მიმდინარე წლის დასაწყისში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის (რომელიც ძალაუფლებას 16 წლის განმავლობაში ფლობდა) მარცხის შემდეგ, მსოფლიო კვლავ გახდა „ძველი სკოლის“ საარჩევნო კამპანიის უპირატესობების მოწმე. საკუთარი ქვეყნის ავტოკრატი ლიდერის დამხობით, სერბეთის ახალი, სტუდენტების მიერ მართული ოპოზიცია მნიშვნელოვან გაკვეთილს აძლევს მათ, ვინც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დემოკრატიას იცავს.
ავტორი: ფილიპ მილაჩიჩი
14-წლიანი ავტორიტარული მმართველობის შემდეგ, ალექსანდარ ვუჩიჩი და მისი „სერბეთის პროგრესული პარტია“ (SNS) ძალაუფლებიდან ჩამოაშორეს. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვები დაძაბულ არჩევნებს პროგნოზირებდა, სტუდენტების ლიდერობით მოქმედმა ოპოზიციამ საბოლოოდ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. არჩევნებზე, რომელიც არ ყოფილა არც თავისუფალი და არც სამართლიანი (მედიის მიტაცების, მთავრობის ოპონენტებზე ძალადობისა და მმართველი პარტიის მიერ სახელმწიფო რესურსების აშკარა ბოროტად გამოყენების გამო) „სტუდენტურმა სიამ“ ხმების 53% მოიპოვა, რაც 141 საპარლამენტო მანდატსა და აბსოლუტურ უმრავლესობას ნიშნავს. ვუჩიჩი და მისი პარტია მათ საგრძნობლად ჩამორჩნენ 38.8%-ითა და 103 მანდატით.
სტუდენტების გამარჯვება იმ მრავალთვიანი საპროტესტო აქციების კულმინაცია იყო, რომელიც 2024 წლის ნოემბერში დაიწყო, როდესაც ნოვი-სადის რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევას 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვინაიდან მთავრობამ დამნაშავეების დასასჯელად თითქმის არაფერი გააკეთა, საზოგადოების აღშფოთება სულ უფრო იზრდებოდა და სახალხო მობილიზაციამ საარჩევნო ყუთების გზით ცვლილებებს ჩაუყარა საფუძველი.
თუმცა, ეს არ არის ერთადერთი გაკვეთილი მსოფლიოს პროდემოკრატიული ძალებისთვის. სერბეთის შემთხვევაში, სახალხო მობილიზაციასაც და მოგვიანებით საარჩევნო კამპანიასაც სათავეში ჩაუდგნენ ახალი, ახალგაზრდა სახეები, რომლებსაც საზოგადოება ინსტინქტურად უფრო მეტად ენდობოდა, ვიდრე ძველ ელიტას, მათ შორის ტრადიციული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. როდესაც ტრადიციული ოპოზიცია სუსტი, კომპრომეტირებული ან დისკრედიტებულია, ფესვგადგმული ავტოკრატის დასამარცხებლად ჩვეულებრივ „ახალი სისხლია“ საჭირო.
გარდა ამისა, ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ ვუჩიჩის რეჟიმის ნაკლოვანებებზე გაემახვილებინათ ყურადღება, სტუდენტების გზავნილი ემოციურად დამაჯერებელი და, შესაბამისად, ფართო მასებისთვის მიმზიდველი იყო. სოციალური ფსიქოლოგია გვასწავლის, რომ ადამიანებს პოლიტიკური შეხედულებები კი არ იზიდავს ისე ძლიერად, როგორც იდენტობის, აღიარებისა და სოლიდარობის შერწყმა.
მართალია, მათი გზავნილი ძირითადად კორუფციის პრობლემას (ნოვი-სადის ტრაგედიით წამოჭრილ საკითხს) ეფუძნებოდა, მაგრამ სტუდენტური მოძრაობა ამას არ განიხილავდა როგორც უბრალო, რიგით პოლიტიკურ საკითხს. პირიქით, მათ თავიანთი ანტიკორუფციული მოწოდება ჩამოაყალიბეს როგორც ღირებულებებზე დაფუძნებული ალტერნატიული ნარატივი, რომელიც კანონის უზენაესობას, დემოკრატიას, საზოგადოებრივ ერთობასა და საერთო მიზნის განცდას ეყრდნობოდა. როგორც „სტუდენტური სიის“ მთავარი კანდიდატი, ილია სრდანოვიჩი ხშირად ამბობდა: „სხვა, უკეთესი სერბეთი შესაძლებელია“.
შესაბამისად, სერბეთის სტუდენტურმა მოძრაობამ დემოკრატია წარმოაჩინა არა როგორც აბსტრაქტული ცნება, არამედ როგორც ინსტრუმენტი ფუნდამენტური ღირებულებების დასაცავად და ისეთი ხელშესახები მიზნების მისაღწევად, როგორიცაა სოციალური ინკლუზია, პიროვნული ღირსება და ეკონომიკური კეთილდღეობა.
ამავდროულად, ვუჩიჩი საკუთარ თავს წარმოაჩენდა საფრთხეში მყოფი სერბი ერის „მხსნელად“ და „დამცველად“ იმ „მოღალატეების“ წინააღმდეგ, რომლებიც, მისი თქმით, უცხო ქვეყნების დავალებით იბრძოდნენ ისეთი „ფერადი რევოლუციებისთვის“, როგორმაც დემოკრატია მოიტანა უკრაინასა და საქართველოში. წინა არჩევნებზე სერბეთის ოპოზიციური პარტიები, ძირითადად, ან აიგნორებდნენ მსგავს ბრალდებებს, ან ცდილობდნენ ვუჩიჩს ეთნონაციონალიზმში შეჯიბრებოდნენ, რითაც საბოლოოდ მისსავე თამაშს თამაშობდნენ.
თუმცა, ვუჩიჩის მიერ სერბეთის ყოფილი პროვინციის, კოსოვოს, ღალატის შესახებ გაკეთებული იშვიათი განცხადებების გარდა, სტუდენტური მოძრაობა არ აჰყვა მის რიტორიკას სერბეთის, როგორც დასავლეთის ძალების მსხვერპლის, შესახებ. ნაცვლად ამისა, სტუდენტებმა შექმნეს საკუთარი დღის წესრიგი, მხარს უჭერდნენ ინკლუზიურ ღირებულებებსა და კარგ მმართველობას და იყენებდნენ პატრიოტულ სიმბოლიკას (მაგალითად, ეროვნულ დროშას) ხალხის გასაერთიანებლად. ამგვარად, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისთვის ბრძოლა სერბი ერის გადარჩენისთვის ბრძოლად იქცა.
ამასთან, სტუდენტები თავიანთ იდეებს მოქალაქეებთან, მათ შორის შორეულ სოფლებში მცხოვრებლებთან, უშუალო საუბრებით ავრცელებდნენ. მოძრაობის დეცენტრალიზებულმა ბუნებამ ხელი შეუწყო ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას და გააძლიერა მოხალისეები და აქტივისტები, რათა ინფორმაცია გაევრცელებინათ და მილიონობით ადამიანისთვის მიეწვდინათ ხმა. უშუალოდ ხალხთან მუშაობაზე დაფუძნებული ეს სახალხო აქტივიზმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან სერბული მედიის დიდი ნაწილი მთავრობის მიერაა მიტაცებული, რის გამოც ოპოზიცია ფაქტობრივად ხმის უფლების გარეშე იყო დარჩენილი.
გასულ გაზაფხულზე ჩატარებული უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი 16-წლიანი უწყვეტი მმართველობის შემდეგ თანამდებობიდან გადააყენეს, ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ „ძველი სკოლის“ კამპანიის უპირატესობები, რაც მოიცავს ამომრჩეველთან პირდაპირ დიალოგსა და კარდაკარ სიარულით კომუნიკაციას.
საბოლოო გაკვეთილი მათთვის, ვინც მთელ მსოფლიოში დემოკრატიას იცავს, არის ის, რომ ოპოზიცია არჩევნებში აუცილებლად უნდა ჩაებას, განურჩევლად იმისა, თუ რამდენად უთანასწოროა საარჩევნო გარემო. ძველი ოპოზიციის წარსული შეცდომებიდან გამომდინარე, სერბმა სტუდენტებმა გააცნობიერეს, რომ საარჩევნო ბოიკოტები ვუჩიჩს მხოლოდ ძალაუფლების განმტკიცებაში ეხმარებოდა.
საარჩევნო უბნების დახურვიდან მალევე ვუჩიჩმა არჩევნებში დამარცხება აღიარა, რამაც ბევრი გააკვირვა. მან ეს ნაწილობრივ იმის გამო გააკეთა, რომ მმართველ პარტიასა და „სტუდენტურ სიას“ შორის ხმების დიდი სხვაობა იყო და არჩევნების შემდგომი მანიპულაციები გართულდა, მაგრამ ამავდროულად იმიტომაც, რომ ის და მისი მოკავშირეები ფსონს დებენ იმაზე, რომ ახალი მთავრობა დანაპირებს ვერ შეასრულებს. ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში, წარმოშობილი იმედგაცრუება მას უკან დაბრუნების შანსს მისცემს.
როგორც მოქმედი ავტორიტარების წინა მარცხებიდან (მათ შორის თავად სერბეთშიც) გვინახავს, არალიბერალური რეჟიმის დემონტაჟი, ალბათ, კიდევ უფრო დიდ და ხანგრძლივ გამოწვევას წარმოადგენს, ვიდრე საარჩევნო ყუთთან მისი დამარცხება. ვიმედოვნებთ, რომ სერბმა სტუდენტებმა ამ შემთხვევაშიც ისწავლეს წარსულის შეცდომებზე.
ავტორის შესახებ: ფილიპ მილაჩიჩი, ფრიდრიხ ებერტის ფონდის „მომავლის დემოკრატიის“ ოფისის უფროსი მკვლევარია; ვენის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი; ბუდაპეშტში მდებარე ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის დემოკრატიის ინსტიტუტის მკვლევარი-პარტნიორი და სვტორი წიგნისა „დემოკრატიის უარყოფა ერის სასარგებლოდ“ ავტორი.
სტატია ქვეყნდება The Project Syndicate-ისა და „ნეტგაზეთის“ შეთანხმების შესაბამისად.
რედაქციის შენიშვნა: კომენტარების განყოფილებაში გამოქვეყნებული სხვადასხვა ავტორის მოსაზრება, შესაძლოა, არ ასახავდეს ნეტგაზეთის პოზიციას.
netgazeti