დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტის უფროსი, კობა ბარამია პოსტიდან გაათავისუფლეს.
“მაქვს პატივი გაცნობოთ, რომ 31 დეკემბერს, 20:37 საათზე, თურმე, კანცელარიის პროგრამაში დამეწერა თანდართული შეტყობინება.
ეს არის ნამდვილი საახალწლო საჩუქარი, რომელიც გუშინ ვნახე შემთხვევით და მთელი ცხოვრება მემახსოვრება.
დიახ, პირველი თებერვლიდან ვემშვიდობები საქმეს, სამსახურს, რომელსაც ჩემი ცხოვრების 10 წელი მივუძღვენი უმაგრეს პროფესიონალებთან ერთად და ძალიან მიყვარს. 2014 წელს ამ სისტემაში ასისტენტის პოზიციაზე დავსაქმდი და ამ ათი წლის განმავლობაში, ნელ-ნელა, დაწინაურებებით 2020 წელს დავინიშნე დეპარტამენტის უფროსად. ახლა კი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების ეფექტი მისი გამოქვეყნებიდან მე-2 დღეს გამოვცადე საკუთარ თავზე.
უნდა მოგიყვეთ რა მაგარ საქმეს ვაკეთებდით. ძალიან, ძალიან ბევრ ადამიანს, ბავშვს ვეხმარებოდით და ვამაყობ რომ ბევრი ბავშვის ცხოვრება სწორი მიმართულებით შევცვალეთ (ზრდასრულებისაც). მეტიც, მე იმ დეპარტამენტს ვხელმძღვანელობდი, რომელმაც მკვლელობის საქმეზე ჩაატარა მედიაცია, ერთმანეთს შეახვედრა გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მსჯავრდებული, შედეგად კი შურისძიების რისკები ისე დაწია, წლებია არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.
გული მისკდება იმის გაცნობიერებით, რომ ჯამში სამი დეპარტამენტის საქმეზე თავგადადებულ უფროსს გვიშვებენ სამსახურიდან. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის უფროსს Natia Aliashvili და მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის დეპარტამენტის უფროსს – Tkeshelashvili Nino.
დიახ, ვამაყობ რომ პროფესიონალი ვარ, მაქვს პრეტენზია რომ ვარ კომპეტენტური იურისტი, მაგრამ ვაღიარებ, ამ უსამართლობამ დამანგრია, დროებით, მაგრამ მაინც.
რა მანერვიულებს?
უსამართლობის შეგრძნების გარდა ის, რომ მეშინია წყალში არ ჩაიყაროს ეს შრომა. დაე ვიყო ბოლო ამ უსამართლობის მსხვერპლი, ოღონდ ეს დაწყებული საქმე გაგრძელდეს უმაგრესი შედეგებით, განვითარდეს და სხვამ იამაყოს იმით, რაც მე არ დამცალდა.
რა საქმეს ვაკეთებდი?
ვხელმძღვანელობდი მიმართულებას, რომელიც შეზღუდული რესურსებით, ბავშვთა მართლმსაჯულების საკითხებზე (და არა მხოლოდ) მუშაობს, ყველაზე ჰუმანურია და ყველაზე აღდგენითი. მარტივად რომ ვთქვათ, სიკეთეს აკეთებს, ადამიანებს ეხმარება შერიგებაში, დიალოგში და ხელს უწყობს კანონთან კონფლქიტში მყოფ ბავშვებს კანონმორჩილ მოქალაქედ ჩამოყალიბებაში. ეეჰ რამდენი იყო კიდევ გასაკეთებელი და როგორ გულიბრყვილოდ მჯეროდა რომ ისტორიას დავწერდი ძალიან მაგარ ადამიანებთან ერთად.
მქონდა მთავარი მიზანი, „აღდგენითი მართლმსაჯულების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებისთვის მიმეღწია და შემდეგ თავაწეული, ამაყი წავსულიყავი სისტემიდან რომ შვილებისთვის მომეყოლა, რომ ისტორია დავწერე უმაგრეს ადამიანებთან ერთად. ახლა კი ქრონიკულად იმედიან გულუბრყვილო ჩემს თავზე მეცინება.
რატომ მიშვებენ?
დიახ, სწორად მიხვდით. შეგნებულად არ დავწერ იმ ორ სიტყვას, რომელიც ასე მეზიზღება და უსამართლობის, უსუსურობის შეგრძნებას მიჩენს. გასული ერთი თვე იყო ჯოჯოხეთური და ბოლომდე მჯეროდა, რომ ჩემი სამსახური განსხვავებული იყო და არ გადამაყოლებდა ჩემი აზრის გულრფელად გამოხატვას და იმ 3 თანამშრომლის დაცვის მცდელობას, რომლებსაც ხელშეკრულებები არ გაუგრძელდათ.
ვის კარგავს სისტემა?
* თანამშრომელს, რომლის გადამზადებაშიც ასიათასობით ლარია ჩადებული სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროკავშირი, გაეროს ბავშვთა ფონდი, ევროპის საბჭო, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს INL პროგრამა) მხრიდან.
* თანამშრომელს, რომლის სამსახურებრივ ტაბელს თუ შეხედავთ, თანამდებობის და ზოგადად მასთან ასოცირებული პრივილეგიების მიუხედავად, 9 საათზე სამსახურში იყო.
* თანამშრომელს, რომელიც უშუალო უფროსისგან საუკეთესო, 4 ქულით შეფასდა დეკემბრის თვეში (მერე მოგაწერინებთ გაცნობის ფურცელზე ხელსო და იმედია არ გაქრება ეგ დოკუმენტი).
* თანამშრომელს, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა, 27 დეკემბრის ჩათვლით საავადმყოფო ფურცელი ეკუთვნოდა და საქმის და ადამიანების გამო ფურცელი თავისი ინიციატივით 23 დეკემბერს დახურა. 24 დეკემბერს კი გუნდში მსჯელობდა ყველაზე ინფორმაციული ანალიტიკური დოკუმენტის და აქამდე რომ არ გაკეთებულა ისეთი საქმიანობის ანგარიშის გაკეთებაზე.
* თანამშრომელს, რომელიც ორჯერ დაჯილდოვდა განსაკუთრებით წარმატებული საქმიანობისთვის და ერთი დისციპლინური პასუხისმგებლობა არ ჰქონია.
* თანამშრომელს, რომელიც დავალებებს იღებდა და ასრულებდა დღე და ღამე, საქართველოში თუ საზღვარგარეთ, შვებულებაში ჩალმიჩას კოშკიდან, თუ ზღვის სანაპიროდან.
* თანამშრომელს, რომელიც ამაყობს რომ სისტემიდან ისე მიდის, არცერთი ბავშვის საქმე არ დაუტოვებია ყურადღების გარეშე და რეაგირებდა იქ, ისე, როგორც საჭირო იყო.
* თანამშრომელს, რომელმაც თავის სხვა თანამშრომელთან ერთად დაწერა კანონის პროექტი, ისეთი მაგარი, რომ საერთაშორისო ექსპერტთან განხილვაზე ერთი შინაარსობრივი ხარვეზიც არ დაფიქსირებულა.
* თანამშრომელს, რომელიც ხელმძღვანელობდა შეზღუდული ადამიანური რესურსების დეპარტამენტს, მაგრამ ენთუზიაზმითა და საქმის ირგვლივ გაერთიანებით ხშირად იმსახურებდა შექებას, ეს შექება კი პატარა ბავშვივით უხაროდა და მოტივაციას იორმაგებდა.
* თანამშრომელს, რომელიც ბოლომდე უფრთხილდებოდა სამსახურის რეპუტაციას და მთელი თავისი ინტელექტის, გამოცდილების გამოყენებით წარმოაჩენდა მას ქვეყნის შიგნით, თუ საზღვარგარეთ. ამასთან, არ ერიდებოდა გამოწვევების დანახვას, მის აღიარებას და გამოსავლის ძიებას.
* თანამშრომელს, რომელსაც საქმე გაკეთებული ჰქონდა დავალების მიღებამდე, ან დავალების გარეშე იწყებდა ახალ საქმეს თავის გუნდთან ერთად, როცა ხედავდა რომ საქმე იყო გასაკეთებელი.
* თანამშრომელს, რომელიც თავის წვრილმან შეცდომებსაც აღიარებდა, არათუ მალავდა და აქეთ ამშვიდებდნენ უფროსები.
* თანამშრომელს, რომელსაც ეზიზღებოდა ტყუილები და მუშაობდა ოქროს წესით „თუ გინდა უფროსის ნდობა გქონდეს, არ უნდა მოატყუო“.
* თანამშრომელს, რომელიც არ არის უმადური და მიუხედავად ამ უსამართლობისა, ხაზს არ გადაუსვამს იმ ბევრ კარგს, რომელიც ამ სისტემაში მას გაუკეთეს, მათ შორის მან, ვინც უშვებს.
რა გეგმა მაქვს?
ჯერ აზრზე უნდა მოვიდე და დავლაგდე. მხოლოდ ერთი ვიცი, უსამართლობის შეგრძნებას არ შევეგუები. მჯერა, რომ სიკეთე გაიმარჯვებს, მჯერა, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია და ადამიანს ცხოვრება აგებინებს პასუხს თავის ცუდ საქციელზე.
მეტი?
2024 წელს ჩემ ირგვლივ მყოფმა უცხო ადამიანებმა ისეთი სიკეთე მაჩვენეს, ერთმანეთის და ქვეყნის ისეთი სიყვარული გამოავლინეს, მჯერა რომ სწორ მხარეს ვდგავარ, სარკეში ამაყად ვუყურებ ჩემს თავს და ცხოვრებისეულ მიზნად ვიქცევ სიყვარულის, სიკეთის ფრქვევას და ჩემი ქვეყნის ერთგულებას.
[ვინც მიცნობს, ჩემი სიძლიერის იციან, მაგრამ ვინც არ მიცნობთ, სისუსტეში არ ჩამითვლით იმედია იმის თქმას, რომ ქვემოთ დაწერილი წინადადების წერისას ხელები მიკანკალებდა, ცრემლებს ვებრძოდი და დიახ კაცებიც ვტირით (არადა, 1 თვეც არ გასულა ჩემი ოპერაციიდან, არ შეიძლება ჩემი ასეთ დღეში ყოფნა, ტირილი მით უმეტეს, მაგრამ აინტერესებს ვინმეს?]
მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე მაინც ვუგულშემატივრებ ჩემს აწ უკვე (პირველი თებერვლიდან) ყოფილ სამსახურს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის სააგენტოს. გულწრფელად მინდა ამ ყველაფერმა არ დააზიანოს მისი რეპუტაცია, იყოს ისევ ის სააგენტო, რომლის თანამშრომლობითაც 10 წელზე მეტი ასე ვამაყობდი და წარმატებულ 2025-ს ვუსურვებ, ჩემ გარეშე.
მანამდე კი, ვეძებ სამსახურს”, – წერს ბარამია.