WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ნოემბრიდან რძის გადამამუშავებელი ორი ქართული საწარმო რუსეთის ბაზარზე შესვლას შეძლებს. ამასთან, რუსეთი მზად არის, შეამოწმოს თევზისა და ზღვის პროდუქტების ექვსი ქართველი მწარმოებელი, რომელთა პროდუქციის რუსეთში ექსპორტით არიან დაინტერესებული, ამის შესახებ ნათქვამია როსსელხოზნადზორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების თანახმად გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა, თბილისში 20-22 ოქტომბერს ვეტერინარული პროდუქტების რეგულირების სისტემების გაძლიერების საკითხებზე ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) რეგიონული სემინარზე, რომელშიც რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის (როსსელხოზნადზორი) წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

"სემინარის ფარგლებში რუსეთისა და საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოება და მეცხოველეობის პროდუქტებით ორმხრივი ვაჭრობის გაზრდა განიხილეს", - ნათქვამია როსსელხოზნადზორის ინფორმაციაში.

როსსელხოზნადზორი არ აკონკრეტებს რომელ ქართულ კომპანიებზეა საუბარი

"საქართველოს კომპეტენტური უწყებისგან მიღებული მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებდა ამ (რძის რ.თ. ) საწარმოების მიერ წარმოებული კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის (ЕАЭС) მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ გაცემული გარანტიების აღიარებას, ასევე წარმოდგენილი მონაცემების ანალიზის შედეგად, როსსელხოზნადზორმა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის კომპეტენტურ ორგანოებს მიმართა, რათა შეთანხმდეს აღნიშნული საწარმოების მესამე ქვეყნების საწარმოთა რეესტრში შეყვანა.

ამასთან, რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ მზად არის, შეამოწმოს თევზისა და ზღვის პროდუქტების ექვსი ქართველი მწარმოებელი, რომლებსაც საკუთარი პროდუქციის რუსეთში ექსპორტი სურთ. შემოწმებების დროულად ჩატარებისა და დარღვევების არარსებობის შემთხვევაში, აღნიშნული კომპანიების თევზის პროდუქტებს რუსეთის ბაზარზე შეტანის შესაძლებლობა ექნებათ", - ნათქვამია რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის ინფორმაციაში. თუნმცა არაა დასახელებული რძის მწარმოებელ რომელ კომოანიაზე საუბარი.

რა სემინარი გაიმართა თბილისში

თბილისში 20 ოქტომბერს გაიხსნა ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) რეგიონული სემინარი.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით სემინარი ეძღვნებოდა ვეტერინარული პროდუქტების მარეგულირებელი სისტემების გაძლიერებას და ვეტერინარული მედიკამენტების მარეგულირებელი ორგანოს თვითშეფასების ინსტრუმენტის (VMRA-SAT) დანერგვას.

საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცით ღონისძიებას 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელი და საერთაშორისო ექსპერტი ესწრებოდა და სემინარის ფარგლებში, საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები რუმინეთის, რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

"მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს პრაქტიკული გამოცდილება, იმსჯელეს სფეროში არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის მექანიზმებზე. თემატური შეხვედრების ფარგლებში, ევროპაში რეგისტრირებული ვეტერინარული პრეპარატების გამოყენებისა და სამომავლო სავაჭრო პოტენციალის საკითხები განიხილეს", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

რადიო თავისუფლება ცდილობს როსსელხოზნადზორის მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმებას, თითქოს ქართული რძის პროდუქტების მწარმოებელ ორ კომპანის რუსეთის ბაზარზე შესვლის სურვილი აქვს.

მგავსი ინფორმაცია, რომ რუსეთი ქართული რძის საწარმოებს რუსულ ბაზარზე პროდუქტის ექსპორტზე გატანას სთავაზობდა 2022 წელსაც გაავცელეს რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა სახელმიწოფო უწყებებზე დაყრდნობით, თუმცა მაშინ "რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციამ" უარყო რომ ქართული კომპანიები რუსულ ბაზარზე აპირებდნენ საკუთარი პროდუქტების შეტანას.

იმჟამად სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, 2022 წლის მარტში თქვა, რომ "ჩვენ გარკვეულ წილად დამოკიდებული ვართ რძის ნაწარმის იმპორტზე. ჩვენ საწარმოებს არ აქვთ იმდენი რესურსი, რომ მნიშვნელოვნად განვახორციელოთ ექსპორტი სხვადასხვა ბაზარზე. აქედან გამომდინარე, საკითხი აქტუალური არ მგონია, რომ იყოს და აჟიოტაჟი ზედმეტია".

"რძის ნედლეულის მხრივ ისედაც დეფიციტური ქვეყანა ვართ"

"რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი კახაბერ კონიაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საქართველო ისედაც დეფიციტური ქვეყანაა რძის ნედლეულის თვალსაზრისით, "ახლა 30 პროცენტიან დეფიციტი გვაქვს ბაზარზე", - შესაბამისად მას ეჭვი ეპარება, რომელიმე კომპანიას რუსეთის ბაზარზე შესვლის სურვილი და შესაძლებლობა ჰქონდეს.

მისთვის ცნობილი, არაა რომელი ორი კომპანია შეიძლება გამოთქვამდეს სურვილს რუსეთის ბაზარზე რძის პროდუქტების შეტანისა. ამასთან, კონიაშვილის თქმით, ის რომ რომელიმე კომპანიას ნებართვის მიღება სურდეს ავტომატურად არ გულისხმობს მის სურვილს განახორციელოს ექსპორტი რუსეთში.

"ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ყველაფერი რომ მოწესრიგებული იყოს, რძის პროდუქტი, ყველიდან დაწყებული თუ ნებისმიერი სხვა, არის მალფუჭებადი პროდუქტი და ყველა თავს არიდებს დაულაგებელ საბაჟო სისტემასთან და საფინანსო სისტემასთან ურთიერთობას... რაღაც შეიძლება გაპრობლემდეს, რომელიღაც ფუქციონერის გამო რუსეთის საზღვარზე და საბაჟოზე შეიძლება თქვენ მთელი პროდუქცია გაგიფუჭდეთ, ამიტომ ნორმალური და წესიერი დალაგებული კომპანია შესაძლებლობაც რომ ჰქონდეს, ამის გამოც არიდებს ხოლმე თავს ვთქვათ რუსეთში ექსპორტს", - უთხრა რადიო თავისუფლებას რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი კახაბერ კონიაშვილმა.