აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ისრაელში ჩავიდა ვაშინგტონსა და მის ახლოაღმოსავლელ მოკავშირეებს შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე, რაც მოჰყვა ისრაელის მიერ კატარში ჰამასის ლიდერებზე დარტყმას და მდინარე იორდანეს ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე ებრაული დასახლებების გაფართოების გადაწყვეტილებას.
ჰამასი რადიკალური პალესტინური დაჯგუფებაა, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.
ისრაელში გაფრენამდე ჟურნალისტებთან საუბრისას რუბიომ აღნიშნა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „უკმაყოფილოა“ კატარის ტერიტორიაზე დარტყმებით, მაგრამ აშშ გააგრძელებს ისრაელის მხარდაჭერას.
2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის შემდეგ კვლავაც ჰამასის ხელშია 48 ისრაელელი მძევალი, რომელთაგან, ისრაელის თავდაცვის არმიის შეფასებით, დაახლოებით 20 არის ცოცხალი. კატარი აშშ-სთან ერთად შუამავლობს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის მცდელობებში, რაც მოიცავდა მძევლების გათავისუფლებას.
ისრაელმა სამშაბათს კატარის დედაქალაქ დოჰაში დაარტყა სახლს, სადაც ჰამასის პოლიტიკური ხელმძღვანელობა თათბირს მართავდა. თეთრმა სახლმა დარტყმას უწოდა „ცალმხრივი ესკალაცია, რომელიც არც შეერთებული შტატებისა და არც ისრაელის ინტერესებს არ ემსახურება“. დარტყმამ არაბული სახელმწიფოების მხრიდან მკაცრი გაკიცხვა გამოიწვია და ჩაშალა კატარის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ.
რუბიო პარასკევს თეთრ სახლში შეხვდა კატარის პრემიერ-მინისტრ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანის. იმავე დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში კატარის პრემიერ-მინისტრთან ერთად ივახშმა.
რუბიოს ვიზიტი სექტემბრის ბოლოს ნიუ-იორკში გაეროში მაღალი დონის შეხვედრებს უსწრებს წინ. მოსალოდნელია, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საფრანგეთი და ბრიტანეთი, აღიარებენ პალესტინის სახელმწიფოს. ვაშინგტონი თვლის, რომ ასეთი აღიარება გააძლიერებს ჰამასის ძლიერებას და შესაძლოა ისრაელის მთავრობას დასავლეთ ნაპირის ანექსიისკენ უბიძგოს, რასაც ისრაელის კაბინეტის რადიკალი წევრები ცდილობენ.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ხუთშაბათს ხელი მოაწერა შეთანხმებას დასახლებების გაფართოების გეგმის წინ წასაწევად. დასახლებები გადაკვეთს დასავლეთ ნაპირის მიწებს, რომლებსაც პალესტინელები მომავალი სახელმწიფოს ნაწილად მიიჩნევენ. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გასულ კვირაში განაცხადეს, რომ ასეთი ნაბიჯი გადაკვეთდა „წითელ ხაზს“ და ძირს გამოუთხრიდა „აბრაამის შეთანხმებებს“, რომლებმაც 2020 წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელს შორის ურთიერთობების ნორმალიზება მოახდინა.
ისრაელში ვიზიტის შემდეგ რუბიო მომავალ კვირაში შეუერთდება დიდ ბრიტანეთში ტრამპის დაგეგმილ ვიზიტს შეუერთდება.