როგორ აღმოჩნდა გაფრთხილებულ მიმწოდებელთა სიაში შსს-ს ტენდერის გამარჯვებული – ია შეყელაშვილის განმარტება

3 hours ago 2

შიდა ქართლის პოლიციის 595 468 ლარიანი ტენდერი მოიგო ინდ.მეწარმემ, რომელიც გასული წლის ოქტომბერში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ გაფრთხილებულ მიმწოდებელთა სიაში შეიყვანა.

ინდ. მეწარმის გაფრთხილების საფუძველი თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიმართვა იყო, რომელიც საკუთარ წერილში აღნიშნავდა, რომ ინდ.მეწარმე დაკისრებულ ვალდებულებებს არაჯეროვნად ასრულებდა. 

ჩვენი მხრიდან არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ხელშეკრულების დადების დღიდან დღემდე არ/ვერ ხდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რის გამოც ყოველდღიურად საფრთხე ექმნება მგზავრთა კომფორტულ გადაადგილებას“, – ნათქვამი იყო წერილში, რომელსაც ხელს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი აწერს. 

კომპანიის დირექტორი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ია შეყელაშვილის შავ სიაში შეყვანას სთხოვდა, თუმცა სააგენტომ მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ინდ.მეწარმის მიმართ მხოლოდ გაფრთხილების მიცემით შემოიფარგლა. 

გაფრთხილებულ მიმწოდებელთა სიაში ინდ.მეწარმის შეყვანის შემდეგ, ია შაყელაშვილმა სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა განაგრძო და ბოლო რამდენიმე თვეში 10-მდე საბიუჯეტო დაწესებულების მიერ გამოცხადებული ტენდერი მოიგო, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით 2.5 მილიონ ლარია.

ტენდერის გამომცხადებელითარიღიტენდერის ღირებულება
სახალხო დამცველის აპარატი30.12.2024147 999 ლარი
კულტურისა და სპორტის სამინისტრო30.12.2024164 400 ლარი
სახელმწიფო შესყიდვები27.12.202469 599 ლარი
მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო31.12.2024199 999 ლარი
ახალგაზრდობის ეროვნული სასახლი 27.12.2024196 786 ლა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო27.12.2024267 000 ლარი
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა27.12.2024279 999 ლარი;
თბილისის მერია06.01.2025826 800 ლარი; 
წყარო: შესყიდვების სააგენტო

2024 წლის ბოლოს კი, მასთან ერთ-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტმაც. ამის შესახებ “მოზაიკამ” მასალა მოამზადა სახელწოდებით “შიდა ქართლის პოლიციამ 595 468-ლარიანი ხელშეკრულება პრობლემურ ინდ.მეწარმეს გაუფორმა“, რომელშიც ინდ.მეწარმის გაფრთხილების და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრეტენზიებს აღწერდა. 

გაფრთხილებულ პირთა სიაში რეგისტრაცია ჩემს მიმართ არ იყო გონივრული გადაწყვეტილება, მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში, დღემდე გაფორმებული და ჯეროვნად შესრულებული მაქვს 50-ზე სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება და არა 20, როგორც ამას კანონმდებელი ითხოვს. შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან გაცემულია რეკომენდაციები და სამადლობელი წერილები“, – აცხადებს ია შეყელაშვილი. 

მისი განცხადებით, ავტოსატრანსპორტო კომპანიამ მასთან თანამშრომლობა სინამდვილეში თანხების დაზოგვის მიზნით შეწყვიტა. 

ჩემი 8 წლიანი ბიზნეს საქმიანობიდან შპს ,,თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ერთადერთია, რომელმაც ხელშეკრულება შეწყვიტა ცალმხრივად. კომპანიის დღის წესრიგშია ახალი მეტროს ვაგონების შეძენა, სავარაუდო საჭიროებს თანხების მობილიზებას“, – აღნიშნავს შეყელაშვილი. 

მასალაში გამოქვეყნებული დოკუმენტების პასუხად კი, ინდ.მეწარმე  “მოზაიკას” უზიარებს იმ სარეკომენდაციო წერილებს, რომლებიც სხვადასხვა უწყებებისგან აქვს მიღებული. დოკუმენტებიდან ჩანს, რომ წლების განმავლობაში ინდ. მეწარმეს რეკომენდაციებს უწევდნენ ფინანსთა სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელები. 

აღნიშნულ სარეკომენდაციო წერილებს ია შეყელაშვილი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში წარადგენდა, საქმის მიმართ კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების დასტურად. 

ია შეყელაშვილი წარმოშობით ხაშურიდან არის. ის ინდ.მეწარმედ 2015 წლის 14 დეკემბერს დარეგისტრირდა. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტთან თანამშრომლობა კი 2019 წლიდან დაიწყო.  ბოლო ხუთ წელში, უწყებას მასთან 1 979 468 ლარის ღირებულების 5 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, აქედან ბოლო 3 ტენდერში შეყელაშვილმა უკონკურენტოდ გაიმარჯვა.

როგორც თავად ამბობს, ტენდერების მოგების მიზეზი მისი გამართული მენეჯმენტია ძლიერი გუნდია, რომელსაც შიდა ქართლის პოლიციის 25 ობიექტზე დასუფთავების სამუშაოების ყოველდღიურ რეჟიმში შესრულება შეუძლია. 

“გამოცხადებული ტენდერი ხელმისაწვდომი იყო საჯაროდ სათანადო გამოცდილების მქონე ყველა კომპანიისათვის, თუმცა განაცხადი არ გაკეთებულა მათი მხრიდან, ვინაიდან . ტექნიკური დავალება და ხელშეკრულებების პირობები შესასრულებლად მოითხოვს გამართულ მენეჯმენტს და ფინანსურ დანახარჯებს, რამდენადაც მოიცავს 25 ობიექტზე ერთდროულად ყოველდღიურ რეჟიმში შენობის შიდა და ეზოს ტერიტორიების დასუფთავების სამუშაოებს“, – აცხადებს შეყელაშვილი. 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ხელშეკრულებებით, ინდ.მეწარმე ია შეყელაშვილს, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის პარალელურად, დალაგება-დასუფთავების ვალდებულება კიდევ 8 საბიუჯეტო დაწესებულებასთან აქვს. 

სრულად წაკითხვა