წყლისა და ცრემლსადენი გაზის გარდა, ასეთი საშუალებების, მათ შორის რეზინის ტყვიების გამოყენებაზე.

გიორგი გახარია: მე ვამბობ, იმას რასაც ვამბობ, მე ვამბობ, რომ ასეთი ბრძანება არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაუციათ.

თეა წულუკიანი: მაგრამ თქვენთვის ცნობილია ვინ გასცა ეს ბრძანება, თუ თვითნებობას ჰქონდა ადგილზე?

გიორგი გახარია: მე რომ მცოდნოდა, ცნობილი ყოფილიყო, რომ ასეთი ბრძანება არსებობდა, ან ვინმემ გასცა, რა თქმა უნდა მე მას დაკითხვის დროს გამოძიებას შევატყობინებდი.

თეა წულუკიანი: შესაბამისად, სხვას თქვენს ადგილას ასეთი ბრძანება არ გაუცია

გიორგი გახარია: შესაბამისად, ამის შესახებ მე არ ვიცი

თეა წულუკიანი: ეჭვი გაქვს, რომ სხვამ გასცა, თქვენ იყავით შინაგან საქმეთა მინისტრი

გიორგი გახარია: მე არაფერი არ მაქვს, მე ვამბობ, რომ შესაბამისად მე არ ვიცი

თეა წულუკიანი: გასაგებია.

გიორგი გახარიას განცხადებით აქციის დასაშლელად 2019 წლის 20 ივნისის ღამით, პოლიციამ ჯერ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, შემდეგ წყლის ჭავლი, რასაც მისი თქმით, პოლიციის შესახებ კანონი ითვალისიწენებს>

თეა წულუკიანი: ტყვიები რა მომენტში იქნა გამოყენებული:

გიორგი გახარია: როგორც მახსოვს ეს მოხდა სადღაც შუაში

თეა წულუკიანი : ცრემლსადენ გაზსა და წყალს შორის

გიორგი გახარია: დიახ.

თეა წულუკიანის კომისიამ გახარია „გავრილოვის ღამის“, 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დაიბარა - ამ დროს ის „ქართული ოცნების“ მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

2019 წლის 20-21 ივნისს მოქალაქეების პროტესტი რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან სხდომის წაყვანამ გამოიწვია.

კომუნისტი დეპუტატი, რომელსაც ხმა აქვს მიცემული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისთვის, საქართველოში მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფორუმზე იმყოფებოდა.

20-21 ივნისის ღამეს აქციის დარბევისას დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 30-ზე მეტი ჟურნალისტი. 2-მა ადამიანმა დაკარგა თვალი, 2 ადამიანი აქციის დარბევიდან რამდენიმე დღის განმავლობაში საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

საპროტესტო აქციები 20 ივნისის შემდეგ ყოველდღიურ რეჟიმში სამი თვის განმავლობაში იმართებოდა - აქციების მთავარი მოთხოვნა არჩევნების წესის ცვლილება, დაკავებულების განთავისუფლება და შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა იყო.

3 სექტემბერს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად „ქართული ოცნების” ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა.

მისი პრემიერ-მინისტრობის დროს დააკავეს „ენმ“-ის თავმჯდომარე ნიკა მელია. მას ბრალად ედებოდა 20-21 ივნისს, პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობა ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა.

პრემიერ-მინისტრის პოსტი გიორგი გახარიამ 2021 წლის 18 თებერვალს დატოვა და თქვა, რომ მიზანშეუწონლად მიაჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მხარდამჭერებთან ერთად გამაგრებული ნიკა მელიას პოლიციური ოპერაციით დაკავება. „ამით საფრთხე შეექმნებოდა მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს“ - თქვა მან საკუთარ გადაწყვეტილებაზე საუბრისას.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შესასწავლად „ქართულმა ოცნებამ“ კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შექმნა. 27 მარტს კი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ფართოვდებოდა კომისიის მანდატი და აღარ შემოიფარგლებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდით. სწორედ გაფართოებული მანდატის ფარგლებში დაიბარეს გახარია სხდომაზე.

სრულად წაკითხვა