აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო თვლის, რომ ომი უკრაინასა და რუსეთს შორის ჩიხში შევიდა. მან აღნიშნა, რომ ომის გამო იტანჯებიან როგორც უკრაინელები, ისე რუსები და ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიზანია კონფლიქტის დასრულება და მყარი მშვიდობის მიღწევა.
რუბიო მიიჩნევს, რომ ამისთვის საჭიროა დაიწყოს მოლაპარაკებები, რომელთა განმავლობაში ორივე მხარეს მოუწევს "რაღაცის დათმობა."
ჟურნალისტ მეგან კელისთან ინტერვიუში, სახელმწიფო მდივანმა, რომელმაც სხვა თემებზეც ილაპარაკა, აღნიშნა, რომ პუტინი "საშინელ ქმედებებს ჩადიოდა" და განაცხადა, რომ აუცილებელია იმის აღიარება, რომ უკრაინა ვერ გაიმარჯვებს რუსეთზე და ვერ მოახერხებს მის მოგერიებას 1991 წლის საზღვრებამდე.
"ჩვენ რატომღაც ვაიძულებდით ხალხს, დაეჯერებინა, რომ უკრაინა არა მხოლოდ გაიმარჯვებს რუსეთთან, არამედ... მოიგერიებს მას იმ მდგომარეობამდე, რომელშიც იმყოფებოდა მსოფლიო 2012 წელს, 2014 წელს, იმ მომენტამდე, სანამ რუსებმა დაიპყრეს ყირიმი და სხვა [ტერიტორიები]. საბოლოო ჯამში, ბოლო წლინახევრის განმავლობაში, ისინი ითხოვენ გამოუვალი მდგომარეობის დაფინანსებას, გაგრძელებულ ჩიხს, რომელიც ახანგრძლივებს ადამიანების ტანჯვას", - თქვა რუბიომ.
მან აღნიშნა, რომ უკრაინამ "ასი წლით უკან დაიხია, ენერგოსისტემა მოშლილია და ვიღაცას მოუწევს გადახდა ამ ყველაფრის აღდგენისთვის, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ბევრი უკრაინელი წავიდა ქვეყნიდან... ისინი შეიძლება აღარასდროს დაბრუნდნენ. ეს მათი მომავალია და ამ მხრივ, ისინი საფრთხის ქვეშ იმყოფებიან", - გამოთქვა თავისი მოსაზრება სახელმწიფო მდივანმა.
პრეზიდენტ ტრამპის საგანგებო წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, კიტ კელოგმა პრესას განუცხადა, რომ პრეზიდენტის გუნდს აქვს უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულების და სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების საიმედო გეგმა. Fox News-თან ინტერვიუში კელოგმა აღნიშნა, რომ „ტრამპმა იცის, სად დააწვეს და სად არა,“ მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ „ის შექმნის ბერკეტებს როგორც უკრაინელების, ასევე რუსებისთვის,“ თქვა კელოგმა.
ტრამპმა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ვიდეოკავშირით მიმართა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს დავოსში, განაცხადა, რომ სურს, შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს, რათა დაასრულოს ომი უკრაინაში. ტრამპმა რუსეთს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა და პირობა დადო, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში "გადასახადებს, საბაჟო ტარიფებსა და სანქციებს" დააწესებს რუსულ საქონელზე.