როგორ შეიძლება შეცვალოს ცხოვრება არასწორად თარგმნილმა ერთმა სიტყვამ – საახალწლო ისტორია

3 days ago 4

ბევრი წლის წინ, როცა ფეისბუქი ჯერ არც კი იყო, სკაიპის ზენიტის პერიოდში, ერთ ინტერნეტ კაფეში დავდიოდი. იქ ვბეჭდავდი, იქ ვეძებდი საჭირო ინფორმაციას ინტერნეტში. არაერთი ადამიანი გავიცანი იქ.

ზოგი საჩათაოდ და ვინმეს გასაცნობად დადიოდა, ზოგი მოდიოდა, რამე ფილმს იპოვიდა, ჩართავდა და უყურებდა თავისთვის, ზოგი მუშაობდა, ზოგიც თამაშობდა. მეტწილად ერთი და იგივე ადამიანები დავდიოთ და სულ ზეპირად ვიცოდით, ვინ რისთვის დადიოდა, როდის და რა დროით. ერთი კაცი, მაგალითად, ყოველ დღე მოდიოდა, 18.15–ზე, ალბათ, სამსახურის მერე  და ყოველ დღე მხოლოდ 15 წუთით ქირაობდა კომპიუტერს და ინტერნეტს. უცხოეთის სიახლეებს გაეცნობოდა და მიდოდა. რამდენიმე წლის მანძილზე, მხოლოდ ერთხელ არ ეყო 15 წუთი და დაამატა მთელი 5 წუთი.

ერთი სტუდენტი გოგო დადიოდა ხშირად, საშუალოზე მაღალი, შავი თმებით, ლამაზი ტანით. მეტწილად ინფორმაციას ეძებდა, მეცადინეობდა, ინიშნავდა ხოლმე, შემდეგ კი, ბრაზილიის ფოტოებს ათვალიერებდა, ან ბრაზილიის კულტურას და ტრადიციებს ეცნობოდა და აკომენტარებდა, იწონებდა გუგლშივე. ერთხელაც, ვიღაც გამოეპასუხა კომენტარზე, რაღა ვიღაც, მომხიბვლელი, ახალგაზრდა ბრაზილიელი მამაკაცი. გოგომ ინგლისური იცოდა ცოტა–ცოტა, ბიჭმა ინგლისური იცოდა „სოუ–სოუ“, არც ერთმა იცოდა ქართული და არც მეორემ – პორტუგალიური. მალევე ბიჭმა ქართულის სწავლა დაიწყო და გოგომ პორტუგალიურის, თუმცა, ერთმანეთს ნააზრევს იმ გატეხილი ინგლისურით აგებინებდნენ ხოლმე. რამდენიმე თვის მერე, გოგომ, მოდი, ხან ქართულად და ხანაც პორტუგალიურად ვისაუბროთ ერთმანეთში, რომ უკეთ ვისწავლოთ ორივემო და იქედან დაიწყო რაც დაიწყო. ურეკავდა თუ პორტუგალიურის მასწავლებელს, თუ ნაცნობ თარჯიმანს, ეძებდა სიტყვებს გუგლში. ზოგჯერ, წინადადებიდან 2 სიტყვას რომ იგებდა, მერე ინტერნეტ კაფეს ყველა მომხმარებელი ერთად ვეხმარებოდით კონტექსტის გასაგებად, რამდენიმე ვერსიიდან ყველაზე ლოგიკურს ავარჩევდით ხოლმე და ასე გადიოდა დრო.

დეკემბერის დასაწყისში, ბიჭმა უთხრა, 31 დეკემბერს, დღის 15.25 საათზე რომ დაგელაპარაკო ზუსტად, ხომ შეიძლებაო და გამოუგზავნა გულების, ყვავილების ფოტოები. ეგ არი, 31 დეკემბერს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა უთხრას, თორემ, 3 დეკემბერს რატომ შეუთანხმდება წინასწარ? ახლა მთავარია, 31 დეკემბერს ინტერნეტ კაფე მუშაობდეს.

–18 საათამდე ვმუშაობთო. რა გაძლებდა 31 დეკემბრამდე, ჩვენი გოგო, ჯერ რომ აბიტურიენტობიდან ვიცნობდით, უკვე სტუდენტი, შეყვარებულია და რაღაც მნიშვნელოვანი უნდა მოხდეს 31 დეკემბერს. ყოველ დღე ვეკითხებოდით, რამე ხომ არ დასცდა ბიჭს, თვალებიანად იცინოდა მაგ დროს და არაო, ამბობდა.

დადგა 31 დეკემბერი და ყველანი ინტერნეტ კაფეში ვართ 14 საათზე უკვე. ზოგი ყავას ადუღებს, ზოგი ტკბილეულს ალაგებს მაგიდებზე, ერთმა შამპანიურის ბოთლები მოიტანა და ჩუმად დადო მაგიდის ქვეშ, საჭირო მომენტში გასახსნელად. ციოდა იმ წელს და გოგოს თეთრი კაბა ეცვა და ნაცრისფერი, დათბილული, მუხლამდე ქურთუკი. ქურთუკი რომ გაიხადა, იმ თეთრ კაბაში ისეთი ლამაზი იყო, კიდევ ერთხელ გადავულაპარაკეთ ერთმანეთს, რომ სულ არ გვინდა ბრაზილიაში გავუშვათ ჩვენი ლამაზი გოგო, მაგრამ ისეთი აღელვებული და ბედნიერი იყო, სადაც უნდოდა იქ ეცხოვრა, ოღონდაც სულ ასეთი ბედნიერი ყოფილიყო. 

15 საათზე ის კაცი მოვიდა, ყოველ დღე, წლობით, 18.15 საათზე რომ მოდიოდა და 1 საათი აიღო, ოღონდ არ ჩაურთავს. 15 საათის მერე მღელვარება პიკს აღწევდა უკვე. დადგა 15.25 და ბიჭი არაა ინტერნეტში. რა უჭირს, ალბათ, ცოტა აგვიანდება. 15.45 საათზეც არაა. 16 საათზეც სიჩუმეა. აღარ ვიცით, რა ვთქვათ და გავაკეთოთ, ვითომ, არაფერს ველოდით, ისე მოვიქცეთ, თუ, ბიჭის ლანძღვა დავიწყოთ, ჩვენი გოგოს მოტყუებისთვის. გოგო ზის და ეკრანს უყურეებს, „მაუსს“ არც კი ეხება. 

17 საათზე ვითხოვეთ, რომ ინტერნეტ კაფეს დღეს იმ საათამდე ემუშავა, სადამდეც გოგო კაფეში იქნებოდა და დაგვთანხმდნენ. ფეხს არავინ ვიცვლიდით. დავლიეთ 5 ჭიქა ყავა, ვჭამეთ ყველა ფერის შოკოლადი…

18 საათს უკვე გადაცდენილი იყო, როცა ბიჭი ინტერნეტში შემოვიდა და აქაა, მოვიდა, მოვიდა, ყველანი მივაშტერდით ეკრანს, მორიდების გარეშე, გაბრაზებული, მოწყენილი სმაილები გამოაგზავნა. 

–უი, ავარიაში ხომ არ მოყვა?

–მაგას მამა ჰყავდა ხომ ცუდად? ხომ არ გარდაეცვალა?

–დღეს რამე უბედური შემთხვევა, ან სტიქია ხომ არ იყო ბრაზილიაში?, – ჩამოვყარეთ ვერსიები. 

–არ ვიცი, აიწურა გოგო. 

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ბიჭს 31 დეკემბერს 15.25 საათზე საუბარში, ნახვა და პირისპირ საუბარი უგულისხმია, ბილეთი აუღია იმ 3 დეკემბერს და ჩვენ რომ გვგონია მთელი თვე, რაღაც მნიშვნელოვანის თქმა დაანონსა 31 დეკემბერს სკაიპით, თურმე, უთქვამს, ჩამოვდივარო და იქეთ ელოდა გოგოს აეროპორტში. სასტუმროში მისულმა ითხოვა კომპიუტერი და მოწერა. ეს ჩვენი გოგო აქეთ იყო ნაწყენი, ის – იქეთ, ეს ჩვენი გოგო აქეთ ნერვიულობდა, ხომ არაფერი შეემთხვა და ის იქეთ. 

ქურთუკი რჩებოდა, ისე გარბოდა, გზაში დავაწიეთ. გადავწყვიტეთ არ დავშლილიყავით და დავლოდებოდით, დარეკვას დაგვპირდა. 

–კახეთიდან ღვინო გამომიგზავნეს, შემოსასვლელშიაო, იმ კაცმა, ყოველ დღე მხოლოდ 15 წუთით რომ მოდიოდა. 1 საათში გოგომ დაგვირეკა ქალაქის ტელეფონზე, ხელი მთხოვა და დავთანხმდიო, მაგ წამსვე გავხსენით შამპანიურები. კიდევ კარგი, ცალ მუხლზე დადგომა და ბეჭდის მოწოდება, ყველა ენაზე ერთი და იმავეს ნიშნავს, თორემ, წარმოიდგინეთ, ბრაზილიაში ხელის თხოვნა რომ საათის ჩუქებით ხდებოდეს, ვინ იცის, რა გვეგონებოდა. 

ბიჭს უთქვამს, ხვალვე ვაპირებდი ბილეთის გადაცვლას და უკან წასვლასო. დღეს ბრაზილიაში ცხოვრობენ, ორი შვილი ჰყავთ. ხშირად ჩამოდიან ხოლმე საქართველოში და ყოველ ჩამოსვლაზე ის ახსენდებათ, როგორ ელოდა გოგო ინტერნეტ კაფეში და ბიჭი აეროპორტში და იცინიან.

ჩვენ, ინტერნეტ კაფელები, აღარ ვიკრიბებით და აღარ ვიცი, 31 დეკემბერს ამ ისტორიას იხსენებენ, თუ არა, ალბათ, იხსენებენ, მე რა დამავიწყებს. 

არადა, მხოლოდ ერთი პატარა წინადადება უნდა გვეთარგმნა სწორად, ერთი პატარა წინადადების არასწორად თარგმნას, შეიძლებოდა მათი სიყვარული დაესრულებია, ერთი ოჯახის ისტორია დაეკარგა. 

შამპანიურები რომ გავხსენით იმ ღამეს, ერთმა თქვა, ჩვენს თარგმანში დაკარგულ წყვილს გაუმარჯოსო და ვიღაცამ უპასუხა, პირიქით, თარგმანში ნაპოვნი წყვილია ეგა, რადგან კარგად დამთავრდა ამბავიო. ალბათ, ასეცაა, თარგმან–თარგმან იპოვნეს ერთმანეთი.

მე არ ვიცი ბევრი ენა, ქართული ვიცი, აი, როგორც ხედავთ, ისე და რამდენიმე ენაზე შემიძლია ადამიანს გავაგებინო მინიმალური, ანუ, გაქცეული მოვაბრუნო, როგორც იტვიან. სამაგიეროდ, მე ვიცი, კარგი მთარგმნელები, თარგმნის კარგი ბიუროები, კარგ ფასად. 

რა ღირს?

–ხომ თქვი კარგ ფასადო? რა ღირს? – ვერ გეტყვი ასე, თუ არ ვიცი, რა არის სათარგმნი, რომელი ენიდან, რა ტიპის და რა ზომის ტექსტია, მაგრამ მაინც ვიცი, რომ იაფადაა. საიდან ვიცი და მე იმ საიტის მომსახურებით ვსარგებლობ, სადაც ათობით განცხადებაა თარგმნის ბიუროების და სადაც კონკურენციაა, იქ მხოლოდ ხარისხის კონკურენცია არაა, იქ ფასებიც ერთმანეთზე უკეთესია. ხო, აბა, ერთი თუ გთავაზობს ერთი გვერდიდან მომსახურებას, თუ იცის, იმ გვერდზე სხვა არავინაა მის გარდა და იქ მოხვედრილი, მხოლოდ მის ანაბარად ხარ, ფასი კონკურეტუნარიანი რაღატომ უნდა ჰქონდეს?

ხარისხი?

რა გითხრათ, აეროპორტში ბრაზილიიდან არავინ ჩამოუკითხავს ბეჭდით ხელში და არავინ დამრჩენია გზაზე, მაგრამ იურიდიული დოკუმენტები მქონია სათარგმნი, სამედიცინო, ერთხელ – წიგნის ანოტაციაც, ანუ, მხატვრული ტექსტიც დამჭირვებია და ოფიციალური ტერმინებით გაძეძგილიც და ყოველ ჯერზე ხარისხიანად მემსახურებიან. რომელი ენიდან გინდა, რომ ვერ გითარგმნონ, რომელ ენაზე გინდა ქართულიდან რომ არ გითარგმნონ. 

–ჩინურიდანაც?

კი, ყველა ენიდან და ყველა ენაზე. მხოლოდ იმის თარგმნა ჭირს, აი, ქართული რომ კარგად იცი, ქართულად რომ გელაპარაკებიან, მაგრამ ვერ ხვდები რის თქმას ცდილობს და აუ, ჩინურიაო, რომ გაიფიქრებ, სხვა ყველაფრის თარგმნა შეიძლება ყველა ენიდან.

რას ვაკეთებთ?

ვიმახსოვრებთ გვერდს, რადგან, არავინ იცის, ხვალ ვინ გწერს გუგლის კომენტარებიდან, სერიოზულად კი, არასოდეს იცი, ხვალ რა დოკუმენტის თუ მასალის თარგმნა გჭირდება. შემდეგ კი, ვჭრით ნიგოზს და ვხალავთ, უხდება ახალ წელს გოზინაყი. 

დამდეგს გილოცავთ. 

(R)

სრულად წაკითხვა