ბირთვული პროგრამის შესახებ აშშ-ირანის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის გადადების ფონზე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ირანი ურანის გამდიდრებასა და შორი რადიუსის რაკეტების განვითარებას “უნდა შეეშვას” და სამხედრო ობიექტებზე ინსპექტორები დაუშვას.
რუბიოს კომენტარი ხაზს უსვამს ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო არსებული დაპირისპირების გადაწყვეტის მიზნით დაწყებულ მოლაპარაკებებში საკამათო საკითხების კვლავ არსებობას, რომლის პარალელურადაც აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეირანს დაბომბვით ემუქრება, თუ ბირთვულ შეთანხმებას ხელს არ მოაწერს.
“ისინი ტერორისტების მხარდაჭერას უნდა შეეშვან, ისინი [იემენელი] ჰუსიტების დახმარებას უნდა შეეშვან, ისინი შორი რადიუსის რაკეტების წარმოებას უნდა შეეშვან, რომელთა არსებობას აზრი არ აქვს, თუ ბირთვული იარაღისთვის [არ ამზადებენ] და ისინი ურანის გამდიდრებას უნდა შეეშვან”. – თქვა რუბიომ Fox News-სთან ინტერვიუში.
სახელმწიფო მდივნის კომენტარის საპირისპიროდ, ირანს ხშირად განუცხადებია, რომ საკუთარ სარაკეტო პროგრამას ან ურანის გამდიდრებას არ შეაჩერებს. ურანის გამდიდრება პროცესია, რომელიც ატომური ელექტროსადგურებისთვის საწვავის წარმოებას ითვალისწინებს, თუმცა ურანის გამდიდრების გზით ბირთვული ქობინის დამზადებაც შესაძლებელია.
როგორც ირანელმა მაღალჩინოსანმა Reuters-სთან საუბრისას თქვა, ვაშინგტონსა და თეირანს შორის რომში დაგეგმილი მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი გადაიდო, ხოლო ახალი თარიღი “აშშ-ს მიდგომაზე დაყრდნობით” დაითქმება.
რუბიოს თქმით, ირანმა საკუთარი ბირთვული ენერგიის პროგრამისთვის ურანის ნებისმიერ დონეზე გამდიდრების ნაცვლად, უკვე გამდიდრებული ურანის იმპორტი უნდა განახორციელოს.
“თუ გაქვს შესაძლებლობა, ურანი 3.67%-ზე გაამდიდრო, მხოლოდ რამდენიმე კვირაა საჭირო, რომ ჯერ 20%-ზე, შემდეგ 60%-ზე, შემდეგ კი 80-90%-მდე ახვიდე, რაც [ბირთვული] იარაღის დამზადებისთვის გჭირდება”. – თქვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.
ირანი ამბობს, რომ მას 1968 წლის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების საფუძველზე ურანის გამდიდრების უფლება აქვს. ქვეყანა ბირთვული ბომბის შექმნის მცდელობებს უარყოფს.
როგორც რუბიომ ინტერვიუში ასევე აღნიშნა, ირანმა უნდა მიიღოს ის ფაქტი, რომ ამერიკელები შესაძლოა, ინსპექტირების ნებისმიერ რეჟიმში ჩაერთონ, ხოლო ინსპექტორებს წვდომა უნდა ჰქონდეთ ნებისმიერ ობიექტთან, მათ შორის, სამხედრო.