როგორ შეზღუდა „ოცნებამ“ გამოხატვის თავისუფლება 9 დღეში — იურისტის შეფასება

1 week ago 2

„ქართულმა ოცნებამ“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შეიტანა, რითაც იურისტების შეფასებით, შეზღუდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე კოდექსში შეტანილ ცვლილებებს აფასებს, პოლიციისთვის, ძალოვნებისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს და ანთებულ მწვანე შუქს, რომელსაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა დღეს უკვე უწოდა ტერორი საქართველოში და თვითნებურობა.

  1. თუ მძღოლები პროტესტს მსვლელობით უერთდებიან და პოლიციამ ჩათვალა, რომ ამით ტრანსპორტის მოძრაობა ფერხდება, მძღოლი 1000 ლარით დაჯარიმდება და თან 1 წლით მართვის უფლება ჩამოერთმევა;
  2. საპროტესტო სტენსილის/წარწერის/პლაკატის უნებართვოდ განთავსება ქალაქის იერსახის დაზიანებისთვის — ჯარიმა 50 ლარიდან 1000 ლარამდე გაიზარდა.
  3. თუ აქციისას გზა გადაიკეტა, მაგრამ პოლიციამ ჩათვალა, რომ გზის გადასაკეტად საკმარისი ხალხი არ არის, ყველას დაჯარიმებას შეძლებს 5000 ლარით (აქამდე ჯარიმის ოდენობა 500 ლარი იყო). ხოლო ყველაზე აქტიური აქციის მონაწილე ორგანიზატორად თუ მიიჩნია, მისთვის დაკისრებული ჯარიმა 15 000 ლარი იქნება (აქამდე 5000 ლარი იყო). ეს წესი ვრცელდება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებული სხვა ნორმების დარღვევაზეც, მათ შორის, შენობების შესასვლელების ბლოკირებაზე. ასევე, ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებული იყოს ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე;
  4. აქციაზე პიროტექნიკით ყოფნა, მიუხედავად იმისა, მოხდა თუ არა მისი გამოყენება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5000 ლარით, თუ ჩაითვალა, რომ ეს ორგანიზებული ფორმითაა გაკეთებული, მაშინ ორგანიზატორი 15000 ლარით შეიძლება დაჯარიმდეს. ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებული იყოს 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობაც;
  5. აქციაზე ლაზერული გამოსხივების ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე ისეთი საშუალების ქონა, რომლის გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუშალოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობას ან/და მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკურ საშუალებათა გამართულ ფუნქციონირებას – გამოიწვევს 2000 ლარიან ჯარიმას;
  6. სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა გამოიწვევს 2000 ლარიან ჯარიმას;
  7. თუ არასრულწლოვანი აქციაზე 173-ე მუხლის (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) ჩამდენად მიიჩნიეს, მის მშობელსაც დააჯარიმებენ შვილის კარგად ვერ აღზრდისთვის. ჯარიმა 100-დან 300 ლარამდე იქნება;
  8. დაკავების საფუძვლებს ასევე დაემატა პრევენციული დაკავება. ანუ თუ პირს ადრე აქვს ჩადენილი სამართალდარღვევა, პოლიციამ შეიძლება ივარაუდოს, რომ კიდევ ჩაიდენს დარღვევას და ვარაუდის საფუძველზე დააკავოს;
  9. პირი ასევე შეიძლება დააკავონ მხოლოდ იმის გამო, რომ სასამართლოში მიიყვანონ, მიუხედავად იმისა, თავად უარს ამბობს თუ არა მისვლაზე. ამ საფუძვლით პოლიციას მაშინაც შეუძლია დააკავოს პირი, თუ სასამართლოში ჯერ საერთოდ არ არის საქმე შეტანილი;
  10. ამავე საფუძვლებით ნებადართული გახდა პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა და ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა”, — წერს ქურდოვანიძე და ამათებს, რომ „ამ ყველაფრის გაფუჭება ქართულმა ოცნებამ მოახერხა მხოლოდ 9 დღეში“.

მეთთვრამეტე დღეა, ასობით ათასი ადამიანი გამოდის თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში. დემონსტრაციები არაერთხელ ძალადობრივად დაარბიეს გამთენიისას. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად ძალადობენ ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებზე. ძალოვნები და მათთან დაკავშირებული ზონდერები ადამიანებს თავს ესხმიან სრულიად მშვიდობიან დღეებში, აკავებენ და ძარცვავენ მათ მას შემდეგაც კი, როცა აქცია იშლება და მშვიდობიანი აქციის მონაწილეები სახლებში მიდიან.

მასობრივი პროტესტი მოჰყვა ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას, რომ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ.

სრულად წაკითხვა