რუსეთი და ჩრდილოეთი კორეა ემზადებიან საავტომობილო კავშირის გახსნისთვის

1 hour ago 2

რუსეთი და ჩრდილოეთი კორეა ხიდის მშენებლობას ამთავრებენ მათ შორის მდებარე საზღვარზე, მდინარე ტუმენზე. ხიდის ამოქმედებით ორ ქვეყანას შორის გაიხსნება პირდაპირი საავტომობილო კავშირი, რაც უწინ არ არსებობდა. უკრაინაში შიშობენ, რომ ეს მნიშვნელოვნად გააფართოვებს სამხედრო თანამშრომლობის შესაძლებლობებს მოსკოვსა და ფხენიანს შორის - ამ ცნობას 28 ივლისს ავრცელებს გამოცემა The Guardian-ი.

ხიდის მშენებლობა დაიწყო 2025 წლის გაზაფხულზე და ამ დროისთვის ის პრაქტიკულად დასრულებულია. ჩრდილოეთმა კორეამ პროექტის თავისი ნაწილი დაამთავრა დათქმულ ვადაში, 19 ივნისამდე, საბაჟო და კარანტინის ობიექტების ჩათვლით. თუმცა რუსეთი "საზღვრის თავის მხარეზე ჩამორჩება" და ამიტომ ხიდის გახსნის თარიღი გადაიდო - იუწყება გამოცემა.

რუსეთის და ჩრდილოეთი კორეის ხელისუფლებები აცხადებენ, რომ ხიდი ემსახურება ვაჭრობის და ტურიზმის გახშირებას. ამ ეტაპზე ქვეყნებს შორის მხოლოდ საჰაერო და სარკინიგზო კავშირი მოქმედებს.

უკრაინული უფლებადამცველი ჯგუფი Truth Hounds ეყრდნობა The Guardian-ს და ვარაუდობს, რომ მთავარი მიზანია სამხედრო ლოგისტიკური დერეფნის შექმნა, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომისთვის. გამოძიების ავტორები ფიქრობენ, რომ საავტომობილო გზების გამოყენებით გაცილებით ადვილია თავის არიდება თანამგზავრის დაკვირვებისთვის, ვიდრე სარკინიგზო და საზღვაო მიმოსვლაში.

2024 წელს ორი ქვეყნის ლიდერებმა, ვლადიმირ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რამაც განამტკიცა მათი საბრძოლო კავშირები. ჩრდილოეთი კორეა რუსეთს აწვდის იარაღს და საბრძოლო მასალებს, 2024 წლის შემოდგომიდან ჩრდილოეთი კორეის 14 000-ზე მეტმა სამხედრომ იომა რუსეთის მხარეს, კურსკის ოლქში, უკრაინის წინააღმდეგ. გავრცელებული ცნობებით, ჩრდილოეთი კორეის სამხედროთა რიგებს მიადგა მნიშვნელოვანი მსხვერპლი.

ამ ეტაპზე ჩრდილოეთი კორეის სამხედროები ფრონტზე არ არიან, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახლახან გამოთქვა ვარაუდი, რომ ფხენიანი ემზადება რუსეთში 30 ჯარისკაცის გასაგზავნად. კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთის გეგმებზე მსჯელობა ზელენსკის საქმე არ არის.

სრულად წაკითხვა