როგორ გადაწყვიტეს ისლანდიელებმა, ევროკავშირის წევრები არ გავხდეთო?
როგორ და რეფერენდუმით. ანუ ხელისუფლება ადგა და ჰკითხა ისლანდიელ ხალხს, შევაჩეროთ თუ არა მოლაპარაკებებიო და მოიქცა ხალხის დაკვეთის შესაბამისად.
საქართველოში ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხი ისე შეაჩერეს, არავისთვის უკითხავთ.
არა და 78-ე მუხლს მიღმა, ისლანდიისგან განსხვავებით, ევროკავშირში გაწევრიანებას მოსახლეობის 71% უჭერს მხარს.
ისლანდიამ თქვა, ჩვენ ევროპულ სახლში ისედაც ვართ, უბრალოდ აი, იმ კონკრეტულ ოთახში შესვლა არ გვინდა, რადგან ჩვენი თევზჭერა კვოტაში არ მოექცესო.
რუსული პროპაგანდა ამას ისე თარგმნის, თითქოს ისლანდიელებმა თქვეს, სახლიდან მივდივართო.
ისლანდიელებმა ხმა არ მისცეს გაწევრიანებას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ EUსთან დაშორებას მისცეს ხმა. ისლანდია ევროკავშირის წევრი არ არის, მაგრამ ერთიანი ბაზრის წევრად რჩება.
ევროპის ეკონომიკური სივრცის შეთანხმების საშუალებით ისლანდიელებსა და მათ ბიზნესებს EU ბაზარზე თითქმის იგივე უფლებები აქვთ, რაც ევროკავშირის მოქალაქეებს: მოქმედებს საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და ადამიანების თავისუფალი მოძრაობა.
ისლანდია აგრეთვე შენგენის წევრიცაა. მისი მოქალაქეები ევროპაში თავისუფლად ცხოვრობენ, მუშაობენ და სწავლობენ. ამასთან, ისლანდია NATO-ს წევრია და აშშ-სთან თავდაცვის ხელშეკრულება აქვს.
მოკლედ, ისლანდია ევროკავშირის გარეთაა, მაგრამ ევროპული ეკონომიკური და უსაფრთხოების სისტემის შიგნით ცხოვრობს.
საქართველო არც ერთიანი ბაზრის წევრია, არც შენგენის და არც NATO-სი. ქართველს არ აქვს ევროკავშირში მუშაობის ავტომატური უფლება. ქართულ ბიზნესს კი იმავე პირობებით არ შეუძლია ოპერირება, როგორითაც ისლანდიურს.
ისლანდიას ამ არჩევანის გაკეთება თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლია. საქართველოს პირიქით, მისი მდგომარეობის გამო სჭირდება ევროკავშირი
ისლანდია არის მაღალშემოსავლიანი ქვეყანა, რომელსაც აქვს ძლიერი ინსტიტუტები, გამართული სახელმწიფო, სტაბილური დემოკრატია, უზარმაზარი ენერგორესურსი და ევროპის ბაზარზე სრული წვდომა.
ჩვენ კი გვეუბნებიან, რომ ისლანდიის არჩევანი უნდა გავიმეოროთ ამ ყოველივეს გამეორების გარეშე.
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება მაინც სხვაა.
ისლანდიაში სუვერენიტეტი ხალხის ძალაუფლებას ნიშნავს.
ხალხს შეუძლია მთავრობას უთხრას მოლაპარაკებები დაიწყეო. ეუძლია უთხრას – არ დაიწყოო.
შეუძლია ხელისუფლება შეცვალოს, მისგან ანგარიში მოითხოვოს და გადაწყვეტილება უკან წაიღოს.
საქართველოში კი სუვერენიტეტი ნიშნავს არა ხალხის უფლებას, მართოს სახელმწიფო, არამედ ხელისუფლების უფლებას, აკეთოს ის, რაც უნდა, ხალხის, კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების მიუხედავად.
ისლანდიელები ამბობენ, ჩვენ თვითონ გადავწყვეტთო და სიტყვა “ჩვენში” მოქალაქეებს გულისხმობენ.
ჩვენში ამბობენ “ჩვენ გადავწყვეტთ”, ოღონდ “ჩვენში” მხოლოდ საკუთარ თავს გულისხმობენ.
ეს ორი სრულიად საპირისპირო სუვერენიტეტია. ერთი მოქალაქეს აძლევს ძალაუფლებას სახელმწიფოზე. მეორე სახელმწიფოს აძლევს ძალაუფლებას მოქალაქეზე.
საერთაშიროსო alia.ge