როჰაჩი: ევროკავშირს საკმარისი მიზეზი აქვს "ოცნების" ლიდერების ქონებისა და აქტივების გასაყინად

4 days ago 10

"ევროპელ ლიდერებს არ უნდა მიეცათ "ქართულმა ოცნებისთვის" იმის შესაძლებლობა, რომ ის ფორმალურად მაინც, კვლავ საქართველოს ევროპული მომავლის ერთგულად დარჩენილიყო" - ამბობს "ამერიკულ წამოწყებათა ინსტიტუტის" უფროსი მკვლევარი დელიბორ როჰაჩი. მკვლევარი, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნების დემოკრატიულ გარდაქმნაზე და შემდგომ მათ უკუსვლაზე წლებია მუშაობს, ამბობს, რომ ვაშინგტონსა და ბრიუსელსაც კიდევ უფრო მკაფიოდ და არჩევნებამდე უნდა აეხსნათ "ქართული ოცნებისთვის" ის, რომ მსგავს ქმედებებს არ შეეგუებოდნენ. ახლანდელი ნაბიჯები კი არასაკმარისი და დაგვიანებულიც კია, თუმცა ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი გზავნილებია.

- დელიბორ, დიდი მადლობა დროის დათმობისთვის. სახელმწიფო დეპარტამენტმა სულ ახლახან გამოაცხადა დამატებითი სავიზო შეზღუდვები მმართველი გუნდის წევრების წინააღმდეგ. რას ეუბნება ამით დღეს ამერიკის დიპლომატიური უწყება საქართველოს ხელისუფლებას?

- ვფიქრობ, მთლიანობაში ეს კარგი ამბავია. ეს აგზავნის სიგნალს, რომ ამ პერიოდშიც კი, როდესაც ერთი ადმინისტრაციის დრო იწურება, მას მაინც სრულად არ მიუტოვებია თავისი პასუხისმგებლობები საგარეო პოლიტიკის კუთხით, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით. ვფიქრობ, იყო გარკვეული წუხილი, შიში, რომ საქართველოს პორტფოლიო არ არის პრიორიტეტების სიაში საკმარისად ზემოთ, როგორც მიმავალი, ისე - მომავალი ადმინისტრაციისთვის.

ასე რომ, მივესალმები ამ ნაბიჯს და ამავე დროს უნდა გვესმოდეს, რომ ეს შეზღუდული მასშტაბის ზომებია. ეს ახალი შეზღუდვები დაახლოებით 20 პირს შეეხება, და მართლაც საკმაოდ დაგვიანებულია. ჩვენ უკვე საკმაო ხანია ვიცით იმ გაყალბების, მანიპულაციების შესახებ, რაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დაფიქსირდა. დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით პროტესტის ჩახშობას, რაც უკვე კვირებია გრძელდება. ასე რომ ვისურვებდი, მეტი გაკეთებულიყო და უფრო ადრე.

- სავიზო სანქციები, სავიზო შეზღუდვები ჩვენ აქამდეც ვიხილეთ, დაახლოებით ნახევარი წლის წინ, ჯერ პარტნიორობის ყოველისმომცველი გადახედვა გამოცხადდა, შემდეგ სავიზო შეზღუდვები, სამხედრო წვრთნების გადადება. რას ფიქრობთ, რამდენად მეტის გაკეთება შეიძლებოდა და თუ ასეა, რა იყო იმის მიზეზი, რომ ეს არ გააკეთეს?

ქართულმა ოცნებამ” შეძლო ფორმალურად, ნომინალურად კვლავ საქართველოს ევროპული მომავლის ერთგულად დარჩენილიყო. ევროპელ ლიდერებს არ უნდა მიეცათ მისთვის ამის საშუალება".

- ვფიქრობ, ეს არსებითად მარცხი იყო, ამ ზომებმა ამ დრომდე ვერ მოახერხა “ქართული ოცნების” ცუდი ქმედების შეკავება. ჩემი აზრით, ეს ისე უნდა გაკეთებულიყო, რომ ეს ყველაფერი ადმინისტრაციას ქართველი პარტნიორებისთვის არჩევნებამდე ძალიან მკაფიოდ უნდა აეხსნა, რომ თუკი რაიმე ტიპის გაყალბება ან სხვა მაქინაციები მოხდებოდა, ამას ძალიან სწრაფი და დაუყოვნებლივი პასუხი მოჰყვებოდა ამერიკის ხელისუფლებისგან. არ მგონია, რომ არჩევნებამდე ასეთი კომუნიკაცია შედგა. ვფიქრობ, უფრო მკაფიო კომუნიკაცია უნდა ყოფილიყო ამ თემაზე იმის იმედით, რომ ეს შეაჩერებდა იმ ტიპის შედეგს, რაც ვიხილეთ. ასე რომ ამ კონტექსტში, ეს მარცხი იყო. რადგან მიზანი რა თქმა უნდა, არ არის საქართველოს სანქცირება როგორც ასეთი, მაგრამ ამან უნდა უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის მხრიდან ქცევის ცვლილება. თუკი ამას ვერ ვნახავთ, ვფიქრობ უნდა გვესმოდეს, რომ რაც უკვე გაკეთდა, არ იყო ეფექტიანი.

თავისი როლი უნდა შეასრულონ ევროპელმა პარტნიორებმაც, ეს არაა მხოლოდ ამერიკის მხრიდან გასამკლავებელი პრობლემა. ასევე არ გვინახავს ძალიან მკაცრი პასუხი ბრიუსელიდანაც.

- ბალტიისპირეთის ქვეყნებმა დემონსტრაციების ძალისმიერი დაშლის პასუხად, სავიზო სანქციები უკვე დააწესეს. ამ საკითხზე ბრიუსელი კვლავ გეგმავს მსჯელობას და ნაბიჯების გადადგმას, გადაწყდა ზოგიერთი ტიპის პასპორტისთვის უვიზო რეჟიმის შეზღუდვაც. რას ფიქრობთ, რის გაკეთება შეუძლია ამ ეტაპზე ევროკავშირს?

- ვფიქრობ, იდეალურ შემთხვევაში ევროკავშირსაც, ამერიკის მსგავსად, “ქართული ოცნებისთვის” არჩევნებამდე უნდა აეხსნა, რომ თუკი იმ შედეგებს ვნახავდით, რაც საბოლოოდ ვიხილეთ, ვგულისხმობ მასშტაბურ გაყალბებასა და მანიპულაციას, შემდეგ კი დემონტრანტებზე ძალადობას, ეს დაასრულებდა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. არ მგონია, რომ ეს სწორად იყო მიწოდებული. “ქართულმა ოცნებამ” შეძლო ფორმალურად, ნომინალურად კვლავ საქართველოს ევროპული მომავლის ერთგულად დარჩენილიყო. ევროპელ ლიდერებს არ უნდა მიეცათ მისთვის ამის საშუალება. ახლა კი ვართ სიტუაციაში, რომელშიც “ქართული ოცნება” ძალაუფლებას იმყარებს და ევროკავშირმა შესაბამისად უნდა იმოქმედოს.

იმასთან ერთად, რომ არ იქნება გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, მან უნდა დააწესოს სამოგზაურო შეზღუდვები, ქონების, აქტივების გაყინვა, რეჟიმის კონკრეტული წევრებისთვის აკრძალვები, მათ შორის იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც დემონსტრაციების დაშლაშია ჩართული.

მე არ მგონია, რომ უვიზო რეჟიმის სრულად გაუქმება უნდა მოხდეს, რადგან არ მინდა რიგითი, მამაცი ქართველები, რომლებსაც თავისი ქვეყნისთვის ევროპული მომავალი სურთ, ამ პროცესში დაზარალდნენ. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ევროპელი ლიდერების განსახილველი და გადასაწყვეტი საკითხია.

- თუმცა, ეს გზავნილებიც ევროკავშირსაც უკვე ჰქონდა. ზაფხულიდან მოყოლებული ამბობენ, რომ გაწევრიანების პროცესი არაფორმალურად შეჩერებულია, შეწყდა მთავრობის დახმარების პროგრამებიც. თუმცა მაშინ, როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ ეს არ არის მათთვის საყურადღებო ან პრობლემური, რომ მათ დასჯას დასავლელი ლიდერები დამოუკიდებელი, სუვერენული გადაწყვეტილებისთვის ცდილობენ და რომ ეს ყველაფერი მაინც ქვეყნის სასიკეთოდ ხდება. რამდენად მოიტანდა სხვა ნაბიჯებიც მეტ შედეგს? ისე, რომ პირიქით, მეტი კრიტიკის საგანი არ გამხდარიყო?

- ძალზე ცხადად ჩანს ის, რომ რასაც ჩვენ ამჟამად საქართველოში ვუყურებთ, სრულიად შეუთავსებელია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან. ვისურვებდი, ევროკავშირს გადაეხედა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის ოფიციალურად მინიჭების მთელი ამ საკითხისთვის და გაწევრიანების მოლაპარაკებების დე ფაქტო შეჩერების და ევროკავშირის დახმარების გაყინვის ერთგვარი ესკალაცია მოეხდინა. შემდეგ კი უფრო მკაფიო გაეხადა, რომ თუკი ასე სურს “ქართულ ოცნებას” მართვა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზა არ არსებობს. რომ:

გამორიცხულია ვინმე, ვინც “ქართულ ოცნებასთანაა” კავშირში, დასავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყანას ეწვიოს, ამაზე ვეღარც იოცნებებს; ან ვინმემ საკუთარი დივიდენდები იქ დააბანდოს; ან საერთოდ რაიმე სახის ბიზნესი აწარმოოს მათთან და რაიმენაირი მოგება ჰქონდეს იმ კავშირებით, რითიც საქართველო ჯერ კიდევ სარგებლობს ევროკავშირისგან.

რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, ვაშინგტონში საპრეზიდენტო გარდამავალი პერიოდის გათვალისწინებით, ვითარება, [საქართველოსთვის] როგორც იცით, ცოტა უფრო რთული და გარკვეულწილად რისკიანიცაა.

მნიშვნელოვანია, “ქართულმა ოცნებამ” გააცნობიეროს, რომ რუსეთისა და ჩინეთისადმი ხელის გაწვდენა და უბრალოდ რომ ვთქვათ, ყოველმხრივ ცუდი საქციელი, ვერ დაეხმარება მას ვერც დღევანდელ ვაშინგტონში და ვერც იმ ვაშინგტონში, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი გაუძღვება".

ჩემი აზრით, ძალზე სახიფათო იქნება, თუ საქართველოს და ამერიკა-საქართველოს ურთიერთობის საკითხი პარტიებს შორის დაპირისპირების საგნად იქცევა. შესაძლოა, ეს იყოს “ქართული ოცნების” ერთ-ერთი საუკეთესო სვლა - რომ აი, ისინი ვერ ეწყობიან ამჟამინდელ ადმინისტრაციას, შესაძლოა ახალთან გადატვირთვა სცადონ. ვფიქრობ, ეს გარკვეულწილად ხსნის კიდეც იმ ფრთხილ ქცევას, რომელიც ჩვენ ახლანდელი სახელმწიფო დეპარტამენტისა და ახლანდელი, მოქმედი ადმინისტრაციისგან ვიხილეთ [თბილისის მიმართ].

მაგრამ, მნიშვნელოვანია, “ქართულმა ოცნებამ” გააცნობიეროს ისიც, რომ რუსეთისა და ჩინეთისადმი ხელის გაწვდენა და უბრალოდ რომ ვთქვათ, ყოველმხრივ ცუდი საქციელი, რაც ამ ხელისუფლებისგან ვიხილეთ, ვერ მოუტანს მათ კეთილგანწყობას, ვერ დაეხმარება მას ვერც დღევანდელ ვაშინგტონში და ვერც იმ ვაშინგტონში, რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი გაუძღვება.

ვფიქრობ, არჩევნების დრო გარკვეულწილად ცუდ მომენტს დაემთხვა. ვაშინგტონში საარჩევნო სეზონი იდგა, ევროკავშირშიც გარდამავალი პროცესი იყო, ახალი კომისიითა და ახალი უმაღლესი წარმომადგენლით საგარეო პოლიტიკის საკითხებში. მოგეხსენებათ, ევროკავშირის საკმაო ბიუროკრატიულობიდან გამომდინარე, ბრიუსელი ნამდვილად არ იყო მზად სწრაფი რეაგირებისთვის, იმის მიუხედავად, რომ ვითარება საკმაოდ მოსალოდნელი და სავსებით პროგნოზირებადი გახლდათ.

შეერთებულ შტატებშიც საარჩევნო სეზონი დაემთხვა. ვწუხვარ, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ საქართველო ვაშინგტონში არცერთი მხარის პრიორიტეტთა სიაში არ არის. ეს კი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ რეაგირება არ იყო ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო. ვფიქრობ, ამას შედეგად მოჰყვება ის, რომ ამერიკელებს ამ საკითხთან გამკლავება, სავარაუდოდ, 20 იანვრის შემდეგ მოუწევთ.

- “ქართული ოცნების” ლიდერები გამუდმებით მიუთითებენ, რომ არც ეს შეზღუდვები ნიშნავს არაფერს, არც პირადი სანქციები, რომ მათ არც იციან ამ ზომების მოქმედების ან ეფექტის შესახებ. რა შედეგი შეიძლება გამოიღოს ამ კონკრეტულმა ნაბიჯმა დღევანდელ ვითარებაში?

- ალბათ ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლისთვის ეს დიდ განსხვავებას არ ქმნის. მაგრამ ოდნავ უფრო ფართო ჯგუფისთვის - “ქართული ოცნების” მხარდამჭერებისთვის” და იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პოლიტიკაში არიან ჩართულნი, შესაძლოა ეს ნიშნავდეს მათ იძულებას, გააკეთონ არჩევანი: ჰქონდეთ ევროპული საქართველო, რომელიც დაკავშირებულია დასავლეთთან და წინ მიიწევს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, თუ ჰქონდეთ საქართველო, რომელიც პრაქტიკულად რუსეთის სატელიტია - ეს წესით მათთვის იმპულსი უნდა იყოს. რამდენადაც უფრო ძლიერი იქნება დასავლეთის სიგნალები იმის შესახებ, რომ ახლანდელი ტრაექტორია მხოლოდ იზოლაციას და რუსეთზე დამოკიდებულებას ნიშნავს, მით უფრო ნაკლებ სავარაუდოა, რომ “ქართული ოცნება” ამ გზას გააგრძელებს.

- რას ფიქრობთ, “მაგნიტსკის აქტის” გამოყენებაზე? რამდენიმე თვის წინ სახელმწიფო ხაზინამ სწორედ ეს კანონმდებლობა გამოიყენა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული დარღვევებისთვის.

თუ გსურთ, რომ საქართველო რუსეთის კოლონიად გამოიყურებოდეს, მაშინ აღარ უნდა გქონდეთ მოლოდინი, რომ დასავლური სამყაროს, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების სიკეთეებით ისარგებლებთ".

- დიახ, [მაგნიტსკის აქტი] უფრო ადეკვატური იქნებოდა. ჩემი აზრით, [სანქციები] მხოლოდ მოგზაურობის აკრძალვას არ უნდა ეხებოდეს. ყველა მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ სამიზნეში საქართველოს ელიტურ წრეებში მყოფი ადამიანების აქტივები და სიმდიდრე მოექცეს. მათ უნდა გაიგონ, რომ არჩევანია გასაკეთებელი: თუ გსურთ, რომ საქართველო რუსეთის კოლონიად გამოიყურებოდეს, მაშინ აღარ უნდა გქონდეთ მოლოდინი, რომ დასავლური სამყაროს, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების სიკეთეებით ისარგებლებთ. შეუძლებელია ნამცხვარი თან მიირთვა და თან შეინახო?

- და რა გზავნილია ეს სავიზო სანქციები იმ ხალხისთვის, ვინც ქუჩის პროტესტს აგრძელებს?

- მე დიდი აღფრთოვანებით და პატივისცემით ვუყურებ ქართველი ხალხის სიმამაცეს და მათი ბრძოლისადმი სოლიდარული ვარ. ვისურვებდი, რომ დასავლელმა ლიდერებმა მეტი გააკეთონ მათ მხარდასაჭერად. მაგრამ ის ხალხი, ვინც ყოველდღიურად ქუჩაში გადის, რეალურად მომავლის ხმაა და ისინი საბოლოოდ აუცილებლად გაიმარჯვებენ, დიქტატორები და ავტორიტარული რეჟიმები ყოველთვის უფრო ძლიერად გამოიყურებიან მანამ, სანამ ეს ასე აღარაა. ჩვენ ეს ვიხილეთ სულ ახლახან სირიაში და ვფიქრობ, საბოლოოდ ვნახავთ ამას საქართველოშიც.

- თქვენ სწორედ ამ საკითხებს სწავლობთ - იმ ქვეყნების დემოკრატიულ უკუსვლას, რომლებმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დემოკრატიული გარდაქმნის პროცესი გაიარეს. სადაა დღეს საქართველო ამ გზაზე?

- ცხადია, საქართველო არაა პირველი ქვეყანა, რომელიც შიდა უკუსვლის პროცესს გადის, სადაც დემოკრატიული რეჟიმი იყო, პროგრესი, ღია საბაზრო ეკონომიკა და ა.შ. და შემდეგ ეს პროგრესი უკან-უკან წავიდა. ჩვენ ვნახეთ ამის მაგალითები უნგრეთში, პოლონეთში. მაგრამ განსხვავება ისაა, რომ მაგალითად უნგრეთის შემთხვევაში ეს უკუსვლა მოხდა ევროკავშირის წევრობის პირობებში და ეს აფერხებდა იმას, რეალურად რისი გაკეთება შეეძლო ვიქტორ ორბანსა და მის მთავრობას. საქართველოს შემთხვევაში ასეთი დამცავი ჯებირები, ერთგვარი მოაჯირები არ გვაქვს. და საბოლოო რისკები ქართველებისთვის გაცილებით დიდია, თუკი “ქართული ოცნება” ამ გზით სვლას განაგრძობს.

- პრემიერ-მინისტრმა რამდენჯერმე თქვა, რომ ურთიერთობა ამერიკასთან 20 იანვრის შემდეგ დალაგდება. ცხადია, არავინ იცის, როგორი იქნება საგარეო პოლიტიკის კონკრეტული ასპექტები. თუმცა, როგორ ფიქრობთ, “ოცნების” ლიდერების გაღრმავებული ურთიერთობები ჩინეთთან თუ ირანთან და მსგავსი ნაბიჯები, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს რესპუბლიკელთა ადმინისტრაციისთვის ვაშინგტონიდან?

თუკი ბატონი ივანიშვილი იმედოვნებს, რომ დონალდ ტრამპთან რაღაც საფუძვლიან გადატვირთვას შეძლებს, შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეს".

- ნამდვილად ძნელია იმის პროგნოზირება, რა პრიორიტეტები ექნება რესპუბლიკურ ადმინისტრაციას ისეთი ცვალებადი, არაპროგნოზირებადი პირის ლიდერობით, როგორიც დონალდ ტრამპია, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ კონკრეტულად კონგრესში, ძალიან მკაფიო ორპარტიული შეშფოთება არსებობს იმ გზის შესახებ, რასაც საქართველო დაადგა. მგონია, რომ ადმინისტრაციაზე კონგრესის რესპუბლიკელებისგანაც იქნება წნეხი, კონკრეტულად კი სენატისგან, მათ დემოკრატ კოლეგებთან ერთად, იმისთვის, რომ ნამდვილად ფართოდ გახელილი თვალებით შეხედონ საქართველოს გეოპოლიტიკურ კავშირებს, მისი დემოკრატიის მდგომარეობას. და თუკი ბატონი ივანიშვილი იმედოვნებს, რომ დონალდ ტრამპთან რაღაც საფუძვლიან გადატვირთვას შეძლებს, შეიძლება იმედგაცრუებული დარჩეს.

- აგვიხსენით როგორ მუშაობს ძალაუფლების გადაბარების პროცესი, ამერიკის, როგორც ქვეყნის პოლიტიკა, როგორ იცვლება სხვადასხვა პარტიის ლიდერობის ქვეშ. რას ნიშნავს მიმავალი ადმინისტრაციის მიერ, შემდგომი ადმინისტრაციისთვის ამ სანქციების მემკვიდრეობად დატოვება? სენატორმა ჯინ შაჰინმა თქვა, რომ სახელმწიფო მდივნობის კანდიდატ მარკო რუბიოს საქართველოსადმი პოლიტიკის შენარჩუნების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

ყველა მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ სანქციების სამიზნეში საქართველოს ელიტურ წრეებში მყოფი ადამიანების აქტივები და სიმდიდრე მოექცეს".

- არის პოლიტიკა, რომელიც პირველივე დღეს შეიცვლება, როგორც დონალდ ტრამპმა პირობა დადო. ეს იქნება იმიგრაციასთან დაკავშირებული პოლიტიკა, ტარიფებთან დაკავშირებული. შესაძლოა უკრაინის დახმარების საკითხიც კი. არ მგონია ეს მოიცავდეს საქართველოს მიმართ პოლიტიკას. რამდენადაც მიყვარს საქართველო, სამწუხაროდ ის შედარებით პატარა ქვეყანაა და პატარა ნაწილი უკავია სახელმწიფო დეპარტამენტის საქმიანობაშიც. ვფიქრობ პრიორიტეტი მომავალი სახელმწიფო მდივნისთვის იქნება ის, რომ დააკომპლექტოს სახელმწიფო დეპარტამენტი, ჰყავდეს ახალი მოადგილეები, თანაშემწეები, დამტკიცდნენ ისინი შესაბამისი წესებით, დაინიშნონ ელჩები და დროულად გააგზავნონ კრიტიკულად მნიშვნელოვან დედაქალაქებში.

ვფიქრობ, საქართველოს მიმართ პოლიტიკა არ იქნება ცვლილებების სიის თავში. თუკი ცხადია, “ქართული ოცნება” სასწაულებრივად არ შეაღწევს დონალდ ტრამპის სამყაროში, ამის ნიშანი კი არ გვინახავს.

- როგორ შეიძლება გაგრძელდეს საქართველოს ურთიერთობა დასავლურ სამყაროსთან? რა რეალობაა შექმნილი საერთაშორისო არენაზე?

- ვფიქრობ, ცხადი უნდა გახდეს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ გზა გადაეკეტება, თუკი შექმნილი ვითარება ამ სახითვე გაგრძელდება. ქვეყანას ვერც ღრმა და ყოვლისმომცველი სტრატეგიული ურთიერთობის პერსპექტივა ექნება შეერთებულ შტატებთან. ამას დაემატება ისიც, რომ ამ ვითარების გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, მომავალში ნატოში გაწევრიანებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ეს გასაგებად უნდა ითქვას.

საქართველოს ოპოზიციას რჩევას ვერ მივცემდი. მათ რთულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა მიღება მოუწევთ, მათ შორის იმაზე, თუ რა უფრო პრაქტიკულია: საპროტესტო აქციებში მონაწილეობა უფრო გამოსადეგია თუ ახალ საპარლამენტო ლანდშაფტში ჩართვა.

გადაწყვეტილებაა მისაღები იმაზეც, თუ რა პოზიციას დაიკავებს პრეზიდენტი მის შემცვლელთან მიმართებით, რომელიც აირჩია საკანონმდებლო ორგანომ, რომელიც შეიძლება სრულად ლეგიტიმური არც იყოს. ვფიქრობ, ეს ძალზე რთული საკითხებია და მათი გადაწყვეტა უმჯობესი იქნებოდა ქართველებს ისეთი არჩევნებით შეძლებოდათ, რომელიც ფართოდ აღიქმებოდა, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა დაინტერესებულმა პირმა შეძლოს მეტი წნეხის მოხდენა “ქართულ ოცნებაზე”, რათა მან ასეთი არჩევნები ჩაატაროს.

სრულად წაკითხვა