როგორ დაგეგმა “ქართულმა ოცნებამ” მშვიდობიანი დემონსტრანტების სისტემური წამება – “ჩემი ხმის” განცხადება

3 days ago 1

სადამკვირვებლო კოალიცია “ჩემი ხმა” აცხადებს,  რომ “ქართული ოცნება” პროევროპული აქციის მონაწილეების მიმართ სასტიკ მეთოდებს მიზანმიმართულად და წინასწარ გაწერილი გეგმით იყენებს. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრეს კოალიციის ლიდერებმა – ლონდა თოლორაიამ, ეკა გიგაურმა და ნინო ლომჯარიამ.

მათ მიერ წარდგენილი ინფორმაცია ეყრდნობა დაკავებულთა ჩვენებებს, მათი ადვოკატების გამოცდილებას და საჯაროდ ხელმისაწვდომ წყაროებს. კოალიციამ პუნქტობრივად ჩამოთვალა ის კანონდარღვევები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ბოლო 20 დღის განმავლობაში – მას შემდგე, რაც “ქართულმა ოცნებამ” ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა და ქვეყანაში ფართომასშტაბიანი, უწყვეტი პროტესტი დაიწყო.

 აქციების გადამეტებული ძალით დაშლა

  • ათიათასობით მშვიდობიანი დემონსტრანტის დაშლისათვის შსს იყენებდა სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის – წყლის ჭავლში გაზავებულ გაურკვეველ ნივთიერებებს, წიწაკის სპრეის, გაურკვეველი ნივთიერების მხუთავ გაზს და სხვა;
  • რიგ შემთხვევებში დემონსტრაციების დაშლა იწყებოდა პირდაპირ დევნით და დემონსტრანტების დაკავებით, ხოლო გამაფრთხილებელი სიგნალი და დაშლის სხვა საშუალებები შემდეგ გამოიყენებოდა;
  • წყლის ჭავლის გამოყენების შემდეგ, სპეცრაზმი ათიათასობით მშვიდობიანი დემონსტრანტის მისამართით ისროდა დიდი რაოდენობით მხუთავი გაზის კაფსულებს, რაც შეუძლებელს ხდიდა სუნთქვას, ხედვას, იწვევდა პანიკას და ქმნიდა ჭყლეტვისა და ქაოსის რეალურ საფრთხეს;
  • ცრემლსადენი გაზის კვამლში გახვეული დემონსტრანტების დასაჭერად სპეცრაზმს გამოეყოფოდნენ დამრბევი ჯგუფები, რომლებიც იჭერდნენ განურჩევლად  ყველას, ვინც ვერ ასწრებდა ტერიტორიის დატოვებას;
  • რიგ შემთხვევებში, მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებიც ემორჩილებოდნენ დაშლის მოწოდებას, სპეცრაზმი უწყობდა ჩასაფრებას, აქცევდა ალყაში და ისე აკავებდა მათ.

დაკავებულთა წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობა

  • დაკავების პროცესში სპეცრაზმი ფიზიკურად უსწორდებოდა დაკავებულებს, ხოლო მას შემდეგ, რაც ისინი შეჰყავდათ სპეცრაზმის კორდონში, სამართალდამცავები კვლავ ფიზიკურ ძალადობას განაგრძობდნენ და შემდეგ მიჰყავდათ დაკავების სპეციალურ ავტომანქანებში, ე.წ. მინივენებში;
  • დაკავების სპეციალურ ავტომანქანებში შიდა სივრცე ისე იყო მოწყობილი, რომ დაკავებულთა ცემა გაადვილებულიყო;
  • მინივენებში პერიოდულად, მონაცვლეობით შედიოდნენ სპეცრაზმელთა ჯგუფები და ფიზიკურად უსწორდებოდნენ იქ მოთავსებულ დაკავებულებს; 
  • დაკავებულების ჩვენებით ირკვევა, რომ მათ მიმართ ფიზიკურ ძალადობას, არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობასა და წამებას ზედამხედველობდა ერთი პირი, რომელიც იძლეოდა მითითებებს – სად, როგორ და რა ინტენსივობით უნდა ეცემათ დაკავებულები;
  • დაკავებულებს განსაკუთრებით გამეტებით ურტყამდნენ სახის, კეფის, თვალ-ბუდეების, ნეკნების, თირკმელების არეში; 
  • ცემასთან ერთად, სპეცრაზმელები ძარცვავდნენ დაკავებულებს – ართმევდნენ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, მობილურ ტელეფონს, ჩანთას, საფულეს, სათვალეს, ჯვარს და სხვა პირად ნივთებს; 
  • ცნობილია შემთხვევა, როდესაც მინივენში, სადაც დაკავებულებს სცემდნენ, სპეცრაზმელებმა შეაგდეს გაზის კაფსულა, შემდეგ კი კარი დახურეს.
  • ცნობილი ხდება ისეთი შემთხვევები, როდესაც გაძარცვულ და ნაცემ დაკავებულებს ასხამდნენ ცივ წყალს; ასევე, ნაცემ დაკავებულებს სისხლის მოსაწმენდად აწვდიდნენ, მაგალითად,  წინდებს;
  • დაკავებულებს აგინებდნენ, აყენებდნენ შეურაცხყოფას, ემუქრებოდნენ მოკვლით, გაუპატიურებით, სხეულის ნაწილების მოტეხვით;
  • ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავების შემდეგ სამართალდამცველებმა ლისის ტერიტორიაზე წაიყვანეს, სადაც ადგილზე მოკვლით და დამარხვით ემუქრებოდნენ. 
  • ნაცემი დაკავებულებისთვის ცდილობდნენ ღირსების შელახვას: უღებდნენ ფოტოებს და ვიდეოებს, რომელზეც ასახავდნენ მათი დაცინვის, დამცირების ფაქტებს და  აიძულებდნენ ეთქვათ საკუთარი თავის  მიმართ დამამცირებელი ფრაზები ან ექოთ ზვიად ხარაზიშვილი (ე.წ. ხარება). რიგ შემთხვევებში, ნაცემ დაკავებულებს ვიდეოს პირადად გდდ-ის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი უღებდა.

ნაცემი და ნაწამები დაკავებულების პოლიციის განყოფილებებში და იზოლატორებში გადაყვანა

  • ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ, სპეცრაზმი დაკავებულებს გადასცემდა საპატრულო პოლიციას, რომელსაც დაკავებულები ჯერ პოლიციის სხვადასხვა სამმართველოში, ხოლო 3-4 სააათის შემდგომ დაკავების იზოლატორებში  გასანაწილებლად გადაჰყავდათ.
  • გადატვირთულობის გამო, იზოლატორში შესახლებამდე, სასტიკად ნაცემ, ტანსაცმელშემოხეულ, დასველებულ დაკავებულებს საათობით (საშუალოდ 3 ან მეტი საათი) უხდებოდათ დაკავების მანქანებში მოცდა. რიგ შემთხვევებში ამ მდგომარეობაში მყოფი დაკავებულები სხვა ქალაქების იზოლატორებში მიჰყავდათ.
  • იზოლატორებში შესახლებამდე პოლიციელების მიერ შედგენილი დაკავების ოქმების აბსოლუტური უმრავლესობა შეიცავს არასწორ,  ყალბ ინფორმაციას.
  • მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულებს ეტყობოდათ წამების და ფიზიკური ძალადობის აშკარა კვალი, მათ არ უწევდნენ დროულ და ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას და საჭიროების შემთხვევაში  არ გადაჰყავდათ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.
  • დაკავებულებს იზოლატორში შესახლებამდე არ ეძლეოდათ ადვოკატთან შეხვედრისა და ოჯახთან დაკავშირების შესაძლებლობა. 
  • უმეტესად,  დაკავების  48- საათიანი ვადის გასვლის შემდეგ იზოლატორებიდან სასამართლოს წინაშე წარდგენილ დაკავებულებს მოსამართლე არ აძლევდა სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლებას 

ცრუ ჩვენებები პოლიციელთა მხრიდან 

  • პოლიციის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები, როგორც წესი, არის შაბლონური და ფორმალური ხასიათის. მათში იდენტური ტექსტით არის აღწერილი ყველა დაკავებულის მიერ შესაძლო გადაცდომების შინაარსი (“იგინებოდა”, “ილანძღებოდა და გვაყენებდა „შეურაწყოფას” (შეურაცხყოფის ნაცვლად) – ამ უკანასკნელი სიტყვის მართლწერაც იდენტურად შეცდომითაა ოქმებში გამეორებული);
  • ოქმებში მითითებული არ არის  შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის დრო, ასევე ადგილად აბსტრაქტულად განსაზღვრულია აქციის ტერიტორია (მაგალითად, “რუსთაველის გამზირი”, ან “პარლამენტის მიმდებარედ”);
  • ოქმებში არ არის დაკონკრეტებული, რა სიტყვებით შეაფასა ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით დადგენილი  ფარგლების გაცდენად პოლიციამ; 
  • სასამართლოში წარმოდგენილი მოწმე პოლიციელები ცრუ ჩვენებებს აძლევენ სასამართლოს და ზოგადი ფრაზებით ცდილობენ შესაძლო სამართალდარღვევის აღწერას – “იგინებოდა უმისამართოდ, გვეძახდა მონებს და რუსებს.” იდენტურია პოლიციელების ჩვენება თითქმის ყველა საქმეზე;
  • მოწმე პოლიციელები ვერ ადასტურებენ და აღწერენ, რა კანონიერი მოთხოვნა ჰქონდათ იმ მოქალაქის მიმართ, რომელსაც დაუმორჩილებლობას ედავებიან;
  • მოწმე პოლიციელები არ მოიპოვებენ და საქმეს არ ურთავენ კონკრეტული ფაქტის ამსახველ სამხრე ვიდეოკამერებისა და სხვა (სამართალდარღვევის ადგილზე არსებული) ვიდეოსათავალთავლო კამერების ჩანაწერებს; 
  • მოწმე პოლიციელების ჩვენებების თანახმად, სამხრე ვიდეოკამერები ყოველთვის გამორთული, დაუმუხტავი ან/და დაზიანებული იყო, რის გამოც საქმეზე არ არსებობს შესაძლო სამართალდარღვევის ამსახველი  ვიდეოჩანაწერები;
  • საქმეზე ორი ან მეტის პოლიციელი მოწმის არსებობის შემთხვევაში, მათი ჩვენებები არსებითად აცდენილია ერთმანეთს და ურთიერთსაწინააღმდეგოა;
  • დაკავების ოქმები შეიცავს ყალბ, არასწორ მონაცემებს, მათ შორის, დამკავებელი პოლიციელების შესახებ. ოქმში დამკავებელ პირებად მითითებული პოლიციის თანამშრომლები, ძირითადად, ოქმში მითითებულ სამართალდარღვევის ჩადენის ტერიტორიაზე საერთოდ არ იმყობებოდნენ;  
  • მოწმე პოლიციელები სასამართლოზე აღნიშნავენ, რომ უყურებდნენ შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, თუმცა ისინი ხშირად საერთოდ არ ფიქსირდებიან დაკავების ამსახველ ვიდეოჩანაწერებში, რომელსაც დაცვის მხარე სასამართლოში წარადგენს; 
  • რიგ შემთხვევებში მოწმე პოლიციელები სასამართლო სხდომებზე აღნიშნავენ, რომ პირი მათი ბრძანებით დააკავეს სპეცდანიშნულების რაზმის (ხშირ შემთხვევაში დანაყოფი უცნობია, რადგან ამომცნობი ნიშნები არ აქვთ) წევრებმა , თუმცა ვერ განმარტავენ მსგავსი ბრძანების გაცემის სამართლებრივ საფუძველს;
  • მოწმე პოლიციელები სათანადოდ ვერ აყალიბებენ სამართლებრივ შინაარს შესაძლო სამართალდარღვევად მითითებული ქმედების კვალიფიკაციისათვის. 
  • ხშირ შემთხვევაში მოსამართლე და სახელმწიფოს ორგანოების წარმომადგენლები ერთობლივად ცდილობენ მოწმე პოლიციელებს აარიდონ თავიდან ადვოკატების კრიტიკული შეკითხვები და მიმანიშნებელი კომენტარებით ეხმარებიან პასუხის გაცემაში; 
  • მოწმე პოლიციელები მრავლობითი დაზიანებებით დაკავებული პირების შემთხვევაში არ იწყებენ კვლევას, თუ რა ვითარებაში მიიღეს მათ ეს დაზიანებები.

გარდა ამისა, “ჩემმა ხმამ” გამოაქვეყნდა იმ პოლიციელების სია, რომლებმაც, მათი მტკიცებით, სასამართლოში ცრუ ჩვენებები მისცეს: გიორგი ჩარექაშვილი, თორნიკე მენაბდე, სულხან კიკნაძე, რევაზ წურწუმია, ზვიად მარგველანი, ზურაბ ღარიბაშვილი, დავით მარუაშვილი და ოთარ გელაშვილი.

აქციაზე დაკავებულ მოქალაქეთა უმრავლესობას სამართლებრივ დახმარებას უწევს არასამთავრობო ორგანიზაციათა საერთო იურიდიული დახმარების ქსელის (577 07 05 63) ადვოკატები. მათი ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან დღემდე ცხელ ხაზზე ინფორმაცია შევიდა 450-ზე მეტი პირის დაკავების თაობაზე. მათი უმრავლესობა – 300-მდე მოქალაქე წამებისა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმების მსხვერპლია.

სრულად წაკითხვა