თბილისში მდებარე წიგნის მაღაზია „აუდიტორიამ“ მიიღო გადაწყვეტილება აღარ უმასპინძლოს რუს პალეოანთროპოლოგს, სტანისლავ დრობიშევსკის საჯარო გამოსვლებს. "ააუდიტორიის" განმარტებით, ამის მიზეზია ე.წ. მეცნიერის განცხადებები თბილისის და საქართველოს ისტორიის შესახებ. დრობიშევსკი ამბობდა, რომ საქართველო საბჭოთა პერიოდში აშენდა, მანამდე კი ქვეყანაში „ცხვრებით სავსე ქოხები“ იყო.
„აუდიტორიას“ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი არ ეთანხმებიან დრობიშევსკის და მის სიტყვებს ქვეყნის ისტორიისა და კულტურის მიმართ ზედაპირულ და უპატივცემულო დამოკიდებულებად მიიჩნევენ. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ დრობიშევსკის პოზიციის გასარკვევად საქართველოში მოქმედ რუსულენოვან მედიასაშუალებებთან ინტერვიუ შესთავაზეს.
“სტანისლავის წარმომადგენელს შევთავაზეთ, ორგანიზება გაეწია ინტერვიუსთვის საქართველოს ერთ-ერთ რუსულენოვან მედიასაშუალებაში, რათა მას შესაძლებლობა ჰქონოდა, კომენტარი გაეკეთებინა საკუთარ განცხადებებზე, რომლებიც არ უკავშირდება დაგეგმილი სამეცნიერო ლექციების თემატიკას. ვიმედოვნებდით, რომ ეს ხელს შეუწყობდა მისი პოზიციის უკეთ გარკვევასა და მის გამიჯვნას ღონისძიებების სამეცნიერო შინაარსისგან. სამწუხაროდ, ამ ინტერვიუს ორგანიზება ჯერჯერობით ვერ მოხერხდა”, - ნათქვამია ”აუდტორიის” განცხადებაში, რომლის მიხედვითაც, “აუდიტორია” არის სივრცე, რომელიც შეიქმნა განათლებისთვის, კრიტიკული აზროვნებისა და ღია დიალოგისთვის.
“ჩვენ არ ვაპირებთ, მეცნიერები და პოპულარული ინტელექტუალები უპირობო ავტორიტეტებად ვაქციოთ და მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ კრიტიკული დამოკიდებულება მათ მიმართაც კი, ვისთანაც თავად ვცდილობთ თანამშრომლობას, - წერს “აუდიტორია” Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, - ჩვენ ვეწინააღმდეგებით ადამიანის დევნას და მისი პროფესიული დამსახურებების უგულებელყოფის მცდელობას საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო. დაგეგმილი წარმოდგენების გაუქმება არ ნიშნავს იმას, რომ ხალხს მოვუწოდებთ სტანისლავ დრობიშევსკის ბოიკოტისკენ და ან იმას, რომ სხვა ორგანიზატორებისგან მოვითხოვთ ანალოგიურ მოქმედებას. ეს ჩვენი დამოუკიდებელი გადაწყვეტილებაა, რომელიც მივიღეთ იმ ქვეყნის პატივისცემით, რომელშიც ვცხოვრობთ და ვმუშაობთ და ასევე იმ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენი მსმენელების წინაშე გვაქვს აღებული”.
რუსი პალეოანთროპოლოგი და მეცნიერების პოპულარიზატორი სტანისლავ დრობიშევსკი საქართველოსა და მისი ისტორიის შესახებ უკიდურესად ნეგატიური, საბჭოთა ნოსტალგიით გაჟღენთილი და შეურაცხმყოფელი განცხადებებით გამოირჩევა. მისი ეს პოზიცია ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ვიდეოდან, სადაც ის ქვეყნის წარსულსა და დღევანდელობაზე საუბრობს. მისი თქმით:
- „ყველაფერი საბჭოთა კავშირის დროს აშენდა“ - დრობიშევსკი ამტკიცებს, რომ მთელი საქართველო და თბილისი საბჭოთა პერიოდში აშენდა, მანამდე კი ქვეყანაში მხოლოდ „ქვის ქოხები ცხვრებით “ (избушки каменные с овцами) იყო.
- ირონია დამოუკიდებლობაზე - საქართველოს თავისუფალ არჩევანსა და სუვერენიტეტზე საუბრისას ის ირონიულად ახსენებს ოკუპაციის მუზეუმს: “მათ აქვთ შესანიშნავი მუზეუმი - საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი. მთელი საქართველო აგებულია საბჭოთა დროში. <… > საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველაფერი დაინგრა და გაპარტახდა. სამაგიეროდ ახლა ძალიან თავისუფლები არიან“.
სტანისლავ დრობიშევსკის ვიდეო-კომენტარით გამოეხმაურა რუსი ისტორიკოსი თამარა ეიდელმანი, რომელმაც იკითხა, თუ სად იყო ბატონი დრობიშევსკი, რომ ვერ ნახა ვერც მეექვსე საუკუნის სიონის ტაძარი თბილისის ცენტრში, ვერც თბილისის მახლობლად მდებარე შუა საუკუნეების სვეტიცხოველი ან მოდერნის სტილის მწერალთა სახლი აშენებული გასული საუკუნის დასაწყისში. ეიდელმანი ასევე ახსენებს ბაგრატს, გელათის აკადემიას და კითხულობს, “ეს საბჭოთა დროა?”
“არ მჯერა, რომ ბატონმა დრობიშევსკიმ ვერ დაინახა ის ყველაფერი, რაზეც მე ვსაუბრობდი და კიდევ ბევრი სხვა რამ, რაზეც არ მილაპარაკია. ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ საქართველო აშენდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ, უბრალოდ გაბოროტდა და ამბობს იმას, რისი მოსმენაც სურს რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას. რუსი პროპაგანდისტები იმეორებენ პუტინის ზღაპარს იმაზე, თუ რა კარგი იყო საბჭოთა ხელისუფლებაში ცხოვრება, როგორ ხარობდნენ ყველაფრით და არანაირი ცუდი არ ყოფილა. არ დაივიწყოთ ისიც, რომ როდესაც მეცნიერი იწყებს ტყუილს ხელისუფლების სასარგებლოდ, ის ძალიან სწრაფად წყვეტს მეცნიერად ყოფნას”, - ამბობს თამარა ეიდელმანი.
radiotavisupleba ახალი ამბები