კალიფორნიკაციის სათავეებთან …
როგორ იქმნებოდა მონსტრი
___________________________
ვუცქერდი „ჩინური იალტის“ კადრებს, სადაც სამი გროტესკული ბერიკაცი ერთმანეთს სისულელეებს ეპრუტუნებოდნენ და ვფიქრობდი, თუ როგორ აღმოჩნდა ამ სამეულში კაცი, რომლის სამშობლოს მსოფლიო მარაქაში გარევა 1945 წელს ვერავინ წარმოიდგენდა.
სანამ ჰილარი კლინტონის სულელურ პოლიტიკურ აკვიატებებს გაეცნობოდა ამერიკა და დანარჩენი მსოფლიო, მანამ იყო მისტერ ბილი, ასეთივე სულელური პოლიტიკური აკვიატებებით.
1994 წლამდე, ამერიკის კონგრესი ყოველწლიურად, ცალკე საკითხად განიხილავდა ჩინეთთან ვაჭრობის საკითხს და ამ ბიზნეს ურთიერთობას შეუქცევადად აკავშირებდა ჩინეთში ადამიანის უფლებების შელახვის საკითხებთან. 1974 წელს, ე.წ. „ჯექსონ-ვანიკის შესწორების“ მიღების შემდეგ, რომელიც 1975 წელს კანონად იქცა, იმ ქვეყნებს, სადაც მუდმივად ხდებოდა ადამიანის ბაზისური უფლებების დარღვევა, ეკრძალებოდათ ამერიკასთან სავაჭრო ურთიერთობა. ცხადია, მაშინ ასეთი ქვეყნების სათავეში საბჭოთა კავშირი იყო. ასე იცავდა თავს ცივილიზაცია ანტი-ცივილიზაციის ინკორპორაციისაგან საკუთარ საბანკო-ეკონომიკურ სისტემაში.
1994 წელს, ბილ კლინტონმა, რომელსაც ისევე სურდა ისტორიაში შესულიყო ჩინეთთან „გადატვირთვით“, როგორც მის ჭკუისკოლოფ მეუღლეს რუსეთთან, ამ შესწორების რევიზია წამოიწყო.
1999 წელს კლინტონის ადმინისტრაციამ პეკინთან ხელი მოაწერა ფუნდამენტურ ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებდა ტარიფების გაუქმებას ჩინეთის მხრიდან და ასევე ჩინეთში დასავლური საბანკო, სადაზღვევო და სატელეკომუნიკაციო კომპანიების დაუბრკოლებლად შესვლას.
2000 წელს, იმავე კლინტონმა, სერიოზული პოლიტიკური ზეწოლითა და ლობირებით მოახერხა „აშშ-ჩინეთის ურთიერთობის აქტი-2000“ გატანა კონგრესში და მისი კანონად რატიფიკაცია. ამ ახალი კანონის თანახმად, რომელიც ძალაში შევიდა 2000 წლის 1 ოქტომბერს, ჩინეთს მუდმივად, ვიმეორებ, მუდმივად, მიეცა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ნორმალური და შეუზღუდავი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების უფლება, ადამიანური უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული საკითხების ყოველგვარი წლიური კონგრესის განხილვის გარეშე; ანუ, პრაქტიკულად ანულირება გაუკეთა „ჯექსონ-ვანიკის შესწორებას“.
დანარჩენი იცით. სამედიცინო ანალოგია რომ გავაკეთოთ, ბილ კლინტონმა აიღო სიმსივნის უჯრედებით სავსე შპრიცი და პირდაპირ ტვინში შეუშხაპუნა ჯანმრთელ პაციენტს. ეს სიმსივნე წლების განმავლობაში გაიზარდა, ფესვებივით ჩაიზარდა ტვინის ქსოვილის ყოველ მონაკვეთში და თავად დაიწყო პაციენტის სხეულის კონტროლი. ერთგვარად სიმბოლურიცაა ის ფაქტი, თუ როგორ მანიპულირებს ჩინეთი საკუთარი ჯაშუშური ქსელებით მსოფლიოს სუპერ-ინტელექტის განვითარების პროცესში და როგორ პარაზიტირებს დასავლურ ინტელექტზე ე.წ. „შებრუნებული ინჟინერიის“ მეშვეობით.
ბილ კლინტონი ერთერთ წარმატებულ პრეზიდენტად ითვლება ამერიკის ისტორიაში. ეს ის კლინტონია, რომელმაც უკრაინას, ბელორუსიას და ყაზახეთს ბირთვული იარაღი ნიუ იორკის მეტროს ჯიბის ქურდივით მოხდენილად აახია და სანაცვლოდ „ტუალეტის ქაღალდზე“ დაჯღაბნილი ბუდაპეშტის მემორანდუმი შეაჩეჩა. სწორედ მაშინ, 1994 წლის 5 დეკემბერს გადაწყდა უკრაინის ბედიც.
ვუყურებდი „ჩინური იალტის“ კადრებს და …
„რუსეთ-უკრაინის ომი არ უნდა დაწყებულიყო, არა და არა“ – მანტრასავით იმეორებდა ამერიკელი ბერიკაცი. ჰო, არ უნდა დაწყებულიყო. არც ანტი-ცივილიზაციის ეკონომიკური ინტეგრირება უნდა დაწყებულიყო ცივილიზაციის საბანკო-სავაჭრო სისტემაში. ეს ხომ იგივეა, პროფესიონალი მძარცველი რომ ბანკის თანამშრომლად მიიწვიო. მაგრამ…
საერთაშიროსო alia.ge