რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის არჩევნების პირველი ტურის შედეგი დაამტკიცა

2 weeks ago 8

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა 24 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები.

გადაწყვეტილება, რომელსაც წინ უძღოდა ხმების ხელახალი დათვლა, 2 დეკემბერს, გვიან საღამოს გამოაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მარიან ენაჩემ.

პირველი ტურის შედეგების დადასტურების საფუძველზე, 8 დეკემბერს მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ ფორმალურად უპარტიო კანდიდატი, ულტრამემარჯვენე კალინ ჯორჯესკუ და ლიბერალური პარტიის, „რუმინეთის ხსნის კავშირის“ კანდიდატი ელენა ლასკონი.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგად, ყველასთვის მოულოდნელად, ხმების თითქმის 23%-ით პირველ ადგილზე გავიდა ულტრამემარჯვენე კალინ ჯორჯესკუ. სოციალ-დემოკრატი პრემიერ-მინისტრი მარჩელ ჩოლაკუ, რომელიც ფავრიტად ითვლებოდა, მესამე ადგილზე აღმოჩნდა. მას მცირედით გაუსწრო ლიბერალმა ელენა ლასკონიმ(19,18%). პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო, ხმების 50-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.

რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საარჩევნო ადმინისტრაციას ხმების ხელახალი დათვლა 28 ნოემბერს დაავალა პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, სებასტიან პოპესკუს საჩივრის საფუძველზე. ის ამტკიცებდა, რომ პირველ ადგილზე გასულმა ჯორჯესკუმ დამალა საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წყაროები და მას მხარს უჭერდა ჩინური პლატფორმა TikTok.

ჯორჯესკუ მემარჯვენე-პოპულისტური პარტიის „ალიანსი რუმინელთა ერთიანობისთვის“ ყოფილი წევრია.

ევროკავშირის და ნატოს წევრ რუმინეთში 1 დეკემბერს ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგად ყველაზე მეტი ხმა, 22%-ზე მეტი სოციალ-დემოკრატულმა პარტიამ მიიღო.

18%-ით მეორე ადგილზე გავიდა მემარჯვენე-პოპულისტური „ალიანსი რუმინელთა ერთიანობისთვის“.

ხმების 14% მიიღო და მესამე ადგილზეა სოციალ-დემოკრატების მოკავშირე, მემარჯვენე-ცენტრისტული „ნაციონალური ლიბერალური პარტია“. 7%-ზე მეტი აქვს „რუმინეთის ხსნის კავშირის“.

პოლიტიკურ ძალებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები კოალიციური მთავრობის შესაქმნელად.

სრულად წაკითხვა