WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ღამის 12 საათია, პარასკევი. ნანის და მარიზის სადგურის მოედანზე ვხვდები. სინდისის პატიმრების მშობლებს პირველად მივყვები რეგიონში. წალენჯიხამდე 7 საათია, თუმცა 2025 წლის 6 ივნისის იმ ღამეს, ჯერ კიდევ ვერცერთს წარმოუდგენია, რომ წინ ბევრად დიდი გზა ელით. 7 საათი 17 თვედ იქცევა, გზა სამეგრელომდე კი — ათასობით კილომეტრად.

წალენჯიხას მოჰყვება ბათუმი, სამტრედია, გურჯაანი, კასპი და კიდევ ათობით სხვა ქალაქი თუ რეგიონი. პატიმრების გამოსახულებიანი მაისურებით იცნობენ ყველგან. ადამიანებს ხელიდან ხელში გადასცემენ “თავისუფლების ხმას ციხიდან”, გაზეთს, რომელიც პატიმრების წერილებისგან და მათი საბოლოო სიტყვებისგან შედგება, და მოუყვებიან, როგორ “შეიკერა” საქმეები მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ. არც თბილისის პროტესტს გამოაკლდებიან. ივლიან აქციებზე. გაუძღვებიან შაბათის მარშებს.

ამ ორი წლის განმავლობაში ასე გაიცნო სინდისის პატიმრების ოჯახები საზოგადოებამ. 2024 წლის 28 ნოემბერის ირაკლი კობახიძის განცხადებამ და იმან, რაც მას მოჰყვა, ქვეყნის კურსთან ერთად მათი ცხოვრებაც რადიკალურად შეცვალა. შვილების, ქმრების, მამების, ძმებისა და დების თავისუფლებისთვის ბრძოლის მიღმა, უამრავი საზრუნავი გაუჩნდათ, მათ შორის, ფინანსური თუ საბანკო პასუხისმგებლობები, პატიმრების კვებასა თუ სამართლებრივ დახმარებაზე მუდმივი ზრუნვა. 

ეს ამბები ხშირად კადრს მიღმა რჩებოდა.

აქ ოთხ ოჯახზე გიყვებით. მათ გვერდით სინდისის პატიმრების კიდევ ბევრი ოჯახი დგას, თითოეული პროტესტში თავისებურადაა ჩართული, ყველას თავისი ისტორია, პრობლემები და ბრძოლის გზა აქვს, თუმცა მიზანი ყველასთვის ერთია.

შვილების დროშით ხელში

სახელი მარინა სინდისის ორი პატიმრის დედას ჰქვია, ერთი უკვე გათავისუფლებული ნიკა კაციას დედა მარინა აფციაურია, რომელიც ახლა სხვა სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის იბრძვის და მშობლებს გაზეთების გასავრცელებლად რეგიონებში დაჰყვება, ხოლო მეორე გიორგი ტერიშვილის დედა მარინა ტერიშვილია. ერთმანეთისგან რომ განასხვაონ, პატიმრების ოჯახის წევრები ასაკით უფროს მარინა ტერიშვილს ქალბატონ მარინას ეძახიან.

ქალბატონი მარინა უკვე ორი წელია გიორგი ტერიშვილის თავისუფლებისთვის იბრძვის. უმცროსი ვაჟი, მამუკა, 90-იანებში მოუკლეს. 

მას შემდეგ, რაც შვილი დაუპატიმრეს, ოჯახის წინაშე მისი პასუხისმგებლობებიც გაიზარდა.

ერთ-ერთ დიდ სავაჭრო ცენტრში დიასახლისად მუშაობს. კვირაში სულ მცირე სამი დღე დილის 9-დან შუადღის 2 საათამდე ოფისებსა და მაღაზიებს ალაგებს. ზოგჯერ საღამოობითაც ეძახიან. 

ერთ-ერთ სამუშაო დღის დასასრულს ინტერვიუს ჩასაწერად სავაჭრო ცენტრში ვხვდები. ვეკითხები მუშაობისას ყველაზე ხშირად რაზე ეფიქრება ხოლმე.

ფიქრები ათასნაირად გარბის, ვფიქრობ გიაზე, ყოველ წუთს მისი მდგომარეობა მაწუხებსო, მპასუხობს. ღელავს, სხვა პატიმრებივით გიასაც პრობლემები არ შეექმნას და რამე არ დაუმალოს.

იქაურობას მათვალიერებინებს. სტანდარტული სავაჭრო ცენტრია, ბევრი სართულით, ვიტრინითა და განათებით. მესამე სართულზე, საავარიო გასასვლელის კიბესთან გავდივართ. კუთხეში იატაკის საწმენდები, წყლით სავსე ორი ყვითელი სათლი და ნაგვის ურნა დგას – ეს მისი სამუშაო აღჭურვილობაა.

საქმე დამღლელია, მაგრამ სხვა გამოსავალი არც მაქვსო, მეუბნება. ოჯახის მარჩენალი ციხეშია.

„სამსახურის შემდეგ, თუ საჭიროა, ბაზარში მივდივარ, მერე სახლის საქმეები და ასე…“

„ორ-სამ დღეში ერთხელ გია რეკავს, – შვილის ხსენებაზე სახე უნათდება ქალბატონ მარინას, –  „მოგვიკითხავს, მე კარგად ვარო, იტყვის. ტელევიზორში თუ ვერ დამინახავს ნერვიულობას იწყებს. მეკითხება, ცუდად ხომ არ ხარ აქციაზე რომ არ იყავიო. იმის ჭკუა-გონება სულ აქეთ არის.”

77 წლის ქალი თითქმის არცერთ საპროტესტო კერას არ აკლდება.

„დილით ჯერ აქ მოვდივარ და მერე, თუ რამე აქცია ან შეხვედრაა, პირდაპირ იქით მივდივარ“.

თავადაც არაერთხელ მინახავს პროტესტზე პირდაპირ სამსახურიდან მოსული.

სამუშაო სივრცის დათვალიერება დავასრულეთ. ამ დროს ტელეფონი ურეკავს. მანანაა, მისი მესამე შვილი. ცენტრთან მანქანით გველოდება, რომ წაგვიყვანოს სახლში, სადაც ქალბატონი მარინა რძალთან და ორ შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს.

ჭიშკართან დგას საბურავებდაშვებული, ვერცხლისფერი მანქანა, რომლითაც დაჭერამდე გია ტაქსაობდა და რომელსაც ახლა ვეღარავინ უვლის.

სახლის პირველივე ოთახი ქალბატონი მარინასია. შესვლისთანავე ვხედავ მის ფოტოებს, გაზეთებს, დროშებსა და წიგნებს. ოთახი იმ ტრაგედიის ანარეკლია, რომელიც ტერიშვილების ოჯახს 34 წლის წინ დაატყდა თავს.

1992 წლის 2 თებერვალს, ზვიად გამსახურდიას მხარდასაჭერად აქციაზე წასული 17 წლის მამუკა ტერიშვილი მხედრიონელის ტყვიამ იმსხვერპლა. იმავე აქციაზე ქალბატონი მარინაც იყო და დაინახა როგორ მიჰყავდათ დაჭრილები. შვილი შორიდან, ფეხსაცმლით, იცნო…

„ბოტასებით ვიცანი მამუკა. ახალი ბოტასები ეცვა და ისე ჩაჰყავდათ“.

გამსახურდიას მთავრობის სამხედრო ძალით გადატრიალების იგივე პუტჩის შემდეგ, ჯაბა იოსელიანს ტელევიზიით გამოუცხადებია, 2 თებერვლის აქცია არ შედგეს, თორემ არ დაგინდობთო. ქალბატონი მარინა იხსენებს, როგორ გააფრთხილა შვილები სახლიდან გასვლამდე.

„მამუკა მომიბრუნდა, გამიღიმა და მითხრა: ნუ გეშინია, დედა, რა მოხდება, ერთი შვილი შენც შესწირო საქართველოსო. შეეწირა კიდეც. შუადღისას მომისვენეს სახლში“.

ხელუხლებლად ინახავს  პერანგს, რომელიც მამუკას სიკვდილის დღეს ეცვა. პერანგს ახლაც ეტყობა ნატყვიარი და სისხლის კვალი.

პირველი პერანგი მამუკას ბოლო ზარზე ეცვა, მეორე- სიკვდილის დღეს.

თურმე მამუკა ხშირად იხსენებდა ცხრა ძმა ხერხეულიძის ამბავს. დედამ შვილები შესწირა ქვეყანას, ბოლოს კი თავად აიღო დროშა და ბრძოლა გააგრძელაო ეუბნებოდა დედამისს.

„ეს ისტორია განმეორდა ჩვენს ოჯახშიც. შენ მოგიკვდეს დედა, მეც ეგრე ვარ, არ გავჩერებულვარ. იმ დროშით, შენ რომ გეჭირა და აქციაზე წინ მიდიოდი, ახლა მე ვიბრძვი“.

ვეკითხები, სად პოულობს საამისო ძალას, ამხელა ტრაგედიის შემდეგაც რომ არ გაჩერდეს. პასუხად კითხვას მიბრუნებს:

„რომელი დედა დაიდებს ხელებს კალთაზე და იჯდება მშვიდად, როცა შვილი უკანონოდ დაპატიმრებული ჰყავს?“

“ვდგავართ ყველგან, სადაც ზვიადი იდგებოდა”

კვირებით ადრე, სანამ სინდისის პატიმარ ზვიად ცეცხლაძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დააკავებდნენ, სამსახურიდან გაათავისუფლეს მამამისი, ზურა ცეცხლაძე, რომელიც მანამდე აჭარის პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე იყო.

შვილის დაპატიმრებისთანავე მშობლებს ბათუმში სახლის დატოვება და თბილისში გადმოსვლა მოუწიათ.

„ფაქტობრივად, გზა-შარა ჰქვია ჩემს ცხოვრებას. იქით 90 წლის დედამთილი მყავს დატოვებული სხვის ამარა, აქეთ ზვიადია მისახედი“, – მიყვება ზვიადის დედა.

დედაქალაქში გადმოსვლის გამო ზურასა და ნარგიზს აჭარაში მცირე მეურნეობის დატოვებაც მოუხდათ.

„მესამე წელია, სოფელში საერთოდ ვეღარ ავდივართ. არადა, ხელი აკლია სოფელს. კარტოფილს ვრგავდით, რამდენიმე გზის მოსავალი მოგვყავდა, ახლა აღარავინ უვლის“, – წუხს ნარგიზი.

ზურას გლდანის №8 პენიტენციურ დაწესებულებასთან ინტერვიუს ჩაწერაზე ვუთანხმდები. იმ დღეს ზვიადს ხვდება. ვფიქრობ, შეხვედრის შემდეგ უკეთ ამიხსნის, როგორია პატიმრის მამობა.

„როცა ციხეში მოვდივარ, აი, რომ იტყვიან, მოვრბივარ და მეჩქარება, რომ შევიდე და ვნახო“, – მეუბნება ზურა და მიხსნის, რომ შვილთან შეხვედრა იმდენად აბედნიერებს, რამდენადაც მასთან განშორება სტკივა.

„თითქოს იმ დღეს მართმევენ ხელიდან და ციხეში მიჰყავთ. აი, ყოველ შეხვედრის შემდგომ ამას განვიცდი. ეს ტკივილი მუდამ ახლავს ჩვენს განშორებას და ამას მიჩვევა არ ჰქონია“.

რაც ზვიადი დააკავეს, მისი ბრძოლა მშობლებმა გადაიბარეს. როგორც თავად ამბობენ, ისინი ყველგან არიან, სადაც ზვიადი იქნებოდა, მათ შორის, ყოველდღიურ პროტესტზე, მარშებზე, შვილმკვდარი დედების მხარდამჭერ აქციებსა თუ სხვა სამართლიანობისთვის მებრძოლი ადამიანების გვერდით.

„ვინაიდან ზვიადი ჩამოაშორეს პროცესებს, ფაქტობრივად, ამ ბრძოლაში მის მაგივრადაც ვართ ჩართული“.

ზურა ცეცხლაძე გაზეთების გასავრცელებლად რეგიონებში წასულ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს შორის ხშირად ერთადერთი კაცია. როგორც თავად ამბობს, ბრძოლის მოტივაცია ზვიადია, თუმცა ქვეყნის ბედზე ღელვა მისთვის ახლა არ დაწყებულა. ახალგაზრდობიდან ეროვნული მოძრაობის წევრი იყო. შვილსაც სახელი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას პატივსაცემად დაარქვა.

ზურა ცეცხლაძე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ კერძო საადვოკატო პრაქტიკას ეწევა. ხშირად სამართლებრივად ეხმარება პროევროპული აქციების მონაწილეებსა და მსჯავრდებულებს, რომლებიც ციხეში ჯანმრთელობისთვის საჭირო სამედიცინო დახმარებას ვერ იღებენ.

მაინტერესებს, არის თუ არა რაიმე ისეთი, რასაც ზვიადი ყოველ შეხვედრაზე კითხულობს.

„კი, ყველა ნახვაზე რასაც მეკითხება, ეს არის – დედა როგორ არის? მე პრივილეგია მაქვს, კვირაში ორჯერ ვნახო, მასთან ერთად ვიჯდე საათობით, ვიმეცადინოთ, ხან ჩახუტებული მყავდეს… ამას დედა ძალიან მოკლებულია. არის შემთხვევები, როცა ნარგიზი თავის პაემანსაც ზვიადის მეგობრებს უთმობს“.

შარშან ზურა ცეცხლაძე რუსთაველის გამზირზე გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით დააკავეს და 7 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს. 

„ის 7 დღე მართლაც რაღაც გულზე მომეშვა. სულ ბურთი მაქვს ყელში გაჩხერილი და აი, ის დღეები ძალიან გულზე მომეშვა. ვიფიქრე, რომ მე და ჩემი შვილი თანაბარ პირობებში ვცხოვრობდით. ზუსტად ისეთივე საკანი იყო, ისეთივე საწოლი და საკვები…”

„დიდი სიამოვნებით გავუცვლიდი ადგილს. ყველა დღეს მე მოვიხდიდი მის ნაცვლად, მეტსაც მოვიხდიდი“.

ჩაწერას აქ ვასრულებ და ერთმანეთს ვემშვიდობებით.

რამდენიმე საათის შემდეგ ზურასა და ნარგიზს პარლამენტის წინ ყოველდღიურ პროტესტზე ვხედავ. ჩვეულებისამებრ, შვილის გამოსახულებიანი მაისურები აცვიათ. 

ცეცხლაძეების მრავალწევრიან ოჯახში ზვიადის გამოსახულებიანი მაისური ყველას აქვს, დიდსაც და პატარასაც. როდესაც სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები ბათუმში ჩავიდნენ, ცეცხლაძეებთანაც შევიარეთ. სარეცხის თოკზე ზვიადის გამოსახულებიანი ყველა ზომის მაისური ეკიდა.

სამსახურიდან პირდაპირ მარშზე

2021 წელს სინდისის პატიმარ თორნიკე გოშაძის დედამ, ოჯახის მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ემიგრაციაში წასვლა გადაწყვიტა.

ქვეყნის დატოვებიდან ოთხ თვეში, მარიზი კობახიძეს ქმარი გარდაეცვალა, თუმცა საქართველოში დაბრუნება მხოლოდ ერთი წლის შემდეგ, წლისთავისთვის შეძლო. 

სამშობლოში დაბრუნებულმა მუშაობა მოხუცის მომვლელად გააგრძელა და ემიგრაციაში წასვლაზე აღარც უფიქრია.

„ასე გადავწყვიტე, ემიგრაციაში ყოფნას მერჩივნა ჩემს ქვეყანაში მემუშავა მოხუცებთან, თუნდაც დაბალი ანაზღაურების სანაცვლოდ. ვფიქრობ, იქ რომ დავრჩენილიყავი, ვერ გადავრჩებოდი. საშინელება იყო“.

თორნიკეს დაკავების შემდეგ მარიზისთვის ყველაფერი კიდევ ერთხელ შეიცვალა. 

„მეგონა, ვეღარასოდეს ვერაფერს შევძლებდი. თორნიკე ყველაფერში ძალიან მეხმარებოდა“.

თითქმის ორი წელია, მარიზი 17-სართულიანი კორპუსის დამლაგებლად მუშაობს. პარალელურად კერძო ბინებსა და ოფისებსაც ალაგებს.

კვირაში მინიმუმ ხუთი დღე დილით გასული სახლში დაახლოებით საღამოს ექვსი საათისთვის ბრუნდება. ბანკის ვალი აქვს დასაფარი, რის გამოც, ხშირად დამატებით სამუშაოასაც იღებს. უნდა ციხიდან გამოსულ თორნიკეს სიურპრიზი დაახვედროს. 

„ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, დაღლილობისგან წამოწოლილს ტირილი დამიწყია. მაგრამ ვშრომობ… ეს არის ჩემი საქმე“.

მარიზი კობახიძე და მისი ორი შვილი წლების განმავლობაში პატარა სახლში, სათანადო საყოფაცხოვრებო პირობების გარეშე ცხოვრობდნენ. 

თორნიკეს საკუთარი ოთახი არასდროს ჰქონია.

ის იხსენებს, რომ 4 დეკემბერს, თორნიკეს დასაკავებლად მისული პოლიციელები სახლში ძლივს ეტეოდნენ.

„თორნიკემ ამ ორ წელიწადში ძალიან ბევრი ცუდი რამ გაიარა. ამდენი ხანია, ოთხ კედელში გამოკეტილი, რკინის საწოლზე წევს. ალბათ, რომ ბრუნდება, სახეს კედელს ურტყამს-მეთქი, ვამბობ ხოლმე. მინდა, როცა გამოვა, გავახარო და თავისი ოთახი დავახვედრო“.

მარიზი კობახიძემ საკუთარი სახლის ეზოში პატარა ხის სახლის ჩასადგმელად საბანკო სესხი აიღო. კრედიტის დაფარვა ოთხი წლის განმავლობაში მოუწევს, თუმცა ეს არ აშინებს – საკუთარი თავის იმედი აქვს.

„ხანდახან ვზივარ და ვფიქრობ, ეს რა შევძელი-მეთქი, მაგრამ შევძელი! ვის უხარია ბანკის სესხი, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა ძალიან გამიხარდა. როცა ვიცი, რომ თორნიკეს ახალი სახლი დახვდება“.

მარიზი თითქმის არასდროს აცდენს შაბათის მარშებს, რომლებსაც უკვე თვეებია, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები მიუძღვებიან.

„ვაგრძელებ ჩემი შვილის ბრძოლას და თორნიკე როცა გათავისუფლდება, ჩვენ ორივე ერთად გავაგრძელებთ ამ ბრძოლას. აუცილებლად! ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ ეს ქვეყანა თავისუფალი არ იქნება“

დედა ჩახუტების უფლების გარეშე

„ჩვილობისას რომ ვერ აძინებდნენ, ჩემთან შემოჰყავდათ. გულზე მივიწვენდი და მაშინვე იძინებდა. როცა გაიზარდა, მეტყოდა ხოლმე, ვგრძნობდი, სინამდვილეში შენ რომ იყავი დედაჩემი და მაგიტომო“.

სინდისის პატიმარი გიორგი მინდაძე ერთი წლისა და რვა თვის იყო, როცა მასზე ზრუნვის პასუხისმგებლობა კარის მეზობლებმა აიღეს.

გიორგის ბიოლოგიური დედა 11 წლის ასაკში გარდაეცვალა. ნანიმ და მისმა მეუღლემ, მურმანმა, გიორგი შვილად მიიღეს. გაზარდეს, განათლება მისცეს.

2024 წლის 1-ელ დეკემბერს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. ნანის გიორგი ოფიციალურად არ უშვილებია, მისთვის გვარიც კი არ შეუცვლია, ამის გამო თითქმის ორი წელია, 24-საათიან პაემანზე შესვლასა და შვილთან ჩახუტებას ვერ ახერხებს.

ნანი წულაიას რუსთავში პატარა უბნის მარკეტი აქვს. მაღაზიის ვიტრინიდან გიორგი მინდაძის ბანერი ჩანს, მის გვერდით კი წარწერაა: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“

მაღაზიის მომარაგებისთვის ნანი მუშაობას დილის 6 საათზე იწყებს და საღამოს 11 საათზე ასრულებს. ამის მიუხედავად, თითქმის არასდროს აკლდება რეგიონებში გასვლებსა თუ სხვა საპროტესტო აქტივობებს.

„ძლივძლივობით გამოვნახავ ხოლმე დროს, რომ რეგიონებში წავიდე და პატიმრების ხმა მივაწვდინო ხალხს. უნდა იცოდნენ ამ ბიჭების სიმართლე. ხალხმა უნდა იცოდეს, როგორი მართალი ადამიანები სხედან ციხეში. წინა წელს ხალხმა ეს ბოლომდე არ იცოდა. ახლა, როცა რეგიონებში დავდივარ, უფრო მეტი იცის, უფრო მეტს იგებს ყველაფერზე“.

ნანი გიორგისთვის ციხეში შესაგზავნ პროდუქტებს თავად არჩევს და ამზადებს. რუსთავში, მის მაღაზიაში, ვუყურებ როგორ ჭრის, წმენდს, ალაგებს შვილისთვის საკვებს და გულის ნადებსაც აყოლებს:

„დედას სიცოცხლეს უყვარს ეს მსხალი ძალიან და დღეს რომ ხელს მოკიდებს და ჩაატკბარუნებს, დედას გული გამოუკეთდება. სამი სტენტი მაქვს, მაგრამ დღეს ცოტა უკეთ ვიქნები“.

„ჯოჯოხეთია ეს ყველაფერი! პროდუქტის შეგზავნა, რიგში დგომა, პასუხის ლოდინი, ამ კარებთან მოსვლა… ჩემთვის პირადად, დედისთვის, რომელსაც ერთადერთი შვილი რვა კვადრატულში უზის, ეს ჯოჯოხეთი და გაუსაძლისი დღეებია“, – მეუბნება ნანი.

ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა გლდანის ციხეში საკვების მისატანად მისული უკან გამოუბრუნებიათ. ციხის ადმინისტრაცია გარკვეულ პროდუქტებს პატიმართან არ უშვებს. ჩამონათვალი, თუ რისი შეტანა არ შეიძლება, ხშირად იცვლება – ზოგჯერ რაღაცას ამატებენ, ზოგჯერ აკლებენ.

„მე ჩემი ათი თითით ვშრომობ, ჩემი ორი ფეხით ვმოძრაობ. ვერავინ გამაჩერებს, რასაც ვაკეთებ, იმას ყოველთვის გავუნაწილებ ჩემს ერთადერთ შვილს. ვიდგები იქ, სადაც საჭიროა, ჩემი შვილის გულისთვის. დედა, რომელსაც შვილი გულთან არ ეყოლება, არაფრით გაჩერდება და არასოდეს დანებდება.

ვისაც ჩვენი ბრძოლის გულწრფელობა არ სჯერა, ვისაც ამისი არ სწამს, იმას დედაშვილური სიყვარული არ სცოდნია“.

დილის 8 საათი, შაბათი, 2026 წლის 31 ოქტომბერი. თეონას, ნარგიზს, ზურას, ელენეს, ნანის, ქალბატონ მარინასა და მარინას ჭიათურაში მივყვები. ეს რეგიონებში მათი ბოლო გასვლაა.

რამდენიმე კვირაში პროევროპულ აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული სინდისის პატიმრების ნაწილი სასჯელს მოიხდის და გათავისუფლდება, თუმცა ოჯახის წევრებს სჯერათ, რომ პროტესტი ამით არ წყდება –  ბრძოლას მანამდე გააგრძელებენ, ვიდრე ციხეს უკანასკნელი პატიმარიც არ დატოვებს. 

ავტორი: ქეთევან ხუციშვილი