რუსეთი კვლავ მოუწოდებს საქართველოსთან „ნორმალიზებისკენ“ და თბილისის „პრაგმატიზმს“ მიესალმება

2 hours ago 2

რუსეთი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, მაგრამ „მთავარია“, რომ თბილისი არ გახდეს „ვაჭრობის საგანი ანტირუსულ თამაშებში“,  განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, მიხაილ კალუგინმა 16 დეკემბერს „რია ნოვოსტის“.

„ჩვენ ვისწრაფვით საქართველოსთან სტაბილური ურთიერთობებისკენ. თბილისი ჯანსაღ პრაგმატიზმსა და საგარეო საქმეებში მრავალვექტორიანი მიდგომის ტენდენციას ავლენს“, – აღნიშნა მან. „საქართველო არ შეუერთდა ანტირუსული სანქციების კოალიციას და უარყო გარედან თავსმოხვეული უგუნური სცენარი რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნის შესახებ“.

კალუგინმა განაცხადა, რომ საქართველოს პოზიციამ ხელი შეუწყო ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების ზრდას, მათ შორის სავაჭრო ბრუნვისა და ტურისტული ნაკადების ზრდას.

ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას, კალუგინმა აღნიშნა, რომ ბლოკმა ვერ შეძლო საქართველოს ეკონომიკური მოლოდინების დაკმაყოფილება. მისი თქმით, 2014 წელს ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის მიუხედავად, „არავის სურს ქართული საქონლის ევროკავშირის ბაზარზე ნახვა“.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესახებ საუბრისას, კალუგინმა განაცხადა, რომ მათი საგარეო კავშირები „ფორმალურ დიპლომატიურ აღიარებას სცილდება“ და დინამიურად ვითარდება.

მისი თქმით, რუსეთის მხარდაჭერა მოიცავს სოხუმისა და ცხინვალის საერთაშორისო კონტაქტების გაფართოებას და დამატებითი სახელმწიფოების მიერ მათი აღიარების წახალისებას, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის რუსეთის მონაწილეობით შექმნილ ორგანიზაციებში, მათი გაწევრიანების ხელშეწყობას.

კალუგინის განცხადების საპასუხოდ, „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის მთავარ წინაპირობად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარება რჩება.

„რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობები აღდგება იმ შემთხვევაში, თუკი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა იქნება რუსეთის ფედერაციის მხრიდან აღიარებული, ნორმალიზების გზა ეს არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა