როგორც ჩანს, ძალიან ეჩქარებათ და ეს ერთადერთი რამით შეიძლება იხსნებოდეს, რომ სასამართლო აპირებს პატიმრობის შეფარდებას -ნიკა გვარამიას ადვოკატი

2 weeks ago 5

“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის და პარტია “ახალის” თანათავმჯდომარის ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის განცხადებით შესაძლებელია, რომ სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენოს.

ნიკა გვარამია დღეს დილით ისე გადაიყვანეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომ ადვოკატებისთვის არ უცნობებიათ. სასამართლო პროცესი მას შემდეგ გადაიდო დროებით, რაც ნიკა გვარამიამ მისი ადვოკატების დასწრება მოითხოვა.

“სრულიად შესაძლებელია, რომ ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენოს სასამართლომ. ამაზე მიანიშნებს, მათ შორის, მისი გადმოყვანა დილას სასამართლოში და მცდელობა, რომ ადრევე ადვოკატების გარეშე ჩაეტარებინათ პროცესი, ამის შემდეგ ნორმალურად გამოცხადების საშუალებასაც არ გვაძლევდა სასამართლო და ელემენტარული, გზაში მინიმუმ სამჯერ დამირეკა თანაშემწემ. როგორც ჩანს ძალიან ეჩქარებათ, უნდა ჩაეტიონ დროში, 48 საათში და ეს ერთადერთი რამით შეიძლება იხსნებოდეს მხოლოდ, რომ სასამართლო აპირებს პატიმრობის შეფარდებას,” – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამია “დროას” ოფისთან 4 დეკემბერს, იმ დროს დააპატიმრეს, როცა ის შენობაში მიმდინარე ჩხრეკაზე დასწრებას იურისტის სტატუსით ითხოვდა.

არალეგიტიმური ხელისუფლების ძალოვანმა უწყებამ ნიკა გვარამიას დაკავებისას ძალადობრივი მეთოდები გამოიყენა. ნიღბიანები მას ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ და ფაქტობრივად უგონო მდგომარეობაში წაიყვანეს.

“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი მარნეულის წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავდათ.

სრულად წაკითხვა