ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის სექტემბერში საქართველომ საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების სახით 285.7 მილიონი აშშ დოლარი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10.1%-ით ნაკლებია. რუსეთიდან განხორციელებული გზავნილები მკვეთრად შემცირდა, ხოლო ევროკავშირი და აშშ კვლავ გზავნილების უმსხვილეს წყაროებად დარჩნენ და მათი ჯამური წილი 72.2%-ია, 206.7 მილიონი აშშ დოლარით.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან გზავნილების ჯამურმა ღირებულებამ 143.37 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ყველა გზავნილის 50.1%-ს შეადგენს და 2025 წლის სექტემბერთან შედარებით 0.63%-იანი კლებაა.
ცალკეული ქვეყნების მიხედვით, ხუთი ძირითადი წყარო იყო: შეერთებული შტატები (63.39 მილიონი აშშ დოლარი; ყველა გზავნილის 22.1%); იტალია (53.97 მილიონი აშშ დოლარი; 18.8%); გერმანია (30.64 მილიონი აშშ დოლარი; 10.7%); საბერძნეთი (27.57 მილიონი აშშ დოლარი; 9.6%) და ისრაელი (26.3 მილიონი აშშ დოლარი; 9.2%).
თურქეთიდან გზავნილებმა 11.34 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ყველა გზავნილის 3.9%-ია, ხოლო რუსეთიდან გზავნილები 7.86 მილიონ აშშ დოლარამდე, ყველა გზავნილის 2.7%-მდე შემცირდა. მართალია, რუსეთიდან განხორციელებული გზავნილები აგვისტოს მაჩვენებელთან (5,07 მლნ აშშ დოლარი) შედარებით გაიზარდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ისინი 80.1%-ით შემცირდა. ეს კი, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებში წარმოდგენილ ქვეყნებს შორის, ყველაზე მკვეთრი წლიური კლებაა.
ივლისში რუსეთიდან განხორციელებულმა გზავნილებმა 42,02 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო ივნისში — 51,42 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული მკვეთრი კლება უკავშირდება ივლისში რუსული ფულადი გზავნილების სისტემა „ზოლოტაია კორონას“ მეშვეობით საქართველოში თანხების გადარიცხვის შეჩერებას, რაც ევროკავშირის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციათა ბოლო პაკეტს მოყვა.
მნიშვნელოვნად გაიზარდა ფულადი გზავნილები წინა წელთან შედარებით ლიბანიდან (80.5%) და 1.22 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. საუდის არაბეთიდან გზავნილები 31.7%-ით, 1.93 მლნ აშშ დოლარამდე, ხოლო იორდანიიდან 21.5%-ით, 1.13 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
რუსეთის შემდეგ, ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა ყირგიზეთიდან – 72%-ით 2.41 მილიონ აშშ დოლარამდე. შემდეგ მოდის ყახაზეთი 33.9%-იანი კლებით 5.01 მლნ აშშ დოლარამდე და პოლონეთი 33.2%-იანი კლებით 2.01 მლნ აშშ დოლარამდე. ასევე შემცირდა გზავნილები აზერბაიჯანიდან და ირლანდიიდან, შესაბამისად, 15,7%-ით (2.86 მლნ აშშ დოლარამდე) და 14,3%-ით (5.28 მლნ აშშ დოლარამდე).
2026 წლის სექტემბერში საქართველოდან სხვა ქვეყნებში 36.9 მილიონი აშშ დოლარი გადაირიცხა, რაც 3.5%-ით ნაკლებია 2025 წლის სექტემბრის მაჩვენებელზე.
მსოფლიო ბანკის 2025 წლის მონაცემებით, საქართველოში პირადი გზავნილები ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 11.2%-ს შეადგენს.
This post is also available in:
civil ახალი ამბები