19 წლის სტუდენტი, ვახტანგ (ბუბა) ხვინთელანი მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 5000 ლარით დააჯარიმა.
შსს-მ სამართალდარღვევის ოქმი მას გზის გადაკეტვის საბაბით შეუდგინა.
ვახტანგ ხვინთელანი კლასელებთან და მეგობრებთან ერთად ვალდორფის სკოლის მარშში მონაწილეობდა. სკოლის მოსწავლეებმა და კურსდამთავრებულებმა მარში 13 იანვარს, ველოსიპედის ძეგლიდან პარლამენტამდე გამართეს. მსვლელობა მათ ბასლაინზე, პოლიციის ეკიპაჟის მეთვალყურეობით მოაწყვეს. როგორც ხვინთელიანმა სხდომაზე განმარტა, მარში პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს, ტროტუარზე დაასრულეს და იქ იდგნენ იქამდე, სანამ რუსთაველი არ გადაიკეტა. მარშის მონაწილეთა ნაწილი ვახტანგ ხვინთელანის საგულშემატკივროდ სასამართლოში იმყოფებოდა. დარბაზში ადგილების სიმცირის გამო მათი დიდი ნაწილი სხდომას ვერ დაესწრო.
დაცვის მხარის მიერ წარდგენილ ვიდეო-მტკიცებულებებში ჩანს, როგორ მღერიან ისინი საქართველოს ჰიმნს ტროტუარზე. ადვოკატმა გვანცა ღვედაშვილმა განმარტა, რომ ისინი გზის სავალ ნაწილზე მხოლოდ მას შემდეგ გადავიდნენ, რაც რუსთაველის გამზირზე სხვა მარშების მონაწილეები მივიდნენ და გზა ბუნებრივად გადაიკეტა. მისი თქმით, შსს-ს მიერ წარდგენილი ვიდეო-მტკიცებულება, სადაც ხვინთელანი გზის სავალ ნაწილზე დგას, მაშინ არის გადაღებული, როცა თავისუფლების მოედანზე და ზეთისხილის ხესთან გზა თავად საპატრულო ეკიპაჟს ჰქონდა გადაკეტილი.
ადვოკატმა, გვანცა ღვედაშვილმა სხდომაზე არაერთხელ აღნიშნა შსს-ს წარმომადგენლის, მზია ცერაძის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შეუსაბამობა. მაგალითად, ის მიუთითებდა, რომ ვიდეო-მტკიცებულებები დათვალიერდა 13 იანვარს, ოქმი კი შედგენილია 14 იანვარს. ვიდეო-მტკიცებულებების დათვალიერებაზე ხელს აწერს თინათინ კანჭაჭიშვილი, რომელიც შსს-ს წარმომადგენლითვე განმარტებით არის ხელშეკრულებით დასაქმებული იურისტი და არა პოლიციელი. გარდა ამისა, საქმეში არ დევს არანაირ მასალა იმის შესახებ, საიდან მოიპოვა შსს-მ მის მიერ წარდგენილი ვიდეო, რომელი უწყებიდან გამოითხოვა, როდის და ა.შ. ადვოკატმა განაცხადა, რომ მისთვის წარმოდგენილი ვიდეო-მტკიცებულების წარმომავლობა უცნობია, ასევე მისი დამუშავების პროცედურები არის არაკანონიერი.
გვანცა ღვედაშვილმა განმარტა, რომ შსს-ს მიერ წარმოდგენილი ვიდეო-მტკიცებულებებში არსებული ხარვეზების გამო სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს. თუმცა, ადვოკატმა ასევე განმარტა, რომ გაზიარების შემთხვევაშიც ის ვერ ადასტურებს სამართალდარღვევას.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მან მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა. იმ შემთხვევაში კი, თუ მოსამართლე მაინც ცნობდა ვახტანგ ხვინთელიანს სამართალდარღვევად, შემოფარგლულიყო მხოლოდ შენიშვნით.
განხილვის შემდეგ მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა შესვენება გამოაცხადა. რამდენიმე წუთში ის დარბაზში დაბრუნდა და ვახტანგ ხვინთელანს 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.