საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან, ვითომდა, არასათანადო ქცევის შესახებ. აღნიშნული არასწორად იქნა აღქმული მის მიერ და შემდგომ ამას მოჰყვა შესაბამისი რეაგირება ალექსანდრე გაბაშვილის მხრიდან. საზოგადოებისთვის უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა აღნიშნული დანაშაული და შესაბამისად, გიგა ავალიანი დღეს ცოცხალი იქნებოდა. [IPN] | განაცხადა გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის პროკურორმა, ქეთევან სონიძემ.
მისივე თქმით, საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რითაც ბრალდებული იმნაძის დანაშაული დასტურდება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანების, ნია იმნაძისა და ანასტასია ბერუაშვილის სასამართლო პროცესი იმართება.
გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ ორ არასრულწლოვანს – ნია იმნაძესა და ანასტასია ბერუაშვილს ბრალი 6 აგვისტოს წაუყენა. იმნაძეს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას ედავებიან, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბერუაშვილს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
საერთო ჯამში, საქმეზე დაკავებულია 7 პირი – ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი, დემეტრე ჩიქოვანი, გიორგი მალანია, ნია იმნაძე და ანასტასია ბერუაშვილი. მათგან ოთხი – ალექსანდრე გაბაშვილი, გიორგი რიკაძე, ანი ნასყიდაშვილი და დემეტრე ჩიქოვანი მსჯავრდებულები არიან.
odishinews საერთაშორისო