სად ვართ
დღის მარშები იმის მორიგი დასტურია, რამდენად გვწყურია, გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი რეჟიმის არალეგიტიმურობის, უსამართლობისა და ძალმომრეობის წინააღმდეგ. ერთად დგომა, ერთად სიარული მოთხოვნილებად გვექცა იმ ტერორის ფონზე, რაც რეჟიმმა ბოლო კვირებში დაგვატეხა თავს.
მაგრამ უკვე ყველა ვგრძნობთ იმასაც, რომ რაღაც მეტი და რაღაც სხვა გვჭირდება, რაღაც ისეთი მკვიდრი ნიადაგი, რომელიც ბევრად უფრო მყარად შეგვაკავშირებს. ასეთი ნიადაგია ის, რაც ამ განსაკუთრებული პოლიტიკური ვითარების მიღმაც ჩვენი ყველაზე არსებითი შემაკავშირებელია: პროფესია, საქმიანობის სფერო თუ სამუშაო ადგილი, ანუ ის რასაც შრომას ეძახიან. ერთი მხრივ, შრომა შეადგენს ყველა ჩვენგანის ყოველდღიურ ყოფას, საშუალებას, რითაც თავსაც ვირჩენთ და ჩვენიანებს ვარჩენთ. მეორე მხრივ, შრომით შეგვაქვს ყოველდღიურად წვლილი იმაში, რომ საზოგადოებად ვიარსებოთ.
უკანონო ძალადობაზე დამყარებული რეჟიმი მალე უსამართლო კანონებით გვიპირებს მოგუდვას. ერთი მხრივ, რეჟიმს სურს, შეგვიზღუდოს, დანაშაულად გვიქციოს და, ასტრონომიული ჯარიმების დაწესებით, უძვირესი დაგვიჯინოს წინააღმდეგობის ელემენტარული გამოვლინებები. მეორე მხრივ, საჯარო სამსახურის მარეგულირებელ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით რეჟიმი აპირებს, ჩაახშოს საჯარო მოხელეებს შორის დაძრული პროტესტი.
როგორი ერთობები
აი, ასეთ დამხუთველ პირობებში ერთობისკენ ის მისწრაფება, რაც ახლა ქუჩაში გამოსვლისკენ გვექაჩება, ბუნებრივად გვახსენებს ორ ისტორიულად ნაცად იარაღს: გაფიცვას და პროფკავშირს.
მაშინ, როცა საჯარო სივრცეში ყველაზე მშვიდობიანი პროტესტიც კი კრიმინალად შეიძლება შეირაცხოს, გაფიცვა წინააღმდეგობის კიდევ ერთი ქმედითი და მშვიდობიანი იარაღია.
ხოლო, პროფკავშირი, თავისი საგაფიცვო ფონდითა თუ იურიდიული დახმარების მექანიზმებით, ინსტიტუციურ სიმყარეს სძენს ერთობის სურვილს, შესაძლებელს ხდის მასშტაბურ გაფიცვას და მას წინააღმდეგობის რეალურ იარაღად აქცევს.
აქვე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გაფიცვა, ისევე როგორც, შრომითი დავა პროფკავშირული ბრძოლის ერთი დიდი, მაგრამ არა ერთადერთი მექანიზმია. მარშები, აქციები, ბოიკოტირება – ყველა ეს ინსტრუმენტი პროფკავშირის ხელში სისტემისთვის კიდევ უფრო სახიფათო და მდგრად იარაღადაც იქცევა, ვიდრე თუნდაც ჰობიზე დაფუძნებული იგივე აქტივობები.
სწორედ აქ ვლინდება, როგორი განუყოფელია პოლიტიკური ბრძოლა პროფკავშირისა და გაფიცვის ინსტიტუტისგან, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულების საქართველოში მათ ან სრულებით უგულებელყოფდნენ ან თავგამოდებით ჩქმალავდნენ მათ პოლიტიკურ დატვირთვას. ბოლო კვირებში ყველა მხრიდან გაჟღერებულმა მოწოდებამ “გაიფიცე!” თავისთავად დაანგრია სოციალურ და პოლიტიკურ ბრძოლას შორის აღმართული ეს კედელი.
რა უნდა გავაკეთოთ ახლა
უმჯობესია, თუ თავის მოყრა გვინდა, სულ უფრო დაწვრილმანებული გამაერთიანებელი ნიშნების ძიების მაგივრად, ყურადღება ყველაზე არსებითს მივაპყროთ. ყველას ხომ კარგად გვესმის, რომ განგრძობითი პოლიტიკური წინააღმდეგობის არავითარი რესურსი არ გაჩნია “დაუწყვილებლის” ან „ცაციას“ სტატუსის გარშემო გაერთიანებას.
საჭიროა, პროფესიული ერთობები ნელ-ნელა უფრო მდგრად ჯგუფებად იქცნენ. ისინი ყველაზე უკეთ ხედავენ, რა აფერხებს პროტესტში მათი კოლეგების ჩართვას ან რა აკლია ამ წინააღმდეგობას მეტი ქმედითობისთვის.
ეს თავისთავად სულაც არ გვიშლის ხელს, თუნდაც იმავე პროფესიულ ნიადაგზე გავაგრძელოთ მარშების მოწყობაც, მაგრამ ქუჩებში მყარად სიარულს ან თუნდაც რუსთაველზე მყარად დგომას მყარი ნიადაგი სჭირდება.