1
რეჟიმის 11 ტყვე კვლავ პატიმრობაში რჩება – მორიგი სასამართლო პროცესი 25 მარტს, 11:00 საათზე გაიმართება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 პირის: ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობდა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე და მოწმეთა სიაზე იმსჯელეს. დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობა, პროკურატურამ კი ადვოკატების რამდენიმე მტკიცებულების დაუშვებლობა მოითხოვა.
მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს მტკიცებულებების დასაშვებობაზე გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე არ მიუღია.
დღევანდელი სასამართლო პროცესი ნახევრად დახურულ რეჟიმში გაიმართა. ირაკლი შვანგირაძემ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები პროცესს არ დაასწრო. მან ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და დარბაზის კარი საზოგადოებისთვის არ გახსნა.