სვანეთში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ბლოგერ ნიკოლაი ლევშიცის ტელეგრამის არხზე ვრცელდება გატაცებული კაცის ვინაობა და მისი თანამგზავრი ქალის მონათხრობი მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაციით კაცის სახელი და გვარია ვიქტორ სოლოვიოვი, ქალს კი ალინა ჰქვია, სწორედ მისი
მონათხრობი გამოქვეყნდა ლევშიცის ტელეგრამის არხზე:
„თეთნულდისკენ მივდიოდით და თოვა დაიწყო. გვირაბის შემდეგ გავჩერდით თოვლის სანახავად და ვიდეო გადავიღეთ. პირველად ჩვენ ახლოს გაიარეს, გაჩერდნენ და გვკითხეს, გვჭირდებოდა თუ არა დახმარება? ვუთხარით, არა მადლობა, უბრალოდ სურათებს ვიღებთო და წავიდნენ. შემდეგ ჩვენ გადავუსწარით. გზის პირას იდგნენ. გზაზე ჩარჩენილ მანქანას წავაწყდით, ვიტიამ ის თოკით ამოიყვანა. ამ მომენტში თეთრმა სუბარუმ ჩაგვიარა ახლოს, ისე რომ არ გაჩერებულა.
როცა ვიტიამ შორიდან დაინახა, რომ ისინი შუა გზაზე იდგნენ, მთხოვა, მანქანის სათავსოდან დანა მიმეწოდებინა. გაჩერდა, გადმოვიდა და იკითხა რა მოხდა. მათ ნასოსი მოსთხოვეს. ამოიღო და მისცა. შემდეგ დაიწყო რაღაც კონფლიქტი. გვეუბნებოდნენ ტელეფონები მოგვეცითო, რატომ გვიღებდით სურათებსო. შემოძვრა და ვიტიას ერთ-ერთი ტელეფონი აიღო. მან სთხოვა, მე არ შემხებოდნენ. შემდეგ ისევ შემოძვრა და მეორე ტელეფონიც აიღო. შემდეგ მათ შორის დაიწყო დიალოგი, მე მხოლოდ ვიქტორის მესმოდა, რომელიც ამბობდა, რომ არ შეხებოდნენ. მერე იყო 2 გასროლა, სად ვერ ვნახე და ვიქტორიც ვერ დავინახე. პისტოლეტიანი მოვიდა ჩემთან, პისტოლეტი ჩემსკენ მომართა და მოითხოვა, ტელეფონი მიმეციო, არ დამლოდებია, ორივენი ჩვენს მანქანაში ჩასხდნენ და პირდაპირ წავიდნენ, მერე უკან რომელიც იჯდა გადმოხტა. პირდაპირ წავედით. მერე სუბარუ წამოვიდა, ის ვინც ჩვენს მანქანას მართავდა, შემობრუნდა, გადმოვიდა და სუბარუში ჩაჯდა. 10 წუთით წავიდნენ, იმ მომენტში 112-ში დავრეკე. მოვახერხე ავუხსენი, რომ მესტიამდე დაახლოებით ერთი საათი გვქონდა დარჩენილი, მანქანის ნომერი მივუთითე და ყველაფერი ავუხსენი.
მანქანაში ჩავიკეტე, დაბრუნდნენ და მან შუშის მსხვრევა დაიწყო. მანქანა გავხსენი, მან მგზავრის სავარძელზე გადასვლა მომთხოვა. გადავედი და ჩუმად მივდიოდით. მე ვთხოვდი, რომ გავეშვით და არ მოვეკალით, მითხრა, რომ ჩვენს მოკვლას არავინ აპირებდა. მივედით მთამდე სადაც ასვლას აპირებდნენ – შკოდით ვერ ავიდნენ, სუბარუმ კი რომელიც უკვე წინ იყო წასული უკან დაიხია და ის ჩვენი მანქანიდან სუბარუში გადახტა და წავიდნენ. შემდეგ ტელეფონის ამოღება შევძელი და ისევ დავრეკე 112-ში. გავაჩერე 2 გამვლელი მანქანა. შემდეგ პოლიციამ დაიწყო მოსვლა. შემდეგ იქ მოვიდნენ პიკაპები ავტომატიანებით.“
ადგილობრივები ამბობენ, რომ სუბარუ კრიმინალებმა სოფელ ნაკრას ცენტრში დატოვეს. ისინი აცხადებენ, რომ მანქანა ადგილობრივებს არ ეკუთვნის.
შსს-ს ცნობით, გამოძიება ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვას, შეძენა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.