როგორი იქნება 2025 – ხის (მწვანე) გველის წელი – რამაზ გიგაური

11 hours ago 4

4

2025 წლის ასტროლოგიური დახასიათება

აღმოსავლური კალენდრის მიხედვით 2025 წელი – ხის (მწვანე) გველის წელი იქნება. ის დაიწყება 2025 წლის 29 იანვარს (თბილისის დროით 16:36 საათზე) და 2026 წლის 16 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

გველის წლის ზოგადი დახასიათება

(ტრანსფორმაცია, ცვლილება, ცბიერება)

გველის წლისთვის დამახასიათებელია მოვლენების მოულოდნელი განვითარება. ეს სიმბოლურად მოგვაგონებს რეალური გველის სწრაფ თავდასხმას და ასევე სწრაფად (და ხმაურის გარეშე) გაუჩინარებას. აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით, გველი ბუნებით ფილოსოფოსი, დახვეწილი, ჭკვიანი და გამჭრიახია. ის ბრძენია, ამიტომაც ყოველთვის ცდილობს ინტუიციისა და ჭკუის გამოყენებით სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს. გველი საკუთარ წესრიგს ქმნის და არ უჭირს ყველაფრის დაშლა და ახლიდან დაწყება. ის ჩასაფრებულია და როგორც კი ხვდება, რომ „თავისი დრო დადგა“ თავს ესხმის. ჩინურ კალენდარში გველის სეზონი გაზაფხული და ზაფხულია. აქედან გამომდინარე, სწორედ ამ დროს ხდება ისეთი მოვლენები, რომლებიც ყველაფერს ატრიალებს. ჩინურ-იაპონური მითოლოგიისგან და ასტროლოგიისგან განსხვავებით, ეგვიპტურ მითოლოგიაში ეს არის აპოპი (აპოფისი), გიგანტური გველი, რომელიც ღმერთ რას ებრძვის. ის არის ქაოსის და ბოროტების სიმბოლო (საიდანაც შევიდა ქრისტიანულ კულტურაში). თუ გადავხედავთ XX-XXI საუკუნეებს, აღმოვაჩენთ, რომ გველის წელი უმეტესწილად შემოტრიალების წერტილი ხდებოდა, რასაც თან ახლდა გეოპოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისები. გველის წელს ინდივიდუალურ დონეზე წარმატების მიღწევისთვის აუცილებელია შემდეგი თვისებების გამოვლენა: გამჭრიახობა, სიფრთხილე, ფსიქოლოგიური სიმყარე, საკუთარი თავისა და ძალების რწმენა, სწრაფი აზროვნების და სიტუაციაში სწრაფად გარკვევის უნარი.

რას უნდა ველოდოთ 2025 ხის (მწვანე) გველის წელს

2025 წელი – აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით გველის წელს შეესაბამება. ასევე გველის წელი იყო: 1917, 1929, 1941, 1953, 1965, 1977, 1989, 2001, 2013 წლები. დამდეგი წლის სტიქია – ხეა და მწვანე ფერთან ასოცირდება.

ეს წელი ვლინდება „ინ“, ანუ (მ)დედრული ენერგიით. ხის სტიქიის სინთეზის შემთხვევაში ეს არის ბუჩქები, ბალახი და საერთოდ, დაბალი მცენარეები. ეს არის პატარა, მცოცავი მცენარის სახეობა, რომელიც ნებისმიერ პირობებს ეგუება. ეს მიუთითებს მოქნილ, ტაქტიან და დიპლომატიურ მოქმედებებზე (განსხვავებით „იან“ ენერგიის შემთხვევაში, რომელიც დიდი ხეები, რომელიც რომელიც უფრო აქტიურად და მოუქნელად ვლინდება ხოლმე). „ინი”-ხე, „იან”-ხისგან განსხვავებით, ძალიან მოქნილია და შეუძლია გარემოებების შესაბამისად შეიცვალოს. ძლიერი ქარი და ქარიშხალი ვერ აზიანებს „ინ“-ხეს. ის ქარის მიმართულებით იხრება და შემდეგ ისევ მზისკენ მიიწევს, ანუ ეს მიანიშნებს ფარულ მოქმედებებზე, რომლებიც ხშირად თავიდანვე რთულად აღიქმება ან გაუგებარია, თუმცა ის მიზნისკენ სავალ გზას არ კარგავს, მას შეუძლია მიზნისკენ იაროს, მართალია მიხვეულ-მოხვეული გზით, თუმცა საბოლოო ჯამში, მიაღწიოს მას.

გველის ნიშნის ფიქსირებული სტიქია – ცეცხლია. ხისა და ცეცხლის სინთეზი კი მტრულია, რაც მიანიშნებს, რომ 2025 წელი დაძაბული, ურთიერთდაპირისპირებული და საკმაოდ ცვალებადი იქნება. განვითარებული მოვლენები ნებისმიერ ეტაპზე ყურადღებას და სიფრთხილეს ითხოვენ, რადგან მოიმატებს სიტუაციის მოულოდნელი გაუარესების და საფრთხის ალბათობა. ურთიერთობებში, საქმიანობაში, პირად ცხოვრებაში თუ ნებისმიერ სხვა სფეროში საჭირო იქნება სერიოზული კონტროლი და ყურადღების გამახვილება. ეს განსაკუთრებით სასურველია ბიზნესსაც და ფინანსურ სფეროში. ეს მიანიშნებს 2025 წლის მაღალ, ხისტ დინამიკაზე. ამ დროს მოვლენები შეიძლება განვითარდეს მოულოდნელად და დამანგრევლადაც კი.

ჩინური მეტაფიზიკის თვალთახედვით, 2025 წელს გარდა ხის სტიქიისა, ასევე ძლიერად გამოვლინდება მიწის სტიქიაც. ეს მიანიშნებს, რომ როგორც პოლიტიკაში, ისე ეკონომიკაში საჭირო იქნება პრაქტიკული და პრაგმატული ნაბიჯების გადადგმა, რათა მერყევი და რთულად პროგნოზირებადი ტენდენციები შეძლებისდაგვარად, ჰარმონიულად განვითარდეს.

ინდივიდუალურ დონეზე ეს იქნება ახალი პროექტების რეალიზაციისთვის და დასახული მიზნების მიღწევისთვის ბრძოლა. მნიშვნელოვან ყურადღებას ითხოვს ფინანსური საკითხებიც. არ არის რეკომენდებული ფულის სესხება-გასესხება, რადგან 2025 წელს მოულოდნელი ცვლილებების გამო შესაძლოა, ფინანსებში სწრაფ აღმასვლას, მოულოდნელი დაღმასვლა მოჰყვეს, ამიტომ სჯობს ფინანსური სფერო სტაბილურად მყარი იყოს. ბიზნესში არაგონივრული იქნება რისკზე წასვლა და იმ ახალი საქმეების წამოწყება, რომელთა ეფექტიანი განვითარება და წარმატებული დასრულება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

გველის წლისთვის დამახასიათებელია – სწრაფი დინამიკა და მოულოდნელი ცვლილებები. აქედან გამომდინარე, ადამიანებს მოუწევთ საფუძვლიანი მომზადება, რათა ცხოვრების მოულოდნელი სცენარებისთვის მზად აღმოჩნდნენ. გველი სიბრძნის, განახლების, ტრანსფორმაციის და დაცვის სიმბოლოა. გველის წელი არა მხოლოდ აგრძელებს დრაკონის წლებში დაწყებულ ენერგიულ და მასშტაბურ ცვლილებებს, არამედ ის შეუბრალებლად არყევს და ანგრევს მოძველებულ ფორმებს. როგორც წესი, გველის წელში ხშირად ხდება საპროტესტო გამოსვლები, აქციები, მიტინგები, საბრძოლო მოქმედებების დაწყება, ტირანების სიკვდილი, მასშტაბური ტერორისტული აქტები (საკმარისია გავიხსენოთ, 1917, 1941, 1989, 2001 წლები).

მიუხედავად ზემოთ აღწერილი სირთულეებისა, გველის წელს დადებითი ცვლილებებიც მოაქვს. ეს არის „ახალი ტალღა“, ახალი რეალობა, რომელიც ადამიანებს აფხიზლებს, თვალს უხელს და ილუზიიდან გამოჰყავს. სიმბოლურად ეს წააგავს სერფინგის დაფით (სერფბორდით) ზღვის ტალღაზე ზემოთ მოქცევას და წყლის ზედაპირზე გასრიალებას. ბუნებრივია, ეს მოითხოვს დიდ ენერგიას, მოხერხებას და ცოდნას. იმ ადამიანებს, რომლებიც გველის წელში ამ მოხერხებას ვერ ავლენენ ხოლმე, როგორც წესი, ცვლილებები გვერდით უვლით.

ხის სტიქიის გავლენით, გველის წელში დაბადებული ადამიანი ჭკვიანი, ინტელექტუალური და საინტერესოა. ხშირად მიმზიდველი, ელეგანტური და გარშემო მყოფების თვალში მიმზიდველია. გარდა ამისა, ის საკმაოდ კომუნიკაბელურია, თუმცა აფასებს თავისუფლებას, ამიტომ არ ემორჩილება მოძველებულ ფორმებსა და სტრუქტურებს. სწორედ ამიტომ, მასში რევოლუციონერი ცხოვრობს. თუმცა სიმართლე უნდა ვთქვათ, ამის რადიკალური ფორმას უფრო ცეცხლის და ლითონის სტიქია იძლევა. ხის სტიქიის შემთხვევაში ეს შედარებით რბილად ვლინდება. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს ცვლილებებზე უარის თქმას.

ამ წელს წარმატებას უპირველესად ხარის, კურდღლის, გველის, თხის, მამლის და ტახის წელში დაბადებული ადამიანები მიაღწევენ.

2025 წელში დრაკონის გამბედაობას, აქტიურობას, ენერგიულობას, მიზანსწრაფვას, ამბიციურობას, ინიციატივიანობას, ენთუზიაზმს, თავდაჯერებულობასა და საკუთარი თავის რწმენას – გველის სიბრძნე, გამჭრიახობა, მოქნილება, სიფრთხილე, ეჭვიანობა, ცბიერება, სიჯიუტე და შურისმაძიებლობა შეცვლის.

2025 წლის პიკი გაზაფხული და ზაფხული იქნება. სწორედ ამ პერიოდში განვითარდება ის ძირითადი ტენდენციები, რომლებიც მთელი სიმძაფრით წარმოაჩენენ გველის წლის მაღალ ინტენსივობას და დინამიკას. ასე რომ, სწორედ ამ პერიოდში განვითარებული მოვლენები განსაზღვრავენ იმ შედეგებს, რომლებიც 2025 წლის ბოლოსკენ დადგება.

სრულად წაკითხვა