WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ინფორმაციას აქვეყნებს საქართველოს პროკურატურა.

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, რომეო მიქაუტაძეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა - შეთანხმება სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა.

საპროცესო შეთანხმების წინაპირობა იყო:

  • წაყენებული ბრალის აღიარება;
  • 1 000 000-ლარიანი ჯარიმა;
  • შპს „თბილსერვის ჯგუფისთვის“ მიყენებული ზიანის - 114 658 ლარის ანაზღაურება;

სახელმწიფოს სასარგებლოდ დაათბობინეს:

  • ესპანეთში, ქ. მადრიდში მდებარე 1 882 168 ლარის ღირებულების ბინა;
  • ასევე მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვანში მდებარე აგარაკი, რომლის ღირებულებაც 372 720 ლარია;
  • შპს „ნახიდური ჰესის“ 15%-იანი წილი (1 577 306 ლარი)
  • ავტომობილი MERCEDES-BENZ G 63 AMG (510 000 ლარი3);
  • ავტომობილი LAND ROVER RANGE ROVER (350 000 ლარი)
  • ავტომობილი LEXUS ES 250 (100 000 ლარი)
  • 630 110 ლარის ღირებულების 4 საათი;
  • 99 504 ლარის ღირებულების ოქროს ზოდები;
  • 19 770 ლარის ღირებულების მონეტები.

საპროცესოს გაფორმებამდე მან სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ მისცა ჩვენება. ლილიაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

რომეო მიქაუტაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ფულის გათეთრების ბრალდებით გაასამართლეს. პროკურატურის ცნობით, შვიდი წლის განმავლობაში, 2017 წლიდან 2024 წლამდე, სხვადასხვა უწყებებში მაღალ თანამდებობებზე მუშაობისას, იგი სისტემატურად არღვევდა კანონს, თანაც არაერთს.

გამოძიების მტკიცებით, რომეო მიქაუტაძემ სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლი დაარღვია, მათგან სამი სამოხელეო დანაშაულის თავშია მოქცეული. მას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული:

  • 333-ე მუხლი - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რის გამოც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი დაირღვა;
  • 332-ე მუხლის მეორე ნაწილი - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ;
  • 337-ე მუხლი - მოხელის ან მასთან გათანაბრებულის მიერ პირადად ან სხვისი მეშვეობით საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის დაარსება, აკრძალვის მიუხედავად მის მართვაში მონაწილეობა და უკანონო შეღავათებისა და უპირატესობის მოპოვება მფარველობის გზით;
  • 194-ე მუხლის მესამე ნაწილის, "გ" ქვეპუნქტი - უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება), რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.