“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

7 hours ago 2

“დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20 ლარის გულისთვის” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გუშინ, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევსიას დაღუპული ქალის დისშვილი, მაია კობაიაძე სოციალურ ქსელში წერს.

გარდაცვლილი ქალის ოჯახის წევრი მომხდარზე პასუხისმგებლობას თბილისის მერიას აკისრებს – “კახი კალაძე, თბილისის მერია, როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!”

“ტრაგედიას, რომელიც ჩემს ოჯახს დაატყდა თავს, მტერს არ ვუსურვებ! კახი კალაძე, თბილისის მერია, როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!
დეიდაჩემი, (დედაჩემის და) მანანა დარახველიძე ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა. არ შევაწუხო არავინო და ყინვასა თუ სიცხეში, იდგა თავის პატარა მაღაზიაში დღეში 20 ლარის გულისთვის! ოცნებად ჰქონდა წელიწადში ერთხელ მაინც ჩასულიყო რაჭის თავის პატარა სახლში და როგორც თვითონ იტყოდა, ფულს მაგისთვის აქუჩებდა მთელი წლის განმავლობაში! ერთი გაფრთხილება, ერთი პატარა შემორაგული ხის ბარიერი აგვაცილებდა ამ ტრაგედიას თავიდან!
როდემდე უნდა გვეშინოდეს სახლიდან გასვლის! სიცოცხლით სავსე, ჯანმრთელი წავიდა დღეს სამსახურში და ახლა მორგში წევს! ვინც მიცნობს, „პანიკიორი“ ხარ, ყველაფრის გეშინიაო მეუბნებიან! დიახ, მეშინია ბავშვის მაღაზიაში გაგზავნის იმაზე ფიქრით, რომ არანორმალური სიჩქარით მომავალმა მანქანამ არ გადაუაროს, (რამდენიმე წლის წინ სახლში შემომივარდა მანქანა) მეშინია იმაზე ფიქრის, რომ ჩემი მშობლების 16-სართულიან სახლში ლიფტი არ ჩაწყდეს და კიდევ არ აფეთქდეს კორპუსში გაზი, რომლებმაც 2019 წელს კინაღამ მთელი ჩემი ოჯახი შეიწირა! დღეს კი ეს ტრაგედია!
იმაზე აღარ დავწერ, თუ როგორ გვეპყრობოდნენ ჭირისუფლებს, ნორმალურ ქვეყანაში ალბათ ჩემს 76 წლის დედას, რომელიც ცოცხალ-მკვდარი 7 საათიდან ბორდიურზე იჯდა, ათასი ფსიქოლოგ- რეაბილიტოლოგი დაეხვეოდა თავს ! ისინი კი ძაღლადაც არ გვაგდებდნენ ათასი ხვეწნის მიუხედავად რამე მაინც ეთქვათ ჩვენთვის! კახი, კარგია მილანში საშოპინგოდ სიარული, დეიდაჩემიც არ იტყოდა უარს, მაგრამ ხანდახან მაინც გაიარე ვაგზლის მოედნის მიდამოებში და ნახე ხალხი როგორ პირობებში მუშაობს ლუკმა-პურისთვის! და როგორც ჩანს, თავსაც სწირავს ამისთვის! სიცოცხლით სავსე ქალაქში ვცხოვრობთ არა?!” – წერს მაია კობაიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გუშინ, 14 ივლისს სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 2 და დაშავდა 1 ადამიანი.

ჩამონგრეული შენობის ავარიულობასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება. კახი კალაძემ შემთხვევის ადგილზე გაკეთებული კომენტარის დროს განაცხადა, რომ შენობა მე-5 კატეგორიის იყო, რაც, როგორც წესი, შენობის დემონტაჟის საჭიროებას გულისხმობს.
კალაძის თქმით, შენობა გამაგრებით სამუშაოებს არ ექვემდებარებოდა, უნდა მომხდარიყო სრული დემონტაჟი, თუმცა მოსახლეობის ნაწილმა შენობიდან გასვლაზე უარი განაცხადა.
მოგვიანებით, შემთხვევის ადგილას მყოფმა ინჟინერმა, საკრებულოს წარმომადგენელმა ნიკო კახეთელიძემ კალაძისგან განსხვავებული ინფორმაცია გაავრცელა და აღნიშნა, რომ შენობა მე-3 კატეგორიას მიეკუთვნებოდა.

ტვ პირველის ვებგვერდი

სრულად წაკითხვა