როგორ დაიგეგმა ლევან ჯანგველაძის მკვლელობა - პროკურატურის ვერსია

1 week ago 8

თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში პროკურატურა ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს ადანაშაულებს. გამოძიების ინფორმაციით, მეგობართან ერთად სწორედ მათ დაგეგმეს ქართველი „კანონიერი ქურდის“, მერაბ ჯანგველაძის ძმის მკვლელობა.

ამ მასალაში რადიო თავისუფლება გიყვებათ პროკურატურის ვერსიას.

დანაშაულის მოტივი

გამოძიების ვერსიით, ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით უთანხმოება ჰქონდათ ლევან ჯანგველაძესთან და ამის გამო დაგეგმეს მკვლელობა.

შემსრულებლის მოძებნა

ბრალდების მიხედვით, ძმები მიქაძეები დაუკავშირდნენ მეგობარ გ.ჯ.-ს (რომელიც საქმეში ბრალდებულია და რომლის ვინაობაც მედიისთვის ჯერ ცნობილი არ არის) და გააცნეს საკუთარი გეგმა. თანხმობის მიღების შემდეგ, დაიწყეს მკვლელის ძებნა.

ისინი დაუკავშირდნენ გელა უძილაურს (რომელიც პოლიციამ მკვლელობიდან სამ დღეში დააკავა) და მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ დავალების შესრულება სთხოვეს.

კომუნიკაცია მკვლელობის შემსრულებელთან

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ძმები მიქაძეები და მათი მეგობარი გ.ჯ. ბრალდებულ გელა უძილაურს მუდმივად აწვდიდნენ ინფორმაციას ლევან ჯანგველაძის შესახებ. გ.ჯ.-მ და კიდევ ერთმა ბრალდებულმა გ.კ.-მ ს.წ.-სგან უკანონოდ შეიძინეს GLOCK-ის ტიპის პისტოლეტი, რომელიც მოგვიანებით გ.ჯ.-მ გელა უძილაურს გადასცა.

მკვლელობამდე ერთი თვით ადრე, 15 თებერვალს, საბერძნეთიდან დაბრუნებულ გელა უძილაურს მკვლელობის დამკვეთები შეხვდნენ - „განიხილეს დანაშაულის ჩასადენად აუცილებელი დეტალები“ და დაკვეთის შემსრულებელმა გაიგო ლევან ჯანგველაძის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია. უძილაურს ჯანგველაძისთვის უნდა ეთვალთვალა „მკვლელობისათვის შესაფერისი დროის და ადგილის შერჩევის მიზნით“.

ლევან ჯანგველაძის საქართველოში ჩამოსვლა

ბიზნესმენი საქართველოში მეორე დღეს, 16 თებერვალს, ჩამოვიდა და სასტუმრო „ამბასადორში“ დაბინავდა. სწორედ ამ სასტუმროშივე უთვალთვალებდა გელა უძილაური ბიზნესმენს და ინფორმაციას აწვდიდა დამკვეთებს.

მკვლელობის დღე

საგამოძიებო მასალების მიხედვით, მარტში მკვლელობის დამკვეთებმა გელა უძილაურს აცნობეს, რომ ლევან ჯანგველაძე საქართველოში 14 მარტს ჩამოდიოდა. მკვლელობის დღეს უძილაური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ვაზისუბნიდან ვაკისკენ გაემართა.

დანიშნულების ადგილზე 20:40 საათზე ტაქსით მივიდა და ელოდა ლევან ჯანგველაძის გამოჩენას. ბიზნესმენი მეგობართან ერთად მეგობრის პანაშვიდზე 22:35 საათზე მივიდა და რამდენიმე წუთში კორპუსიდან გამოვიდა. სწორედ იმ დროს, როცა ჯანგველაძე მეგობართან ერთად ჭავჭავაძის #7-ში ფეხით გადაადგილდებოდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი ტყვიები მოხვდა. დაიჭრა მისი თანმხლები პირიც.

რა მოხდა მკვლელობის შემდეგ?

პროკურატურის ვერსიით, გელა უძილაური ლევან ჯანგველაძის მოკვლის შემდეგ ქარელის მიმართულებით წავიდა და იარაღი და მობილური ტელეფონი, რომელშიც „პოლონური ნომერი“ იდო, „მოიშორა“.

ის დედაქალაქში მეორე დღეს, 15 მარტს, გ.ჯ.-სთან შესახვედრად დაბრუნდა, მივიდა სასტუმრო „თბილისი თაუერსში“, თუმცა იქ დამკვეთი ვერ ნახა. სწორედ ამიტომ სასტუმროს კუთვნილი ტელეფონიდან სცადა მასთან დაკავშირება.

გელა უძილაური დამკვეთთან კომუნიკაციას 16 და 17 მარტსაც ცდილობდა. ამ მიზეზით მივიდა დამკვეთის ნათესავის (მ.ბ.) სამსახურშიც, თუმცა შეხვედრა მაინც ვერ შედგა. გელა უძილაური 17 მარტს გ.ჯ.-ს ნათესავის სამსახურთან ახლოს დააკავეს.

ვის წაუყენეს ბრალი?

  • ძმებ მიქაძეებსა და გ.ჯ.-ს ბრალი შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებისთვის წაუყენეს - სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით მათ 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ;
  • ცეცხლსასროლი იარაღის ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან გ.კ.-ს - მას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება;
  • გ.ჯ.-ს ნათესავ მ.ბ.-ს ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის წაუყენეს - სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით. მას 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ვინ დააკავეს 12 აგვისტოს?

  • მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გელა უძილაურის გარდა, პატიმრობაში არიან გიორგი მიქაძე, იარაღის შეძენაში ბრალდებული გ.კ. და გ.ჯ.-ს ნათესავი მ.ბ.
  • დავით მიქაძესა და გ.ჯ.-ზე პროკურატურამ ძებნა გამოაცხადა.
სრულად წაკითხვა